Accessibility links

logo-print

უგზო-უკვლოდ დაკარგულების საკითხში ეუთო ერთვება?


ერგნეთის ადმინისტრაციული საზღვარი

ერგნეთის ადმინისტრაციული საზღვარი

საქართველო არ ადასტურებს ბორის ჩოჩიევის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სოფელ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა ქართულმა მხარემ ჩაშალა. თბილისში აცხადებენ, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან. ერგნეთის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ეუთოც.

დღეს დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოსურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ 17 დეკემბერს ქართული და ოსური მხარეები ერგნეთის შეხვედრაზე განიხილავენ დაკავებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებს. მისი ინფორმაციით, ეს იქნება ეუთოს ფარგლებში შექმნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სპეციალური ჯგუფის შეხვედრა. ჩოჩიევმა მედიისთვის განცხადება ეუთოს მოქმედ და მომავალ თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ცხინვალში ვიზიტი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლისთვის, ჰრისტოპულოს ჰარალამპოსისთვის ბოლო იყო, რადგან 2010 წლისთვის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ყაზახეთი იქნება და ჰარალამპოსს ამ პოსტზე ყაზახი დიპლომატი ბოლატ ნურგალიევი შეცვლის. ჰარალამპოსის აზრით, მხარეებმა ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად შეხვედრები უნდა გააგრძელონ.

ჰარალამპოსისთვის ბოლო, ბოლატ ნურგალიევისთვის კი ცხინვალში ვიზიტი პირველი იყო, რომელიც ჯერჯერობით კონფლიქტის რეგიონში შექმნილ მდგომარეობას სწავლობს და პრობლემების დაძლევის გზებს ეძებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ეუთო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ეს ორგანიზაცია აგვისტოს ომის შესახებ სიმართლის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა ბერძენი დიპლომატის მუშაობით იგი კმაყოფილია. ოსური მედიისთვის გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩოჩიევი მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხის გასარკვევად.

როგორც ცნობილია, ოსურმა მხარემ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და მის განახლებაზე უარი იმ დრომდე თქვა, ვიდრე ევროპელი მონიტორები და ქართული მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ოსურ მხარეს ინფორმაციას არ მიაწვდიან. ამ საკითხზე მხარეები ეუთოს მიერ შემუშავებული ფორმატის ფარგლებში შეხვდებიან.

17 დეკემბერს საქართველოში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტი დაიწყება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში დაკავებული მოზარდების გამოსაყვანად ჩავა.
XS
SM
MD
LG