Accessibility links

logo-print
ჩემს ოთახში, ვიდეოკასეტების თაროზე მტვერი სწრაფად გროვდება. თუმცა მტვრის წმენდა დისკომფორტს არ მიქმნის - ვასუფთავებ კასეტას და თან მასზე ჩაწერილ ფილმებს ვიხსენებ.

გუშინწინ, დალაგებისას, ერთი კასეტა ჩვეულებრივზე დიდხანს შემრჩა ხელში.

ლუკინო ვისკონტის ”ლუდვიგი” - ამბავი ბავარიის უკანასკნელ მეფეზე, რომელსაც ფერად-ფერადი სასახლეების მშენებლობა უყვარდა. ვაგნერს მფარველობდა. ბოლოს მარტო დარჩა თავის მოოქროვილ ციხე-სიმაგრეში. მსახურებთან ერთად ორგიების მოწყობით ერთობოდა. დააბეს. ჩაკეტეს... და ბოლოს, მოკლეს კიდეც.

”ლუდვიგზე” ბევრი მიფიქრია და დამიწერია. მაგრამ ამჯერად ამ ძველმა ვიდეოკასეტამ არა იმდენად ფილმი, რამდენადაც ჩემი სტუდენტები გამახსენა - ”გოგი გვახარიას ჯგუფი” (განათლების რეფორმამ ”სახელოსნოებად” დაყოფა გააუქმა, ამიტომ ეს ჩემი უკანასკნელი ჯგუფი იყო)...

”ლუდვიგი”, თუ არ ვცდები, 2004 წლის მიწურულს ვნახეთ. სწორედ მაშინ, როცა საქართველოში სახლების შეღებვა-გადაღებვისა და შადრევნების გახსნის ეპოქა დაიწყო.

”ნაღდი მიშაა რა!”

თქვა ვიღაცამ ვისკონტის ოთხსაათიანი ფილმის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ.

მე - იცით ალბათ, ჰო? - ანალოგიები არ მიყვარს. მაგრამ ამ შედარებამ ცოტა არ იყოს დამაფიქრა; იმ დროს, როცა ოპოზიცია სააკაშვილზე ქილიკს იწყებდა ”ფასადური დემოკრატიის”, წითელ-ყვითელი სახლების, მომღერალი შადრევნების გამო, სულ ”ლუდვიგის” ეს გარჩევა მაგონდებოდა.

არიან მეფეები, რომლებიც ყველაზე კარგად თავს ბავშვების და მოხუცების გარემოცვაში გრძნობენ. არა იმდენად იმიტომ, რომ ადვილია ამ ხალხის მართვა, რამდენადაც უფრო მსგავსი გემოვნების, მსგავსი ვნებების, მსგავსი ოცნებების გამო.

ლუდვიგი სწორედ ასეთი იყო. როცა თავისი ბიძაშვილი, დედოფალი ელისაბედი, კორონაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ ესტუმრა, ბავარიის უკანასკნელმა მეფემ უარი თქვა მის მიღებაზე, თუმცა მსახურებს სთხოვა, შემოიყვანეთ და ჩემი სასახლე დაათვალიერებინეთო.

ვისკონტის ფილმში რომი შნაიდერის გმირი თანხმდება ამ წინადადებაზე. გაივლის უზარმაზარი, მოოქროვილი სასახლის ანფილადებს. შეჩერდება ერთ კედელთან და ისტერიულად იწყებს სიცილს... თან დასცინის ძალაუფლების ოქროში ჩაძირულ ბიძაშვილს და თან, თანაუგრძნობს მას. ფილმის სცენარში, ამ ეპიზოდს ვისკონტის რემარკა ერთვოდა. ფრანგულად დაწერილი:

”С’est trop”…ანუ ”ეს მეტისმეტია”.

გაუგებარია, რა იყო ვისკონტისთვის მეტისმეტი. ელისაბედის ისტერიკა თუ ლუდვიგის სურვილი - თვალისმომჭრელი ფერებით, შუქურის ზომის, გრანდიოზული სანთლებით მოერთო თავისი ქვეყანა, რომელიც ყველა ბრძოლაში დამარცხდა?

ხალხის დასაიმედებლად თუ მოსატყუებლად? იქნებ საკუთარი თავის მოსატყუებლად?

ლუდვიგის ტრაგედია გარკვეული თვალსაზრისით უნივერსალურიცაა... რა, ზვიად გამსახურდია არ იყო ასე?

არ გახსოვთ ”უკრაინამ გვცნო”?

