Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზზე რუსეთის მონოპოლია მთავრდება?


მას შემდეგ, რაც თუქმენეთიდან ჩინეთში მიმავალი ახალი გაზსადენი გაიხსნა, შუა აზიის ბუნებრივ გაზზე რუსეთის მონოპოლია ოფიციალურად დასრულდა. ინაუგურაცია მილსადენისა, რომლის სიგრძე 1900 კილომეტრამდეა, ორშაბათს გაიმართა.

თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი, უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით, ჩინეთის სინიანის რეგიონს მიეწოდება. მილსადენი გახსნეს რეგიონის - ჩინეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის - ლიდერებმა, თურქმენეთის პრეზიდენტის ბერდიმუხამედოვის მასპინძლობით. ბერდიმუხამედოვმა თქვა, ეს მილსადენი იწყებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ახალ ისტორიას, რომელშიც ის ოქროს გვერდად ჩაეწერებაო. ყოველკვირეული გამოცემის „ნავთობის და გაზის მეთვალყურეობის“ რედაქტორმა ჯენიფერ დილეიმ ასე შეაფასა მილსადენი: „მისი უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ეს არის პირველი მაღალი გამტარობის მილსადენი, რომელიც არ გადის რუსეთზე“.

დილეი განმარტავს, რომ თურქმენეთიდან ირანის მიმართულებით გამავალი მილსადენი, მართალია, 1997 წლიდან უკვე არსებობს, მაგრამ მისი გამტარობა - რვა მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში - ჩინეთისას ვერ შეედრება:

„ეს მილსადენი მცირეა იმათთან შედარებით, რომლებიც აკავშირებს თურქმენეთს რუსეთთან, საითკენაც 50, 60,70 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიედინება. ახალი მილსადენის მოცულობა იქნება 30-დან 40 მილიად კუბურ მეტრამდე, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 8 მილიარდი კუბური მეტრი.“

ახალი მილსადენის სამომავლო სრული მოცულობა 40 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, რასაც ის 2012 წელს მიაღწევს. ჩინეთმა და თურქმენეთმა უკვე მოაწერეს ხელი წინასწარ შეთანხმებას მოცულობის გაზრდის შესახებ.

რუსეთთან თურქმენეთის ვაჭრობა გაზის სფეროში ფართოა. „გაზპრომს“ წელიწადში 50-დან 65 მილიარდ კუბურ მეტრამდე აირი გააქვს, რაც რუსეთში მიმავალი შუა აზიის გაზის 90 პროცენტია. მაგრამ რუსეთსა და თურქმენეთს შორის ამ სფეროში ურთიერთობა დაიძაბა აპრილში ერთ-ერთ მილსადენზე აფეთქების შემდეგ. თურქმენეთმა ახალი ბაზრის ძიება დაიწყო. გაზის მიწოდების მოცულობას ეს ქვეყანა გაზრდის ირანთანაც. ამას ემატება ის, რომ ამ ახალი მილსადენით გაზი უზბეკეთიდან და ყაზახეთიდანაც იმოძრავებს. თავის მხრით, ჩინეთის ლიდერმა ჰუ ძინტაომ ყაზახეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ჩინეთს აქვს ინტერესი გააფართოოს შუა აზიის ენერგომატარებლების იმპორტი. დილეი ამბობს, რომ ჩინეთი დიდადაა დაინტერესებული, ენერგორესურსების დივერსიფიკაციით. მისი განმარტებით, ჩინეთს თავისი ეკონომიკის გაზიფიკაცია ძალიან სჭირდება. ის ხსნის, თუ რატომაა მიმზიდველი თურქმენეთიდან გაზის ამ გზით გატანა:

„ერთ-ერთი მთავარი ხიბლი შუა აზიიდან მომავალი მილსადენებისა ისაა, რომ ისინი ხმელეთზეა გაყვანილი. დიდი ნაწილი გაზისა, რომელსაც ჩინეთი ყიდულობდა აქამდე, საზღვაო გზით, ტანკერებით, თხევადი აირის სახით გადაჰქონდათ. ამას ახლავს რისკი, სხვათა შორის, იმიტომ რომ მარშრუტი გადის მალაკის სრუტეზე, სადაც მეკობრეები ბატონობენ. ამისგან განსხვავებით, გაზსადენები თურქმენეთიდან ხმელეთზე გადის და პროგნოზირებაც უფრო იოლია და დაცვაც.“

ახალი მილსადენის გახსნა ბიძგს მისცემს სხვებსაც, უფრო იაქტიურონ შუა აზიის გაზის შესყიდვის საქმეში. „ნაბუკოს“ პროექტი, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, ითვალისწინებს 30 მილიარდზე მეტი კუბური მეტრი გაზის იმპორტს და ორჯერ უფრო გრძელი იქნება, ვიდრე თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენი. მაგრამ შუა აზიის ლიდერები ყოყმანობდნენ ხელი მოეწერათ „ნაბუკოს“ შესახებ ხელშეკრულებაზე. ახლა ახალმა მილსადენმა შეიძლება ისინიც წაახალისოს და „ნაბუკოს“ აქციების ერთ- ერთი მფლობელი, გერმანული „რე-ვე-ეც“, რომელმაც თურქმენეთში ოფისიც კი გახსნა. ჩინეთ-თურქმენეთის მილსადენი შეიძლება იმის დამადასტურებელი მაგალითი გახდეს, რომ რუსეთის გავლით დიდი მოცულობის მილსადენის გაყვანა შესაძლებელია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG