Accessibility links

logo-print

აპატურაის განცხადებით, ნატო არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას


ნატოს პრეს-მდივანმა ჯეიმს აპატურაიმ ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. „ნატოს გენერალური მდივნისა და ყველა ნატოელი მოკავშირის პოზიცია არის ის, რომ არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასეა გაეროს თითქმის ყველა წევრი ქვეყნისთვის და ნატო არასოდეს დათმობს პოზიციას იმ საკითხში, თუ სად გადის საქართველოს საზღვრები“, განაცხადა აპატურაიმ. თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, თითქოს ნატოს არ შეეძლოს რუსეთთან თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, „რომლებშიც ამას აზრი აქვს“. ამავე ინტერვიუში აპატურაიმ დაადასტურა, რომ ნატოს პოზიცია არ შეცვლილა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან მიმართებით: „ნატოელი მოკავშირეები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან, როცა სტანდარტებს შეასრულებენ, თუ ამის სურვილი ექნებათ. ეს არ შეცვლილა. მაგრამ ახლა ისინი არ არიან ახლოს სტანდარტების შესრულებასთან,“ განაცხადა აპატურაიმ.
XS
SM
MD
LG