Accessibility links

logo-print
”რეზონანსი” წერს, რომ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს მთავრობა და ოპოზიცია თავიანთ სასარგებლოდ ”ასაღებენ”. ავტორი ამის საჩვენებლად წერს: ” ‘ალიანსი’, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ მერობის არჩევნებში მათ ლიდერს, ირაკლი ალასანიას, ამომრჩეველთა 61% უჭერს მხარს. პარალელურად რეიტინგებს აქვეყნებს მმართველი გუნდი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, მმართველი გუნდის ფავორიტის, გიგი უგულავას, რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიასი კი 13%-ია.” ”რეზონანსის” კორეპონდენტს რამაზ საყვარელიძემ განუცხადა, ”როდესაც ასეთ კარდინალურად განსხვავებულ რეიტინგებს ეხება საქმე, საჭიროა მესამე მხარის შემოყვანა და ბევრი პარალელური კვლევა, რომელიც არ იქნება რომელიმე კონკრეტული ძალის დაკვეთით, რომ შედარებისთვის რაიმე მაგალითიც არსებობდესო.”

”ვერსიის” პირველ გვერდზე ნახავთ სათაურს: ”თინა ხიდაშელი დუმილს არღვევს”. ვრცელ ინტერვიუში ჟურნალისტი ეუბნება რესპონდენტს, რომ ირაკლი ალასანია, ”ბევრის აზრით, სააკაშვილთან შეკრულია” და ”ამბობენ, პრაიმერში არმონაწილეობით „ალიანსი“ ხელისუფლების თამაშს თამაშობსო”. ხიდაშელის პასუხი: ”პრაიმერია ხელისუფლების თამაში. ამაზე სულელური იდეა არ მსმენია. ინიციატორებმა ერთ კითხვაზე მიპასუხონ: როგორ უზრუნველყოფენ, რომ პრაიმერზე მარტო ოპოზიციური ამომრჩეველი მოვიდეს და ”ნაციონალების” ამომრჩევლებმა არ შემოხაზონ ყველაზე სუსტი კანდიდატი? ვინმეს თუ უნდა ამ თამაშში ჩართვა, აგერ, ბატონო, ბურთი და მოედანი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სპექტაკლში მონაწილეობას”, - ამბობს თინა ხიდაშელი. მასთან ინტერვიუს ”ვერსია” აქვეყნებს. ამავე გაზეთში წაიკითხავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” კიდევ ერთ წარმომადგენელ - ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრ ზაზა გოგსაძესთან, რომელიც ჰყვება, როგორ შეიჭრნენ მის ოჯახში პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები: ”საქმე, ალბათ, უფრო პოლიტიკური კუთხით დაშინებასთან გვაქვს. სხვა ვერსიები ნამდვილად არ მაქვს”, - ამბობს გოგსაძე.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე მერაბ ბერძენიშვილის მიმართვა ქვეყნდება, სადაც ის ქუთაისში ”გამარჯვების მემორიალის” დანგრევის შესახებ წერს: ”ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩნდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება. მათ არც კი იციან, რა დაამტვრიეს, მათ არც კი იციან ამ ძეგლს - მემორიალს - რა მხატვრული შეფასება აქვს და რა რეზონანსი. მათ არც კი იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს” - ეს იყო ნაწყვეტი მერაბ ბერძენიშვილის მიმართვიდან, რომელიც ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე ქვეყნდება.

”24 საათი” ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს სთხოვს შეფასებას. გოგოლაშვილი ამბობს, რომ ”საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს“.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავას „ღორის გრიპის“ გავრცელების შესახებ ეკითხება: ”ჯერჯერობით ამ რიცხვამდე არ მივსულვართ, თუმცა ძალიან ახლოს ვართ. საკმაოდ სწრაფად იზრდება რიცხვი”, - ამბობს ცანავა და მაღალი რისკის ჯგუფებს მოუწოდებს დროულად მიმართონ ექიმს.
XS
SM
MD
LG