Accessibility links

logo-print

რატომ არ ჩქარობს ნაურუ სამხრეთ ოსეთის ცნობას


ნაურუს პარლამენტის შენობა

ნაურუს პარლამენტის შენობა

სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ ხელშეკრულებას. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის თქმით, ნაურუმ, ფაქტობრივად, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. რა მოხდა სინამდვილეში, რას ფიქრობენ ნაურუსთან - მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოსთან - დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაზე ცხინვალში, სოხუმში, თბილისსა და მოსკოვში?

რესპუბლიკა ნაურუს საგაერო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა კირენ კეკემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მათ მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ და ასევე ცნობენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თუმცა საქართველოში სეპარატისტული რეგიონის მორიგ ცნობას ერთგვარი სიმშვიდით შეხვდნენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა „უბრალოდ, სასაცილო ფაქტია“:

„ეს სახელმწიფოც კი არაა. იქ, დაახლოებით, 14 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თანაც, ასეთი რამ პირველად არ გაუკეთებიათ. ტაივანის ცნობაში 130 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, ახლა კი იგივეს გაკეთება 50 მილიონადაც შეიძლება... ასე რომ, რუსეთი ტყუილად იხარჯება. ვენესუელასაც 2 მილიარდი მისცეს, ეკვადორს 200 მილიონს შეჰპირდნენ. ეს რუსეთის პრობლემაა და არა საქართველოსი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გადაწყვეტილია, რუსეთმა კი თავად გადაწყვიტოს, ვისთან სურს ურთიერთობა: ჰამასთან, ვენესუელასთან და ეგრეთ წოდებულ ქვეყნებთან, თუ დიდ რვიანთან, გაეროსთან და ევროკავშირთან“, უთხრა მალაშხიამ რადიო თავისუფლებას.

ნაურუ კი, ეგრეთ წოდებული „ჯუჯა სახელმწიფო“, დედამიწის ზურგზე ყველაზე პატარა სახელმწიფოდ ითვლება. ოკეანეთში მდებარე ეს კუნძული-სახელმწიფო ამჟამად მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება და თავს, ძირითადად, ავსტრალიიდან მიღებული დახმარებით ირჩენს. ნაურუ, ვიდრე კუნძულზე ფოსფორიტების მარაგი ამოიწურებოდა, ერთ-ერთ მდიდარ ქვეყნად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა სავალალოა. ნაურუს მიერ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას არც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მიიჩნევს სერიოზული განსჯის საგნად.

თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. აფხაზეთის ცნობის შემდეგ, კოკოითის ხელისუფლებაც ელოდება ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას. საქმე ისაა, რომ ორიოდე დღის წინ ნაურუს სამთავრობო დელეგაცია ცხინვალშიც იმყოფებოდა. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იური ძიცოითმა:

„ვვარაუდობ, რომ აღიარებას მოჰყვება ყველაფერი დანარჩენი -დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება და სხვა. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობს. სიმართლე რომ გითხრათ, ველით აღიარებას, სულ ცოტა, სამ თვეში.“

ძიცოითი ამბობს, რომ ყველა ნაბიჯი წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით იდგმება, თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაურუს მესვეურებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობის საკითხები შეგნებულად - მეტი სარგებლის მიღების მიზნით - დააშორეს ერთმანეთს. ასე ფიქრობს რუსი ისტორიკოსი და პოლიტიკის ექსპერტი დმიტრი შუშურინი:

„ამაზე მეც ბევრი ვიცინე. ალბათ, ეს, ერთი მხრივ, პროცედურის, ლეგიტიმურობის საკითხია: აფხაზეთში ჩატარდა არჩევნები, რომელიც არ ცნო ამერიკამ და ევროკავშირმა, მაგრამ, სამაგიეროდ, ცნო ნაურუმ. ეს ერთი მხარეა. მეორე მხრივ, ნაურუ და მისი მსგავსი სახელმწიფოები ხვდებიან, თუ ვისთან აქვთ საქმე, კრემლის სახით, და მეტი სარგებლის ნახვას ცდილობენ. ცხადია, უფრო მეტს მიიღებენ, თუ დამოუკიდებლობის ცნობას ცალ-ცალკე და არა ბითუმად გაყიდიან. თუ მოსკოვის მხრიდან ტარდება უგუნური პოლიტიკა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის ინტერესებთან, რატომ არ ისარგებლოს ამით ვინმემ?“

რუსეთის ამგვარი პოლიტიკით, ალბათ, ნაურუს მეზობელი ქვეყნებიც მოითბობენ ხელს. ყოველ შემთხვევაში, კირენ კეკე, ნაურუს საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, აცხადებს, რომ სხვებსაც მოუწოდებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებისაკენ. საერთაშორისო ურთიერთობათა რუსი ექსპერტი ანდრეი ზაგორსკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის ფინანსურ წახალისებას.
XS
SM
MD
LG