Accessibility links

logo-print

როგორ ვაჭრობენ მამაკაცები და როგორ - ქალები


სუპერმარკეტი შეერთებულ შტატებში

სუპერმარკეტი შეერთებულ შტატებში

ქალი და მამაკაცი სრულიად განსხვავებულად იქცევიან სავაჭრო ცენტრებში. მაგრამ ეს სხვაობა, შესაძლოა, მომდინარეობდეს იმ დროიდან, როცა ადამიანი მონადირეობით და შემგროვებლობით ირჩენდა თავს. მცენარეების შესაგროვებლად ქალებს სრულიად განსხვავებული სტრატეგია ესაჭიროებოდათ, ვიდრე მამაკაცებს. მაღაზიაში ვაჭრობისას ეს სხვაობები იჩენს თავს. ყოველ შემთხვევაში ასეთ თეორიას გვთავაზობენ მეცნიერები "Journal of Social, Evolutionary, & Cultural Psychology"-ში.

დანიელ კრუგერის თეორია ასე ჟღერს: შეგროვებისას ქალები ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ ერთსა და იმავე ადგილებს, სადაც რაღაც იპოვეს. მათ ძალიან კარგად უნდა ცოდნოდათ, როდის არის ესა თუ ის მცენარე მომწიფებული და რამდენ ხანში მოიწევს ის ისევ ნაყოფს.

დაახლოებით მსგავსად იქცევიან დღევანდელი ქალები სავაჭრო ცენტრებში. ქალებს მამაკაცებზე ბევრად უფრო მეტად სჩვევიათ იმის ცოდნა, თუ როდის რა საქონელს სთავაზობს გამყიდველი მუშტარს. ახალ ქალაქში პირველ რიგში სავაჭრო საშუალებების შესწავლით იწყებენ. ამასთან, ისინი ბევრად მეტ დროს უთმობენ ზუსტი ფერის, ზუსტი მოდელის, ზუსტი მასალის შერჩევას.

სულ სხვაგვარად იქცევიან მამაკაცები. როგორც წესი, მათ კონკრეტული ობიექტი აქვთ მხედველობაში. ისინი ამ ობიექტის საყიდლად გამიზნულად შედიან მაღაზიაში, ყიდულობენ მას და ისევ ტოვებენ მაღაზიას. მეცნიერები შენიშნავენ, რომ მონადირეებიც ასე იყვნენ: მათი მიზანი იყო, ცხოველი მიზანში ამოეღოთ, მოეკლათ და რაც შეიძლება სწრაფად მიეტანათ შინ. ცხადია ქცევის ეს მოდელები ყველაზე არ ვრცელდება, ამბობს კრუგერი. მაგრამ, მისი თქმით, ამ თეორიამ შეიძლება ხელი შეგვიწყოს საპირისპირო სქესის უკეთ გაგებაში. „ეს ქცევის დემითოლოგიზაციაში გვეხმარება. აქამდე მამაკაცებს არ ესმოდათ, რატომ ვაჭრობენ ქალები ამგვარად და არა სხვაგვარად,“ ამბობს კრუგერი.


მარტოხელა ადამიანები სხვებსაც გადასცდებენ სიმარტოვეს

ადამიანები, რომლებიც მარტოსულობის გზას ადგანან, თავიანთ სიმარტოვეს გრიპივით გადასცემენ სხვებსაც. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები მას მერე, რაც შეისწავლეს დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში მოპოვებული მონაცემები. გამოკვლევის თანახმად, გადამდები ეფექტი, ერთი მხრივ, იმით არის გამოწვეული, რომ ეს ადამიანები დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლებ კომუნიკაბელურნი ხდებიან, მეორე მხრივ კი, არც სხვა ადამიანები იჩენენ მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას, ვკითხულობთ "Journal of Personality and Social Psychology"-ში.

„აღმოვაჩინეთ გადამდები ეფექტის უჩვეულო მოდელი, რომლის მიხედვითაც ადამიანები სოციალური ქსელის კუთხეებისკენ გადაინაცვლებენ, როგორც კი მარტოსულები ხდებიან“, ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ კასიოპო. „სოციალური ქსელების პერიფერიებზე ადამიანებს ნაკლები მეგობრები ჰყავთ. ასე რომ მათი სიმარტოვე იმას იწვევს, რომ ეს დარჩენილ მცირერიცხოვან კავშირებსაც აკარგვინებს.“

კასიოპომ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მონაცემები ე.წ. „ფრემინგემ ჰარტ სტადიდან“, პროგრამიდან, რომელიც 1948 წლიდან მოყოლებული იკვლევს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადების რისკებს. თავდაპირველად 5200-ზე მეტი ადამიანი იღებდა ამ გამოკვლევაში მონაწილეობას. დღეს მათი რიცხვი 12 ათასს აღწევს. „ფრემინგემ ჰარტ სტადიში“ სიმარტოვისა და დეპრესიების შესახებაც ატარებენ ტესტებს. პროგრამაში მომუშავე მეცნიერები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უკავშირდებიან გამოკვლევის მონაწილეებს და უახლეს ინფორმაციას აგროვებენ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარტოობა ისევე ვრცელდება, როგორც ინფექციური დაავადებები და, ამდენად, მართებულია, გადამდებ ეფექტზე საუბარი. თუკი მარტოობას იმით განვსაზღვრავთ, კვირაში რამდენ დღეს ატარებს ადამიანი თავის უახლოეს ადამიანებთან კონტაქტის გარეშე, მაშინ სოციალური კონტაქტის გარეშე ჩავლილი ყოველი დღე მარტოობისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

ავიღოთ ასეთი მაგალითი. თუკი ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს ორი მარტოხელა ადამიანი და ყოველ ახალ კვირაში ერთით მატულობს იმ დღების რიცხვი, რომლებსაც ისინი სოციალური კონტაქტების გარეშე ატარებენ, მაშინ ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ ისინი ერთმანეთთან კონტაქტსაც უკლებენ.

ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ისაა, რომ მარტოობის გზაზე მყოფი ადამიანები სხვების მიმართ უნდობლად არიან განწყობილი. ამიტომ სულ უფრო ნაკლებად აქვთ უნარი, სხვებთან ურთიერთობები დაამყარონ ან შეინარჩუნონ. მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოებრივი მექანიზმი, რომელიც ადამიანს უბიძგებს, თავი შეიკავოს მარტოსულებთან ურთიერთობისგან. აქაც გვაქვს ანალოგია გადამდებ დაავადებასთან. მარტოსულებთან არავის სურს ურთიერთობა. ამით ეს მარტოსულები კიდევ უფრო მეტად მარტოსულები ხდებიან. ანუ სახეზეა მოჯადოებული წრე.
XS
SM
MD
LG