Accessibility links

logo-print

აფხაზეთში არჩევნებს ”დე ფაქტო” მისია მეთვალყურეობდა


საარჩევნო კომისიის წევრები, სოხუმი, 12 დეკემბერი, 2009 წელი

საარჩევნო კომისიის წევრები, სოხუმი, 12 დეკემბერი, 2009 წელი

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები შენიშნეს დსთ-ს ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან წარგზავნილმა მეთვალყურეებმა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციათა მისიაზე, რომლის დასკვნის მიხედვითაც,”თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის” პირობებში ”საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი” არჩევნები ჩატარდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა აღიარა მეთვალყურეთა საერთაშორისო მისიამაც, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებასაც გეგმავს. თუმცა გაუგებარია, საერთაშორისო მეთვალყურეთა რა მისიაზეა საუბარი.

”არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში... არჩევნები იყო თავისუფალი, გამჭვირვალე და ლეგიტიმური”, - ასე აფასებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო მეთვალყურეთა მისია. ხოლო რაც შეეხება თავად ამ მისიას, მასზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის შემადგენლობაში მუშაობდა 16 მეთვალყურე: ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, სერბიიდან, სლოვაკეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და შვეიცარიიდან. საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, მეთვალყურეთა შორის არიან: ”სხვადასხვა დონის პარლამენტების დეპუტატები, ცნობილი პოლიტოლოგები, სოციოლოგები, პროფესორები და საერთაშორისო სამართლისა და საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტები”. თუმცა სააგენტო მეთვალყურეთა ასეთ ჭრელ წარმომადგენლობასთან მიმართებით არ აკონკრეტებს არც ერთ გვარს, სახელსა თუ რეგალიას. ყოველივე ამის ფონზე ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომელზეც სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვიც ამახვილებს ყურადღებას. ”როდესაც ავტორი ანონიმურია, ეს შეიძლება სოხუმის რომელიმე კაბინეტში დაწერილი დასკვნა იყოს და საღდებოდეს როგორც რაღაც საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა. მინიმუმ ავტორი სჭირდება ნებისმიერ დოკუმენტს, რომ თუნდაც რაიმე სახის ყურადღება მიიპყროს. ასეთი დასკვნები კი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ვერ გახდება ვერავისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრო ბარნოვმა.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი აქვე ამბობს, ხსენებული დასკვნის ავტორთა ვინაობა ცნობილიც რომ იყოს, ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. არჩევნების პროცესის ლეგიტიმაციას, მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციათა მისიები განსაზღვრავენ, როგორიც არის, მაგალითად, ეუთო, ევროკავშირი, გაერო თუ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი. თუმცა იმისთვის, რომ ამ ორგანიზაციათა მისიები გაიგზავნოს რომელიმე ქვეყანაში, ეს ქვეყანა, სულ მცირე, საერთაშორისო დონეზე აღიარებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. შესაბამისად, აფხაზეთის შემთხვევაში, ამ ორგანიზაციების მხრიდან სამეთვალყურეო აქტიურობის გამოვლენა იმთავითვე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო და სწორედ ასეც მოხდა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელს ეკა სირაძე-დელონეს წარმოუდგენლად მიაჩნია ისიც, რომ არალეგიტიმური არჩევნების სამეთვალყურეოდ თუნდაც ერთი წარმომადგენელი ოფიციალურად გაეგზავნა რომელიმე იმ ქვეყანას, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. სირაძე-დელონეს სამეთვალყურეო პროცესში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვაც ეეჭვება. ”არჩევნები იმდენად სერიოზული და პოლიტიკური საკითხია, რომ ნაკლებად წარმომიდგენია, რომელი ორგანიზაცია დაასწრებდა თავის წარმომადგენელს... მაშინ ეს წარმომადგენელი ოფიციალური წარმომადგენელი არ არის, არ აქვს მეთოდოლოგია. უბრალოდ, წავა და დახედავს - არჩევნებმა როგორ ჩაიარა... და ეს იმას ნიშნავს, რომ მის ანგარიშს არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია”, - განუმარტა რადიო თავისუფლებას ეკა სირაძე-დელონემ.

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებზე მეთვალყურეთა სტატუსით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას ეჭვი კიდევ ერთი არითმეტიკული უზუსტობის გამოც შეიძლება დავუკავშიროთ. თუკი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას კომენტარში მოყვანილ მონაცემებს დავაჯამებთ, არასამთავრობო სექტორი 42 მეთვალყურით იყო წარმოდგენილი, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშვიდობისა და თანხმობის ფედერაციის” ხელმძღვანელის გენადი მიხაილოვის ცნობით, მათი რიცხვი 52-ს შეადგენდა. აქვე ვთქვათ, რომ სწორედ მიხაილოვს მიაწერენ საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის ამ პროცესში ჩართვას.
XS
SM
MD
LG