Accessibility links

logo-print

საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან უჩივის რუსეთს


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო განცხადება ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკანონო ქმედებების გახშირებასთან დაკავშირებით”. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, შეაჩერონ ”რუსეთის დესტრუქციული ქმედებები”, რომლებიც ბოლო დროს გახშირდა და რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.

განცხადება, რომელსაც პარლამენტში უყარეს კენჭი, ჯერ კიდევ გასული კვირის პარასკევს უნდა მიეღოთ, მაგრამ იმ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა ინიციატივით, ტექსტს დამატებოდა აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებთან დაკავშირებული მუხლი და განცხადების მიღება 15 დეკემბრისთვის გადადებულიყო. ასეც მოხდა. ჩამატებული მუხლი მესამეა განცხადების ტექსტში, რომელიც სამშაბათს დეპუტატებს გააცნო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქავთარაძემ: ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ორგანიზებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მოახდინოს ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაცია, რის შედეგადაც ამ რეგიონებიდან დევნილია მოსახლეობის 70%-ზე მეტი.”

პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში ჩამოთვლილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბოლო დროს გახშირებული დესტრუქციული ქმედებები, ესენია, მაგალითად: ”საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება”; ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ობიექტების ინტენსიური მშენებლობა”; ”ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალების განთავსება”; ”უკანონო სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა” თუ ”საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში რუსული სამხედრო კატარღების შემოყვანა.”

პარლამენტი მიიჩნევს, რომ, საქართველოს გარდა, რუსეთი ევროპის უსაფრთხოებასაც ემუქრება, და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გააქტიურდეს რამდენიმე მიმართულებით, მაგალითად: ”გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა დესტრუქციული ქმედებების შესაჩერებლად”, ”გაგრძელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მტკიცე პოლიტიკა”, ”გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესასრულებლად, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მეთვალყურეთა დასაშვებად” და ”დაიწყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.”

15 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე განცხადების ტექსტის წაკითხვას მოჰყვა მცირე კამათი და ისიც, ძირითადად, შინაარსის ფორმულირებასთან დაკავშირებით. მთავარი პრეტენზია გამოითქვა ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის ნიკოლოზ ლალიაშვილის მიერ, რომლის აზრითაც, პარლამენტმა მსგავსი საპროტესტო განცხადების მიღება დააგვიანა. ”სამწუხაროდ, უმრავლესობის მხრიდან ჩვენ ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, დეკლარირებულ თანხმობას და კონსენსუსს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო დატანილი ფურცელზე... ვერ მივაღწიეთ აქამდე იმას, რომ ერთიანი განცხადების ტექსტი შემუშავებულიყო”, - უთხრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუკი პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებების ქრონიკას გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ 15 დეკემბრის განცხადება მეოთხეა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იმ განცხადებებში, რომლებითაც საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის უკანონო ქმედებებისა და აგრესიის შეჩერების მოწოდებით მიმართავს: პირველი იყო უშუალოდ ომის შემდეგ - 2008 წლის 14 აგვისტოს გაკეთებული მიმართვა, მეორე - 2008 წლის 23 ოქტომბრის განცხადება ”რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტების თაობაზე”; მესამე განცხადება კი საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 16 ივლისს მიიღო ”რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შესვლასთან დაკავშირებით.”

უმრავლესობის წარმომადგენელი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ პარლამენტის ცალკეული კომიტეტებისა თუ კომისიის დონეზე რუსეთის მისამართით მრავალი საპროტესტო განცხადებაა გაკეთებული, ხოლო პარლამეტის სახელით გასაკეთებელ განცხადებებს თავისი დრო და ადგილი აქვს:

”ყველა საკითხი არ ითხოვს განცხადების პარლამენტის დონეზე მიღებას. ამ შემთხვევაში შეჯამებულ იქნა რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული. და რაც მთავარია, აქ აქცენტები დასმულია უკვე იმაზე, რომ საჭიროა უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება და ჩვენ ველოდებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რეჟიმიდან ”რეზოლუცია” უნდა გადავიდნენ რეჟიმზე ”სანქციები”, - უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა მალაშხიამ.

მალაშხიას თქმით, რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საგანგებო განცხადების მიღების შემდეგ, საქართველო უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელის, მაგალითად, ეუთოსგან, ევროკავშირისა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
XS
SM
MD
LG