Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების იმედს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტს უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ერთხელ უკვე დაარღვია თომას ჰამარბერგისთვის მიცემული დაპირება მოზარდების 10 დღეში გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს კომისარი საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოვა და, წინასწარი ინფორმაციით, მალევე ეწვევა ცხინვალს. 16 დეკემბერს კი ვითარებაში გასარკვევად ცხინვალში თბილისიდან ქართველების სამკაციანი ჯგუფი ჩავიდა.

16 დეკემბერს თბილისიდან ცხინვალში ჩასულ ჯგუფს წარმოადგენენ კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენელი მანანა მებუკე და ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, თუმცა მათ ადამიანის უფლებების დამცველებად მოიხსენიებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო. დე ფაქტო სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ თბილისიდან ჩასული დელეგაცია დე ფაქტო ომბუდსმენს დავით სანაკოევს, დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

თბილისიდან ცხინვალში ჩასული ჯგუფის წარმომადგენლებთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ მოახერხა. თუმცა, ისევ ოსური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ზაქარეიშვილმა, კომახიძემ და მებუკემ უკვე მოინახულეს ორი ტირძნისელი მოზარდი - 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური, რომლებიც ცხინვალის რეჟიმს ჯერ კიდევ 12 დეკემბერს უნდა გაეთავისუფლებინა.

სწორედ 12 დეკემბერს ამოიწურა 10-დღიანი ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო ცხინვალის რეჟიმის მიერ ევროსაჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის მიცემულ დაპირებაში. განცხადება თომას ჰამარბერგმა 2 დეკემბერს ერგნეთში გვიან საღამოს გააკეთა, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საზღვარზე იმ დღეს გათავისუფლებული კიდევ ორი ტირძნისელი მოზარდი - 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ასევე 14 წლის ალეკო ცაბაძე - გადმოიყვანა.

თუმცა ჰამარბერგისთვის მიცემული დაპირება სათანადოდ მტკიცე რომ არ იყო, ეს აშკარად გამოჩნდა განცხადებიდან, რომელიც 3 დეკემბერს, საღამოს, სატელევიზიო გამოსვლისას გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა. აშკარა იყო, რომ კოკოითის რეჟიმმა არასაკმარისად მიიჩნია ოსი ეროვნების ხუთი პირის გათავისუფლება, რაც წინა დღეებში თომას ჰამარბერგის ჩარევით მოხერხდა. ჩოჩიევმა პირდაპირ თქვა, რომ ჰამარბერგისთვის მიცემულ ვადაში ქართულმა მხარემ ოსი ეროვნების 40 პირის გამოშვებაზე უნდა იფიქროს. მათ შორის არიან მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები. ქართული მხარისთვის კი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ამგვარი წინადადება მიუღებელია.

ჩოჩიევის 3 დეკემბრის განცხადების შემდეგ გასაკვირი, ალბათ, არც იყო, რომ ცხინვალის რეჟიმს ტირძნისელი მოზარდები 12 დეკემბერს არ გაუთავისუფლებია. ხოლო იმის გამო, რომ კოკოითის რეჟიმი დაკავებულებთან მიმართებით კვლავაც ძალაში ტოვებს შემოთავაზებას - გაიცვალოს ”ყველა ყველაზე”, ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რამდენად გამართლდება იმედი, რომ 17 დეკემბერს ცხინვალში ჩასული თომას ჰამარბერგი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებას შეძლებს. ასევე გაურკვეველია იქვე დაკავებული მესამე მოზარდის, გიორგი არჩვაძის, საკითხიც. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხინვალში ამჟამად 14 ქართველია დაკავებული.

დაკავებულების გათავისუფლებას ვერც ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური ჯგუფი ახერხებს. ეუთოს საგანგებო წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტოპულოსი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს კონფიდენციალურ საწყისებზე მოქმედი ჯგუფის არსებობას, თუმცა უარყოფს ცხინვალის ხელისუფლების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 17 დეკემბერს ქართული მხარის უარის გამო ვერ შედგება.

”ეს არის სპეციალური ჯგუფი, სრულიად არაფორმალური ჯგუფი, რომელშიც შედიან ორივე მხარისა და ეუთოს წარმომადგენლები და რომელიც რეგულარულად მართავს შეხვედრებს და განიხილავს დაკარგული და დაკავებული ადამიანების პრობლემებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს საკითხები მეტად მნიშვნელოვანია ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობისთვის. ჩვენ კარგად გვესმის დაკარგულთა და დაკავებულთა ოჯახების განცდები. ვცდილობთ მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ თითოეული შეთანხმება დაფუძნებული უნდა იყოს კონფიდენციალობასა და ორივე მხარის თანხმობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი სპეციალური ჯგუფის მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. იყო კონსულტაციები მხარეებთან შეხვედრის სავარაუდო დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ ამ დრომდე შეთანხმება ვერ მოხერხდა”, - უთხრა 15 დეკემბერს ხარლამპოს ხრისტოპულოსმა რადიო თავისუფლებას.

ხრისტოპულოსი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ღვაწლს დაკავებულთა გათავისუფლების საქმეში, თუმცა თომას ჰამარბერგი, არასათანადო აქტიურობის გამო არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე - მათ შორის, ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების შემდეგაც, მაგალითად, დეპუტატ გია თორთლაძის მხრიდან. მიუხედავად ამისა, დანარჩენი მოზარდების გათავისუფლების იმედი, როგორც ვთქვით, ამ დრომდე მხოლოდ თომას ჰამარბერგს უკავშირდება. ის საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოვა. მანამდე კი ევროსაბჭოს კომისარი 15 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს მოსკოვში შეხვდა. კრემლის საგარეო უწყების ვებ-გვერდი იუწყება, რომ საუბარი ქართული და ოსური მხარეების მიერ დაკავებული პირების ურთიერთგადაცემის აუცილებლობასაც შეეხო.
XS
SM
MD
LG