ჩემს მეგობარს, ფიქრია ლებანიძეს უთხრა მაშინ ვიღაცამ, ზვიადი ისეთი მაგარია, ნათურას შეხედავს და ჩააქრობსო. არასდროს დამავიწყდება ფიქრიას პასუხი - მაგარი თუა, არ უნდა ჩააქროს. მაგარი თუა, უფრო ძლიერ უნდა გაანათოსო.

ნახეთ ახლა რა ხდება? გაიარეთ რუსთაველზე და შეხედეთ, როგორ განათდა ქალაქი გრანდიოზული ჭაღებით. რუსთაველზე კი არა, ოპერაში გეგონებათ თავი.

პრეზიდენტის იდეაა? ქალაქის მერის? ან, იქნებ, მერიის კულტურის სამსახურის რომელიღაც ჩინოვნიკის, რომელმაც ამსტერდამში (!) იმოგზაურა, იხილა ჭაღებით გაფორმებული ქალაქის ცენტრი და საახალწლოდ, ჩვენი დედაქალაქის მორთვა გადაწყვიტა... როგორც ჩვენი მემაწვნე, დეიდა მაგული ამბობს ”ლიუსტრებში”?

რა მნიშვნელობა აქვს, ვისი იდეაა? ეს ჭაღები საყოველთაო ”ლუდვიგიზაციის”, პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო საქართველოში.

ლუდვიგის კარიკატურიზაციის პროცესის.

ყველაფერი წარსულის ჯინაზე!

იყო მეტისმეტი სიბნელე. გვექნება მეტისმეტი სინათლე.

იყო მეტისმეტი ქაოსი. გვექნება ”მეტისმეტი სახელმწიფო”.

და არ უნდა ამას დისკუსია. მსჯელობა. გემოვნებაზე კამათი. ითქვა და შესრულდება! ისე უნდა განათდეს, რომ ამის შემხედვარე, ქვეყნის მტერ-მოყვარემ ერთნაირად შესძახოს: ”რა სიმდიდრეა საქართველოში!” (”კლეოპატრა” რომ უჩვენეს პირველად თბილისში, ასე იყო ზუსტად. ხალხი კინოში ”სიმდიდრის” სანახავად დადიოდა)

თვალის დახუჭვა მოგინდება. უფრო მეტიც, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ვერ გაძვრები ამ ვეებერთელა ჭაღების ქვეშ - თავი მოგძვრება! მერე რა?

მთავარია, რომ ბავშვებს უხარიათ. შეიძლება მოხუცებსაც. და, რაც მთავარია, უხარია იმას, ვინც დარწმუნებულია, რომ ”სახელმწიფო შედგა”!

ჩვენ კი ვიძახოთ ”С’est trop”, ”С’est trop” სანამ არ მოგვბეზრდება. ქართველმა მარგინალიზებულმა ესთეტებმა ვერ შეიგნეს, რომ მათ ბჟუტურს მაინც არავინ მოისმენს. იწუწუნონ ცუდ გემოვნებაზე, სანამ არ დაიღლებიან. ”წერეთლის ოქრო”, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დაამშვენებს საქართველოს დედაქალაქის მთავარ მოედანს.

ლუდვიგსაც ასე დასცინოდნენ. ცუდ გემოვნებაში სდებდნენ ბრალს. მაგრამ დღეს მთვარეული მეფის სახე ტურისტული ბიზნესის მთავარი ”ატრიბუტია” ბავარიაში.

არა. არაა ეს ლუდვიგი! ბავარიის მეფემ ვაგნერით დაიწყო და ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა სასახლეებით დაამთავრა. გაგიჟდა! მაგრამ მის სიგიჟეში არ იყო ის, რაც ნელ-ნელა, სულ უფრო აშკარად იმკვიდრებს ადგილს ქართულ პოლიტიკურ-კულტურულ რეალობაში - მეშჩანობა! განსაკუთრებით სწორედ საახალწლოდ რომ გამოვლინდება ხოლმე.

შარშან, კახუჩელას მიერ დამღერებულ ”პაჩკა-პაჩკა დოლარებში”. წელს, რუსთაველზე ჩამოკიდებულ გრანდიოზულ ჭაღებში.

ნუთუ ესეც კანონზომიერებაა? ნუთუ ძალაუფლების ვნება ყოველთვის მეშჩანობაში გადაიზრდება და ყოველთვის შექმნის იმის ილუზიას, რომ ”რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქროა”?

უნივერსალური ამბავია?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG