Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 ქართველს პოლონეთიდან დეპორტაცია ემუქრება


ლეგნიცის მატარებლის მგზავრები
ლეგნიცის მატარებლის მგზავრები
22 ქართველს, რომლებიც დანარჩენ 200-მდე თავშესაფრის მაძიებელთან ერთად პოლონეთ-გერმანიის საზღვარზე მატარებელში დააკავა პოლონეთის პოლიციამ, სამშობლოში დეპორტაცია ემუქრება. მათი განცხადებით, ისინი სტრასბურგში ჩასვლას და მძიმე პირობებში ცხოვრების გამო ჩივილს აპირებდნენ. დაკავებულები დახურული ტიპის ბანაკში გაანაწილეს და პოლონეთის მთავრობა მათ ბედს უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.

როდესაც 15 დეკემბერს მატარებელმა პოლონეთის ქალაქ ლეგნიციდან სტარტი აიღო, მასში 200-მდე უბილეთო მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 22 ქართველი. ოფიციალური ცნობით, ყველა ეს ადამიანი პოლონეთში თავშესაფრის მაძიებელი იყო, ცხოვრობდნენ ლტოლვილთა თავშესაფრებში და, შესაბამისად, არც ერთ მათგანს ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა. მატარებელს პოლიციამ პოლონეთ-გერმანიის საზღვრამდე - კერძოდ კი, ქალაქ ჟგოჟელეცამდე - ჩასვლა აცალა და უბილეთო და უსაბუთო ადამიანებთან მოლაპარაკების გამართვა სწორედ იქ დაიწყო. პოლიციას მათ განუცხადეს, რომ სტრასბურგში ჩასვლას გეგმავდნენ - ამ ვოიაჟის მიზანი კი მათივე სიტყვებით, თავშესაფარში გაუსაძლისი პირობების გამო სტრასბურგში ჩივილი იყო, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძეც გვიდასტურებს.

შემდეგ ამბავი ასე განვითარდა: ”მატარებელი მათი მიზეზით გაჩერდა იმის გამო, რომ უბილეთოები იყვნენ და მოსთხოვეს, დაეტოვებინათ მატარებელი, მაგრამ მათ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადეს. მატარებელმა სვლა ვეღარ გააგრძელა. ამის შემდეგ დაიწყეს მათთან მოლაპარაკების გამართვა და დარწმუნება, რომ მიეცათ ბილეთიანი მგზავრებისათვის ნორმალურად მგზავრობის საშუალება.”

პოლიციამ ყველა უბილეთო მგზავრი მატარებლიდან ჩამოიყვანა და, როგორც გიორგი ტაბატაძე გვეუბნება, სხვადასხვა დახურული ტიპის ბანაკებში გადაანაწილა, საიდანაც, სავარაუდოდ, მათი დეპორტაცია მოხდება საკუთარ ქვეყნებში. ქართველების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის. საკონსულო სამსახურს მათ სახელებსა და გვარებს მას შემდეგ გადასცემენ, რაც მათი დეპორტაციის საკითხი დადგება: ”ბოლო ინფორმაციით, ჩვენი მოქალაქეები საზღვართან ახლოს მდებარე დახურულ ბანაკში არიან მოთავსებულნი.”

კანონით, იმ ადამიანების ანონიმურობას, რომლებიც სხვადასხვა მოტივაციით პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, მიმღები ქვეყანა საქმის შესწავლის დასრულებამდე იცავს. საქართველოს შესაბამის საგარეო სტრუქტურას მათ შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საბოლოო პასუხის შემდეგ აწვდიან.

პოლონეთის კანონმდებლობით, თავშესაფრის საძიებლად ჩასულ ადამიანს დროებით საბუთს აძლევენ, რომლითაც ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გადაადგილდებიან, მაგრამ არა სხვა ქვეყანაში. თუმცა რეალობა ასეთია: ”თავშესაფრის მაძიებლების საქმეების შესწავლის პერიოდი პოლონეთში 6-დან 12 თვემდე გრძელდება. ამ პერიოდში ახერხებენ არალეგალურად მუშაობას და თანხის მოგროვებას, ან გადასვლას სხვა ქვეყანაში, სადაც ფიქრობენ, რომ უკეთესი პირობები შეექმნებათ მუშაობისათვის და ამ კუთხით იყენებენ პოლონეთს ტრანზიტულ ქვეყნად.”

22 ქართველის ბედი ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა მათ, სავარაუდოდ, სხვების მსგავსად, დეპორტაცია ემუქრებათ. საკონსულო დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ პოლონეთი დროზე ადრე შეწყვეტს მათი საქმეების განხილვას, თუმცა, როგორც გიორგი ტაბატაძე გვეუბნება, ამ ადამიანების ბედი მაინც პოლონეთის მთავრობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

საინტერესო სტატისტიკაა: 2009 წლის ზაფხულის მონაცემებით, მხოლოდ პოლონეთში დაახლოებით 3000-დან 4500-მდე საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. ეს მონაცემი, 2001-2008 წლებთან შედარებით, ათჯერ მეტია. ამ ტენდენციას თავისი მიზეზი აქვს: ”პოლონეთი, როგორც ცნობილია, შევიდა სენგენის ზონაში და ეს ფაქტი, რომ საზღვრები გახსნილია, მეტად მიმზიდველია არალეგალური მიგრაციისათვის. თანაც, პოლონეთი ესაზღვრება ისეთ ქვეყნებს, სადაც ჩვენს მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ - ბელორუსიას და უკრაინას.”

როგორც წესი, ევროკავშირის ქვეყნები არ იძლევიან ცნობებს, თუ ვის მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს, შესაძლოა, მხოლოდ ზოგად ციფრებში გამოიხატოს, ისიც - იშვითად, გვეუბნება გიორგი ტაბატაძე.

„ადამიანის ჰარმონიული განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა კი ამბობს, რომ ეკონომიკური მოტივაციით თავშესაფრის მაძიებლებს ლტოლვილის სტატუსის მიღების მინიმალური შანსი აქვთ: ”ის, რომ თავშესაფრის მაძიებლებიდან თითქმის ყველა ეკონომიკური დევნილია, ეს ყველამ იცის და იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც მიმართავენ. ამიტომ ისინი ვერ მიიღებენ ასე ადვილად ლტოლვილის სტატუსს. მაშინ მთელი აფრიკა, ინდოეთი, ავღანეთი და მსგავსი ქვეყნების მოქალაქეები ადგებიან და მასიურად წავლენ. ამიტომ არ არსებობს ასეთი კანონი - არ ეხმარება ევროპა, ამერიკა და კანადა ყველას.”

პოლონეთში დაკავებული 22 ქართველის განზრახვას ეჩივლათ სტრასბურგში, ნანა ნაზაროვა გულიბრყვილობად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მათი ეს ნაბიჯი გერმანიაში და იქიდან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გადასვლის მცდელობას უფრო ჰგავს. შესაძლოა, ეს იმ დამღლელი პროცედურების მობეზრებამ გამოიწვია, რაც თავშესაფრის მაძიებლების საქმეების შესწავლას ახლავს თან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG