Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტების აღიარებისთვის კრემლი ფულს ხარჯავს


ასეთია კუნძული ნაურუ თვითმფრინავიდან
ასეთია კუნძული ნაურუ თვითმფრინავიდან
რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ მის მაგალითს მისდია ორმა ქვეყანამ. ვენესუელა და ნიკარაგუა მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ კრემლისთვის სულ არაფერს, როგორც ჩანს, ესეც ჯობდა. ახლა მოსკოვის დიპლომატიამ სხვა გზაც მოსინჯა და, გავრცელებული ინფორმაციით, წყნარ ოკეანეში მდებარე მცირე კუნძულ-სახელმწიფოს, ნაურუს, 50 მილიონ დოლარს სთავაზობს, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა კომენტარი სთხოვა რუს ექსპერტს ანდრეი ზაგორსკის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინტიტუტის პროფესორს.

როგორც ზაგორსკი ამბობს, იმით, აღიარა თუ არა რუსეთმა და ერთმა-ორმა სახელმწფომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, ამ წარმონაქმნების რეალური სტატუსი საერთაშორისო სარბიელზე არ იცვლება, რადგან ქვეყანათა უდიდესი უმრავლესობა მათ არ აღიარებს.

ასეა თუ ისე, ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, კირენ კეკე მაინც ჩავიდა ცხივნალში და დე ფაქტო ხელისუფლებას დაპირდა, თქვენი დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს პარლამენტში განვიხილავთო. რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ეს არის მხარდაჭერა, დამოუკიდებლობის აღიარების განხილვაო, უთქვამს კეკეს ცხინვალში.

ამ სიტყვების წარმოთქმისას კეკეს, როგორც ჩანს, მხოლოდ დიპლომატიური მოსაზრებები არ ამოძრავებდა. საქმე ის არის, რომ მისი ქვეყანა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაშია და ქვეყნის მესვეურები, ეტყობა, მზად არიან, ფულის სანაცვლოდ აღიარონ მათთვის სრულიად უცნობი რეგიონების დამოუკიდებლობა.

მთავარი ეკონომიკური პრობლემა ნაურუსთვის ის გახლავთ, რომ ბუნებრივი რესურსი, რომელმაც თავის დროზე ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ლამის უმდიდრეს ქვეყნად აქცია, ამოიწურა. ლაპარაკია ფოსფატზე.

ნაურუს პარლამენტის შენობა
ათწლეულების განმავლობაში ნაურუ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მცირე დამოუკიდებელი ქვეყანა მოსახლეობისა და მიწის ფართობის მიხედვით - ფოსფატით ვაჭრობით ხეირობდა. ფოსფატი კი კუნძულზე მობინადრე უამრავი ფრინველის სკინტლის ქიმიური ცვლილების შედეგად წარმოიქმნებოდა. სკინტლი კუნძულზე დღესაც საკმარისადაა, მაგრამ ფოსფატად მის გარდაქმნას და, შესაბამისად, ეკონომიკის ხელახლა მოღონიერებას ძალიან დიდი დრო ჭირდება. მანამდე კი ნაურუ გარე ინექციებზე დამოკიდებული რჩება და, როგორც ჩანს, რუსეთის წინადადებაზეც ვერ თქვა უარი. მით უმეტეს, რომ 13-ათასიანი მოსახლეობისთვის 50 მილიონი დოლარი მცირე თანხა არ არის.

ამ ეტაპზე, ნაურუ რჩება დამოუკიდებლად, მაგრამ გაკოტრებულმა სახელმწიფომ ჩანს, გაჭირვებაში ეს ნაბიჯი აირჩია. იმის დასტურად, თუ როგორ არ ულხინს ამ ქვეყანას ისიც კმარა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ამ რამდენიმე წლის წინ გაკოტრდა ამ ქვეყნის ერთადერთი საავიაციო კომპანია, რასაც 2005-2006 წლებში თითქმის მთელი წლის განმავლობაში, კუნძულის იზოლაცია მოჰყვა.

ამ ქვეყნის დე იურე სუვერენინეტს პოლიტოლოგები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ამის ნაცვლად ლაპარაკობენ ნაურუს სუზერენიტეტზე, ანუ ურთიერთობის იმ ფორმაზე ორ ქვეყანას შორის, როცა ერთი მეორეს მართავს სამხედრო და საგარეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ნაურუს სუზერენი ავსტრალიაა.

ახლა კი ისევ რუს ექსპერტს მივუბრუნდეთ. ჩემი კოლეგის, ანდრეი შარის შეკითხვაზე, არის თუ არა საერთაშორისო პოლიტიკაში მიღებული ასეთი პრაქტიკა, როცა ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ, ერთი სახელმწიფო მეორეს აღიარებს, ზაგორსკი ამბობს, რომ ასეთი რამ ხდება, ოღონდ გადახდასა და აღიარებას ერთმანეთს უშუალოდ არ უკავშირებენ. ძლიერი სახელმწიფოები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალას და გავლენას და ასე აღწევენ საწადელს. ზაგორსკის აზრით, აქ საკითხი ასე არ დგას, მიღებულია თუ არა ასეთი რამ, არამედ, საერთოდ, რა აზრი აქვს ამას. მისივე თქმით, თუ კრემლმა მიზნად დაისახა, რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც ამ რეგიონებს აღიარებენ, კოსოვოს მცნობი სახელმწიფოების რიცხვს გაუტოლოს, მაშინ ეს გასაგებია. მაგრამ თუ ეს მიზანი არ ჰქონდა, მაშინ ეს არ არის ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი. მით უმეტეს, რომ ასეთ ნაბიჯებს დიდი ხარჯი ახლავს, რაც განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია კრიზისის პირობებში.

ჩვენი კოლეგის შეკითხვაზე, მაინც რატომ ირჩევს რუსეთი ასეთ ტაქტიკას, ანდრეი ზაგორსკი განმარტავს: „შეკითხვაზე „რატომ?“ არის პასუხი: აშკარად ჩანს, რომ კრემლი გრძნობს ზიანს, რომელიც ახლავს ფაქტს, რომ ეს რეგიონები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. განსხვავებული განცხადებების მიუხედავად, რუსეთი ცდილობს, გაზარდოს ასეთი ქვეყნების რიცხვი. მეორე მხრივ, ამას შედეგი არ მოაქვს, რადგან ვხედავთ, რამდენად მცირე რჩება აღიარების დონე. ის ქვეყნებიც, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი, შორს არიან იმისგან, იყვნენ საკვანძო სახელმწიფოები საერთაშორისო სარბიელზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ეფექტიანი გზა, რადგან ეს არაფერს ცვლის და არაფრით ეხმარება იმავე რუსეთის მიზნების განხორციელებას.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG