Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 15 დეკემბერი 2009


”ორგზის გმირი” - ასეთი სათაურით აქვეყნებს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ანალიტიკურ სტატიას ინტერნეტ-გამოცემა - ”ვრემია ნოვოსტეი”. მასში წაიკითხავთ: ”რესპუბლიკაში ბევრი ფიქრობს, რომ სერგეი ბაღაფშის მეორე ვადით პრეზიდენტობისას მნიშვნელოვანი იქნება ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის ზეგავლენა. აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტის საკონსტიტუციო უფლებამოსილება არც იმდენად დიდია, 2005 წელს მისი გაფართოების მიუხედავადაც, რაც სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის კომპრომისის ფარგლებში მოხდა. მაგრამ ბატონი ანქვაბი ცნობილია როგორც ძალიან ენერგიული და ამბიციური პოლიტიკოსი, 60 წლის ბაღაფში კი, ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ასპროცენტიანი ჯანმრთელობით ვერ დაიკვეხნის. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნებში გამარჯვება არის მისი გუნდისთვის განახლებისა და იმ შეცდომების გამოსწორების შანსი, რომლისთვისაც ოპონენტები აკრიტიკებენ”, - წერს ”ვრემია ნოვოსტეი”. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”2004 წელს გალის რაიონის მოსახლეობამ სერგეი ბაღაფშს მისცა ხმა. ამიტომ, როცა ის მიმდინარე წლის ზაფხულში გალელებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას შეეცადა, ოპოზიციამ ეს ინიციატივა იმით ახსნა, რომ პრეზიდენტი მეორე ვადით დარჩენას რესპუბლიკის ქართულენოვანი მოსახლეობის დახმარებით ცდილობდა. გალის რაიონის პასპორტიზაცია შეჩერდა, მაგრამ დაახლოებით 3500-მა ადამიანმა მაინც მოასწრო პასპორტების აღება. ამჯერად მხოლოდ პასპორტით შეიძლებოდა ხმის მიცემა, ამიტომ ამას თეორიულად ძლიერ უნდა შეემცირებინა გალელი ამომრჩევლის რაოდენობა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ რაიონის 14000 მცხოვრები მონაწილეობდა”, - წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნების შესახებ ”ვრემია ნოვოსტეი”.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე ”ვედომოსტი” წერს, რომ ბაღაფშის ”გამარჯვება ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას აფხაზეთის ისტორიაში”. ავტორი წერს, რომ აფხაზეთისთვის სასურველი ”კოსოვოს ვარიანტის” (იგულისხმება ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობის მიერ აღიარება) მიღწევა ”უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა. მოსკოვის მცდელობა, რომ ამის ორგანიზება სატელიტებისა და ლათინოამერიკული რეჟიმების ხარჯზე მოახდინოს, დიპლომატიის იმიტაციაა. გაცილებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის ხელისუფლებისთვის სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების უზრუნველყოფაში დახმარება, რაც მის ტერიტორიაზე საერთაშორისო კომპანიებს, თუნდაც ნახევრად ოფიციალურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას მისცემდა. მნიშვნელოვანია, მოსკოვმა ფსონი დადოს რბილ ძალაზე, მომავალი ეროვნული ელიტის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აღზრდაზე, რაც სამხრეთ ოსეთისთვისაც აქტუალურია”, - წერს ”ვედომოსტი”.

ამავე გაზეთის დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ სათაურს: ”რევანშის მოლოდინში”. ავტორი, რუსეთის სამხედრო უწყების წყაროზე დაყრდნობით, წერს, ”საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წაგებისთვის რევანშის აღება სურს და შეიძლება სამხრეთ ოსეთის ახალგორის (ლენინგორის) რაიონის დაბრუნება სცადოსო”. ”თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამჟამად რაიონში რუსეთის არმიის გაძლიერებული მოტომსროლელი ბრიგადაა დისლოცირებული ტანკებითა და არტილერიით”, - წერს ”ვედომოსტი”. რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი ვიქტორ მურახოვსკი გაზეთის ჟურნალისტს ეუბნება, სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს მცირე შანსი აქვს, ”თანაც, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის არმიის მდგომარეობა სამხრეთ ოსეთში კარდინალურად შეიცვალაო.”

”ნეზავისიმაია გაზეტა” ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მოსალოდნელ ცვლილებაზე და ამასთან დაკავშირებით ცხინვალში ეუთოს მოქმედი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების დიპლომატთა ვიზიტზე წერს. სტატიაში წაიკითხავთ საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობაზე. ავტორი წერს, რომ აგვისტოს ომამდე საქართველოს პრეზიდენტი მოკლე პერიოდის მანძილზე ორჯერ იმყოფებოდა ყაზახეთში და იქ სამშენებლო ბუმით მოხიბლულმა ”სააკაშვილმა პირადი გარანტია მისცა კოლეა ნურსულთან ნაზარბაევს ყაზახური ინვესტიციების დაცვის საკითხში. ომმა სამხრეთ ოსეთში გარკვეული თვალსაზრისით ჩრდილი მიაყენა საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებს, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლამ: პოსტსაბჭოთა სივრცეში ნებისმიერი ინტეგრაციული პროცესების მომხრე და გენერატორი ნაზარბაევი არ მალავდა საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილებას. მიუხედავად ამისა, თბილისი არ მალავს იმედს, რომ, როცა ეუთოს ხელმძღვანელობა მისი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორის ხელში გადავა, კონტროლს მიღმა გასულ ავტონომიებში ვითარება შეიძლება გაუმჯობესდეს”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG