Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ეკომიგრანტები დახმარებას ხელისუფლებასაც სთხოვენ


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლევან ცეცხლაძე შუახევის რაიონიდან ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ოჯახთან ერთად ჩასახლდა. ამბობს, რომ დამეწყრილ ზონაში ცხოვრობდა და ძველ საცხოვრებელ ადგილზე დარჩენის შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში დასახლდნენ სურმანიძეებისა და დუმბაძეების ოჯახებიც. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვენ - ამბობენ, რომ სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა მოსაგვარებელია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გოზალიშვილი პრობლემის მოგვარებას არეშფერანში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს უახლოეს დღეებში ჰპირდება. გამგებლის განმარტებით, აჭარიდან ეკომიგრანტების ჩასახლება ლაგოდეხის რაიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად დაეხმარება.

”საქართველოს მთავრობამ თითოეულ ოჯახს მისცა 1000 ლარი, აუნაზღაურა სატრანსპორტო ხარჯები და ამარაგებს ყველა საჭირო საშუალებით - საშენი მასალით, შეშით, ღუმელებით და ა.შ. ვმუშაობთ კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან ერთად და ყველა ოჯახს ელექტროენერგიის პრობლემა უახლოეს დღეებში მოეხსნება”.

ადამიანის უფლებათა კახეთის რეგიონალურ ცენტრში კი აღნიშნავენ, რომ თანხა, რომელსაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად საკმარისი არაა.

”ბოლო წლების განმავლობაში კახეთის რეგიონში ბევრი ოჯახი ჩამოასახლეს, მაგრამ ორმოცდაათ პროცენტზე მეტი უკვე დაუბრუნდა დამეწყრილ აჭარას, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ჩამოჰყავთ მაღალმთიანი რეგიონიდან და ასახლებენ უცხო სოფელში, გარემოში, სადაც არც საძოვარი აქვთ, არც ნაკვეთები, არც არაფერი, შესაბამისად, ისინი ვერ ირჩენენ თავს და იმისათვის, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ, ურჩევნიათ წავიდნენ ისევ იქ, სადაც ნაკვეთიც ჰქონდათ, საქონელსაც უვლიდნენ და ნათესავები მაინც ჰყავთ, რომ ვინმე დაეხმაროთ. ადგილზე ჩამოსახლებული ეკომიგრანტები კახეთში არიან აბსოლუტურად უყურადღებოდ დარჩენილნი”, _ აცხადებს ადამიანის უფლებათა კახეთის რეგიონალური ცენტრის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი.

აჭარის მეწყერსაშიში ზონიდან ლაგოდეხის რაიონში წელს 34 ოჯახი ჩასახლდა.

XS
SM
MD
LG