Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს პროკურატურის ”ახალი ხედვა”


მურთაზ ზოდელავა, საქართველოს მთავარი პროკურორი
მურთაზ ზოდელავა, საქართველოს მთავარი პროკურორი
”პროკურატურის ახალი ხედვა” - ასე ერქვა პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პროკურატურამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა და რომელიც, ძირითადად, პროკურატურაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სისხლის სამართლის პოლიტიკას და ე.წ. “საზოგადოებრივი პროკურატურის” მიმდინარე პროექტს ეხებოდა.

ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი არის კრიმინოგენური ვითარება სახელმწიფოში და ვფიქრობ, რომ ეს ვითარება ბოლო წლებში ისეთია, იმდენად სტაბილური და დადებითი, რომ ჩვენი იმიჯიც შესაბამისია
საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 15 დეკემბერს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროკურატურის „ახალი ხედვის“ პრეზენტაციის დროს რამდენჯერმე ახსენა სიტყვა „გამჭვირვალობა“. თქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ. საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის წარმატებით განხორციელება, რაშიც მხოლოდ მედიასთან უფრო ღია ურთიერთობა არ იგულისხმება. მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ეს სტრუქტურა ბოლომდე გახსნილი ვერასოდეს იქნება და, კანონით მინიჭებული უფლების თანახმად, გარკვეულწილად, ჩაკეტილ ორგანიზაციად დარჩება, თუმცა პოზიტივი ამ მხრივ მაინც შეინიშნება. მისი სიტყვებით, ამის დასტურია რამდენიმე პროკურორი, რომელიც მედიასთან ღიად საუბარს არ ერიდება. ღიაობის დოზები გაიზრდება, - ამბობს ზოდელავა, - თავად სტრუქტურა კი ლიბერალიზაციის გზით წავა. არის თუ არა ამ ცვლილებების მიზანი ის, რომ საზოგადოებაში პროკურატურის შელახული იმიჯი აღდგეს? მურთაზ ზოდელავა გვიპასუხებს:

“სულაც არ მგონია, რომ პროკურატურის იმიჯი რამით არის შელახული. ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი არის კრიმინოგენური ვითარება სახელმწიფოში და ვფიქრობ, რომ ეს ვითარება ბოლო წლებში ისეთია, იმდენად სტაბილური და დადებითი, რომ ჩვენი იმიჯიც შესაბამისია და საზოგადოება თავად ხედავს, რამდენად ეფექტურად მუშაობენ სამართალდამცავი სტრუქტურები. მძიმე დანაშაულმა იკლო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება და შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ გარკვეული სეგმენტების ლიბერალიზაციაზე.”

ერთ-ერთი ასეთი სეგმენტი, სადაც პროკურატურა ლიბერალური გახდება, არასრულწლოვანთა ასაკობრივი ზღვარი იქნება. რამდენიმე წლის წინ სისხლის სამართლის კოდექსში შესულმა ცვლილებამ, რაც არასრულწლოვანთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის 14 -12 წლამდე დაწევას გულისხმობდა, არ იმუშავა. კანონი ძალაში არ შესულა.

პროკურატურაში მიმდინარე პროექტების განხორცილების პროცესში აქტიურად არის ჩართული ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია. მისიის წარმომადგენელი უფროსი პროკურორი სტეინ ვალე ამბობს, რომ საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტების განხორციელება პროკურატურის იმიჯის გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, მისი სიტყვებით, ხალხი დღემდე ფიქრობს, რომ სასამართლოზე პროკურატურას ძლიერი გავლენა აქვს, რასაც არაერთი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს:

სტეინ ვალე, უფროსი პროკურორი,
ნორვეგიის კანონის უზენაესობის
მრჩეველთა მისიის წარმომადგენელი
სტეინ ვალე: ”ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია მხარს უჭერს პროკურატურის საზოგადოებრივი პროექტის განხორციელებას, რადგან ვფიქრობთ, რომ ძალიან რთულია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ნდობის გარეშე. ჩემი მთავარი რეკომენდაცია იქნებოდა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რადგან ხალხი უნდა ხედავდეს ამ გამჭვირვალობას. ამისათვის კი აუცილებელია ურთიერთობის გაუმჯობესება სასამართლოებთან.”

პროკურატურის უახლოეს მიზნებში ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამის დანერგვა შედის. ამ სიახლეს თავად ზოდელავამ რევოლუციური უწოდა - ახალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც:

”ეს გულისხმობს ყველა საქმის ელექტრონული სახით არსებობას და მოძრაობას - საგამოძიებო ორგანოდან პროკურატურაში, პროკურატურიდან სასამართლოში. ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზული რესურსების ეკონომიას და, ამავე დროს, კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას, მეტ გამჭვირვალობას, სტატისტიკური მონაცემების ავტომატურად მიღებას.”

ერთი ხელის მოსმით ამხელა სისტემის რეფორმირება რთული იქნება. ეს პროცესია, რომელიც 2004 წელს წარმატებით დაიწყო და გრძელდება
ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელი სოსო პაპუაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურას დღემდე აქვს სასამართლოზე გავლენის მქონე სტრუქტურის იმიჯი, თუმცა სისტემა იცვლება, რეფორმები მიმდინარეობს და ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებები აღნიშვნის ღირსია:

”ერთი ხელის მოსმით ამხელა სისტემის რეფორმირება რთული იქნება. ეს პროცესია, რომელიც 2004 წელს წარმატებით დაიწყო და გრძელდება და ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრები ეწყობა საზოგადოებასთან, არის მეტი გახსნილობის სურვილი. ეს ფაქტი მისასალმებელია.”

შეხვედრაზე მიწვეული არ ყოფილა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომელსაც სასამართლოსთან ხშირი შეხება აქვს. რადიო თავისუფლებამ მის ხელმძღვანელს მანანა კობახიძესაც ჰკითხა აზრი - რამდენად ეტყობა პროკურატურას განხორციელებული რეფორმები:

”თუ არ გამოვლინდებიან ის პროკურორები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში განზრახ აძლევენ ადამიანებს, მოწმეზე ზეწოლით მოიპოვებენ ჩვენებებს და უშუალოდ მონაწილეობენ პროცესუალური დარღვევებით მტკიცებულებების შეთხზვაში, რაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია... მაგრამ დღეს პროკურორს არავინ სჯის ამისთვის. სასამართლო ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ის არის ჩუმად და პროკურატურა კი სრულიად ხელგახსნილია.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG