Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო აფხაზეთმა და ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყეს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და წყნარი ოკეანის დასავლეთით მდებარე ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს სოხუმში ხელი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შეთანხმებას მოაწერეს. ეს ფაქტი სერგეი შამბამ ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებად შეაფასა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომლის განცხადებით, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ადამიანი ცხოვრობს ნაურუში, რადგან ეს ქვეყანა გაეროს წევრია. ბაღაფშის თქმით, აღიარების პროცესი გაგრძელდება, დღეს ნაურუ იქნება, ხვალ კი - სხვა ქვეყნები. ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრმა კირიენ კეკემ სოხუმში ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყნის მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობენ. კირიენ კეკე სოხუმამდე იმყოფებოდა ცხინვალში, სადაც განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პარლამენტი სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე ზამთრის სესიაზე იმსჯელებს. ნაურუს ფართობი 21 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მისი მოსახლეობის რიცხვი კი დაახლოებით 15,000ს უტოლდება. ნაურუ 1999 წელს გახდა გაეროს წევრი, როგორც მსოფლიოში ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთმა კუნძული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე ფინანსური დახმარების დაპირებით დაიყოლია.
XS
SM
MD
LG