Accessibility links

logo-print
ეს თემა ძველი ბლოგის ერთი კომენტარის და თანამედროვე ინგლისური ანეგდოტის გამო ავირჩიე. იმ ანეგდოტის თანახმად, ერთი ტინეიჯერი ეუბნება მეორეს: იცოდი, რომ მაკკარტნი ადრე სხვა ჯგუფში უკრავდაო?!
ერთ-ერთ მიზეზი იმისა, რის გამოც მაკკარტნის ყოფილი ჯგუფი ანეგდოტის სამიზნე გახდა, ის არის, რომ უკვე თითქმის 40 წელი გავიდა, რაც ამ ჯგუფმა არსებობა შეწყვიტა. მისი ერთი წევრი 29 წლის წინ გამოასალმეს სიცოცხლეს, მეორე კი 8 წლის წინ გარდაიცვალა.
ამის მიუხედავად, “ბიტლზი” დღესაც ახერხებს თავის ირგვლივ საზოგადოებრივი ყურადღების ისეთ კონცენტრაციას, როგორსაც პოპულარობის პიკზე ყოფნისას იყო მიჩვეული. დაშლის შემდეგ, მგონი, წელი არ ჩაუგდიათ, რომ სამყაროსთვის რამით მაინც არ შეეხსენებინათ თავი. ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს გადასახადის გადამხდელების ფინანსებს სერიოზულ გამოცდას უწყობენ ხოლმე.
ერთი ასეთი მძლავრი შეტევა წელს განახორციელეს. მასმედიის საშუალებით მთელი წლის განმავლობაში ამზადებდნენ საზოგადოებას 9 სექტემბრისთვის. ამ კამპანიაში ჩართული იყო არა მარტო ავტორიტეტიანი მუსიკალური გამოცემები (Q, Mojo, NME, RollingStone), არამედ ყოველკვირეული ჟურნალები (Newsweek, Time…), ყოველდღიური გაზეთები (Times, Daily Telegraph, Guardian და ა.შ. თავიანთი საკვირაო გამოშვებებით) და BBC-ის, როგორც რადიოს სხვადასხვა სამსახურები, ისე ტელევიზიის სხვადასხვა არხები თავიანთი ინტერნეტგამოცემებით. და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ამ საქმეში ჩართული საშუალებებისა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ, რა მასშტაბებს აღწევს ტვინების დამუშავება. შეუძლებელია ამას სადმე დაემალო.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი კეთდება დიდი გემოვნებით: ინტერვიუები მაკკარტნისთან; ის და რინგო ერთად ტელესტუდიაში (რაც, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მოვლენაა); სტატიები აქამდე უცნობი ფაქტებით; ეგზოტიკა - მასალები საბჭოთა ბიტლომანების შესახებ. და, რაც მთავარია, და რაც ყოველთვის მაგიჟებს ხოლმე - ეს ზღვა მასალა ილუსტრირებულია დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტოებით.
მთელი ეს ძალისხმევა კი მიმართული იყო იქითკენ, რომ გადასახადების გადამხდელების გონებაში ჩაბეჭდილიყო: მეორე ათასწლეულის მეცხრე წლის მეცხრე თვის მეცხრე დღეს გასაყიდად გამოვიდოდა “ბიტლზის” ყველა კლასიკური ალბომის ე,წ, რემასტერებული ვერსიები და ვიდეოთამაში The Beatles: Rock Band.
“ბიტლზის” ალბომები კომპაქტდისკებზე 1987 წელს გადაიტანეს, წელს კი - ციფრულად დამუშავების შემდეგ - ისინი უფრო ეპოქის შესაბამისად ჟღერენ. გარდა ამისა, ყოველი დისკისთვის დაიწერა ახალი ანოტაცია; მათ დაურთეს იშვიათი ფოტოები და დოკუმენტური ვიდეოები.
თამაშის მეშვეობით კი პირველად გეძლევათ საშუალება, არა მარტო უსმინოთ და უყუროთ, როგორ ქმნის “ბიტლზი” როკის ისტორიას, არამედ თვითონაც გახდეთ ჯგუფის წევრი. “როკბენდს” კომერციული წარმატება გარანტირებული აქვს: ვიდეოთამაშების მოყვარულთა გარდა, მისით ძალიან დაინტერესდებიან “ბიტლზის” ფანები, რომლებიც ადრე სრულიად გულგრილები იყვნენ მსაგავსი გასართობების მიმართ.
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ 09.09. 09. წარმატებული პროექტი და სერიოზული თანხების აკუმულირების წყაროა. თუმცა, ჯგუფის ორ დარჩენილ წევრს, დიდი პრობლემები ისედაც არ ჰქონდათ. მაკკარტნი ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსის არაოფიციალურ ტიტულს. რინგო სტარი კი მუშაობს ახალ, მე-15 სოლოალბომზე, რომლის ჩაწერაშიც მაკკარტნიც მონაწილეობს. ალბომი გასაყიდად სულ მალე, 10 იანვარს გამოვა.
დაბოლოს, ერთი კურიოზი. ბრიტანელ ტინეიჯერებს შორის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს “ბიტლზის” სიმღერის Eleanor Rigby-ის გმირი რეალური პიროვნება ჰგონია. ვერ გეტყვით, ეს სიმღერის დიდ პოპულარობაზე მეტყველებს თუ ახალგაზრდობის არაინფორმირებულობაზე, მაგრამ ფაქტია: იმავე გამოკითვის კიდევ უფრო მეტ მონაწილეს შერლოკ ჰოლმსიც რეალური პიროვნება ჰგონია. მაგრამ სხვაზე რა მაქვს სათქმელი: ბავშვობაში მეც ძალიან გავოცდი, როცა ერთმა ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, ჩემი საყვარელი ისტორიული პირი იესო ქრისტე არისო.
ალბათ ძალიან გაოცდებოდა ჩერჩილი, ამ გამოკითხვის შედეგები რომ გაეგო. ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: ისწავლეთ ისტორია; ყველა საიდუმლოს გასაღები ისტორიაში ძევსო, ბრიტანელი ტინეიჯერების მეოთხედს გამოგონილი გმირი ჰგონია. ჩერჩილს კიდევ ერთი ინგლისელის სიტყვებით დავამშვიდებდი: „ისტორიის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ისტორიის გაკვეთილი არ არსებობს.“
საინტერესოა, რა სურათს მოგვცემდა ანალოგიური გამოკითხვა საქართველოს ტინეიჯერებს შორის, ჩერჩილის თანამედროვე, სტალინის შესახებ? გამიხარდებოდა, თუ ბავშვები ასეთი ადამიანის რეალურად არსებობას ვერ წარმოიდგენდნენ და მას, ყველაზე მეტი, ძეგლად ჩათვლიდნენ.
დავუბრუნდეთ ისევ იმას, რითაც დავიწყეთ. მიუხედავად “ბიტლზის” უზომო პოპულარობისა, ძალიან ბევრია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ეს ჯგუფი თავისი დროის ისეთივე დონის პოპ-ფენომენია, როგორიც, ვთქვათ, სულ ცოტა ხნის წინ იყო Spice Girls. მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ მშურს მათი, რადგან ჩემზე ახლოს არიან მცნებასთან - ნუ შეიქმნი კერპსო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG