Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლეგ ორლოვი: რუსეთს ევროკავშირის დახმარება სჭირდება


სახაროვის 2009 წლის პრემიის ლაურეატები: ოლეგ ორლოვი (მარცხნივ), ლუდმილა ალექსეევა (ცენტრში) და სერგეი კოვალიოვი.
სახაროვის 2009 წლის პრემიის ლაურეატები: ოლეგ ორლოვი (მარცხნივ), ლუდმილა ალექსეევა (ცენტრში) და სერგეი კოვალიოვი.
ევროპის პარლამენტმა ოთხშაბათს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თავისი ყოველწლიური პრემია რუსულ ჯგუფ „მემორიალს“ გადასცა - ორგანიზაციას, რომელიც თავისი ერთ-ერთი წევრის - ჩეჩნეთში ახლახან მოკლული ნატალია ესტემიროვას - მკვლელობის გამოძიებისთვის იბრძვის. ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“ – სრულად ასე ეწოდება ჯილდოს, რომელიც ცნობილი საბჭოთა ფიზიკოსისა და უფლებადამცველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის სახელს ატარებს.

ევროპის პარლამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში თავისი მთავარი პრემია წელს რუსულ ჯგუფ „მემორიალს“ გადასცა და ჯგუფის სამი წევრი პირადად დაასახელა - დამფუძნებელი სერგეი კოვალიოვი, დირექტორი ოლეგ ორლოვი და მკვლევარი ლუდმილა ალექსეევა.

„მემორიალი“ რუსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აღრიცხავს როგორც დღევანდელ დღეს, ისე წარსულში - საბჭოთა კავშირსა და ახლა უკვე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში.
სტრასბურგში ოთხშაბათს გამართული ცერემონია დაემთხვა პერიოდს, როდესაც „მემორიალი“სიმართლის დადგენას ცდილობს ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევრის, ნატალია ესტემიროვას, ახლახან ჩეჩნეთში მკვლელობის ირგვლივ.
პრემიის გადაცემისას ევროპის პარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა ესტემიროვას ხსოვნას პატივი მიაგო და თქვა, რომ 2009 წლის სახაროვის პრემია რუსეთში მოღვაწე სხვა უფლებადამცველების ღვაწლის აღნიშვნასაც წარმოადგენს:

„ამ პრემიის გადაცემით ჩვენ, ევროპის პარლამენტის წევრები, პატივს მივაგებთ მათ, ვინც ჩვენ შორისაა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ პატივს მივაგებთ მათაც, ვინც ამ მამაცურ ბრძოლაში დაიღუპა. ნატალია ესტემიროვა დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო.“

„მემორიალის“ მხრიდან სიტყვა კოვალიოვმა წარმოთქვა. მან ევროპელ კანონმდებლებს უთხრა, რომ უფლებადამცველებს რუსეთში დღეს „დრამატული ბრძოლა“ უწევთ - ბრძოლა, რომელიც ხშირად ტრაგიკულად მთავრდება:

„ეს პრემია, წესით, დაღუპულებს ეკუთვნით - და პირველი სახელი, რომელიც უნდა დავასახელო, ნატალია ესტემიროვაა, „მემორიალის“ თანამშრომელი, რომელიც წელს, ზაფხულში, ჩეჩნეთში მოკლეს. არ შემიძლია არ ვახსენო სხვა სახელებიც: ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, ჟურნალისტები ანა პოლიტკოვსკაია და ანასტასია ბაბუროვა, რომლებიც მოსკოვში მოკლეს; ეთნოლოგი ნიკოლაი გირიენკო, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მოკლეს; დაღესტანში მოკლული ფარიდა ბაბაევა და კიდევ ბევრი სხვა “, - განაცხადა „მემორიალის“ დამფუძნებელმა.

ივლისში, ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ, „მემორიალმა“ ჩეჩნეთში მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ოთხშაბათს ორლოვმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩეჩნეთში მუშაობას „სრულად“ განააახლებს.

ორლოვის თქმით, „მემორიალი“ ამ პრემიას ევროკავშირის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

ორლოვმა ევროკავშირს რუსეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაცების და უფლებადამცველი ჯუფების წერილები გადასცა, კონკრეტულ საკითხებზე დახმარების თხოვნით. ძირითადი თხოვნა, მისი თქმით, ის არის, რომ ევროკავშირმა კრემლთან წარმოებული მოლაპარაკებისას ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი მნიშვნელობით გაუტოლოს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და უშიშროების თემებს.

ორლოვის თქმით, რუსი უფლებადამცველები ევროსაბჭოსაც მიმართავენ და სთხოვენ რუსეთს მოუწოდოს შეცვალოს სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ისეთი კანონები, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ალექსეევამ გამოთქვა იმედი, რომ ამ პრემიის მიღება მემორიალის აქტივისტებს ახალ საფრთხეებს არ შეუქმნის რუსეთში მუშაობისას - იქნება ეს კრიმინალების მიერ მათი გატაცება ან მოკვლა თუ ადგილობრივი პოლიციის მიერ მათი დევნა ან დაპატიმრება.

სახაროვის სახელობის პრემიის მიღება, რაც „მემორიალის“ რეპუტაციას მნიშვნელოვნად ზრდის, დაემთხვა პერიოდს, როცა ორლოვს ცილისწამებაში ედება ბრალი ჩეჩნეთის პრეზიდენტის, კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამზან კადიროვის, ხშირი კრიტიკისთვის.

ზაფხულში ორლოვმა კადიროვს ესტემიროვას მკვლელობაში მონაწილეობაში დასდო ბრალი. ესტემიროვა 15 ივლისს გროზნოდან გაიტაცეს და იმავე დღეს მეზობელ ინგუშეთში იპოვეს მოკლული.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა უარყო ორლოვის მხრიდან კადიროვის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება - მას „პრიმიტიული“ უწოდა. ოქტომბერში მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ ორლოვი და „მემორიალი“ ჩეჩნეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ცილისწამებაში ცნო დამნაშავედ. ორგანიზაციას კადიროვისთვის დაახლოებით 2,350 დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა თავად კადიროვი ბევრად დიდ თანხას - 340,000 დოლარს -ითხოვდა.

„მემორიალმა“ განაჩენი გაასაჩივრა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილება მოითხოვა. ამჟამად ორგანიზაცია კვლავ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG