Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ეგორ გაიდარი, რუსეთის საბაზრო რეფორმის არქიტექტორი


გარდაიცვალა რუსი ეკონომისტი ეგორ გაიდარი - პირი, რომელიც ხელმძღვანელობდა პოსტსაბჭოთა პერიოდში ეკონომიკის სფეროში გატარებული რეფორმების პირველ ტალღას. რეფორმებს, რომლებიც პრეზიდენტ ელცინის დროს განხორციელდა, „შოკური თერაპია“ ეწოდა. ეს რეფორმები უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო საბჭოთა, დაგეგმილი ეკონომიკის შესაცვლელად, თუმცა რუსეთის ბევრი მოქალაქე გაიდარს მათი დანაზოგების დაკარგვაში ადანაშაულებს.

ეგორ გაიდარი ოთხშაბათს დილით გარდაიცვალა, თრომბის მოწყვეტის შედეგად. ის 53 წლის იყო. ბოლო პერიოდში გაიდარი მოსკოვის შემოგარენში ცხოვრობდა და წიგნზე მუშაობდა.

ადრეულ - 1990-იან - წლებში ის რუსეთში პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ახალგაზრდა ასაკის გამო პარლამენტს ის ამ თანამდებობაზე არ დაუმტკიცებია.

მისი გადაწყვეტილება, მოეხსნა ფასებზე სახელმწიფო კონტროლი, საბჭოთა პერიოდის ცენტრალიზებული, დაგეგმილი ეკონომიკის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამ ნაბიჯმა მაღაზიების დაცარიელებულ დახლებზე საკვები დააბრუნა და, შესაბამისად, მასშტაბური კრიზისი აცილებულ იქნა. მაგრამ ამ პროცესების შედეგად განვითარებულმა მაღალმა ინფლაციამ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობას წლების მანძილზე დაგროვილი დანაზოგი დაუკარგა და, შესაბამისად, მათ თვალში გაიდარი არაპოპულარულ ფიგურად იქცა.

გაიდარი და მისი პარტნიორი რეფორმატორები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიყვანა, რეფორმების სწრაფად გატარებას უჭერდნენ მხარს, სანამ პოლიტიკური წინააღმდეგობა გაჩნდებოდა და რეფორმებს შეაფერხებდა.

გაიდარი რუსეთის მასობრივ და საკამათო პრივატიზაციის პროგრამასაც ხელმძღვანელობდა - პროცესს, როდესაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ობიექეტები კერძო მფლობელებს გადაეცათ. მაგრამ რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის წლის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში გაიდარმა აღიარა, რომ მას პრივატიზაციის განხორციელება პარლამენტის გადაწყვეტილებისგან განსხვავებულად სურდა:

„ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ მაინც ჯობდა პრივატიზაცია მოგვეხდინა თუნდაც არასრულყოფილი კანონმდებლობის პირობებში, თუ ეს კანონმდებლობა საღ აზრს ცოტათი მაინც ეფუძნებოდა, - ასე, შედეგად, საკუთრება ადრე თუ გვიან იმ პირების ხელში აღმოჩნდებოდა, ვისაც მისი განკარგვა საუკეთესოდ შეეძლო, - ვიდრე გვქონოდა აბსოლუტურად ქაოტური პრივატიზაცია, რომლის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა და რომელიც ჩატარდებოდა გამოსყიდვის უფლებით არენდის შესახებ კანონის თანახმადო“, - უთხრა გაიდარმა რადიო თავისუფლებას.

გაიდარი რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად.

1994 წელს, მთავრობის დატოვების შემდეგ, ის ეკონომიკის სფეროში მომუშავე ანალიტიკურ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში და მოღვაწეობა აკადემიაში განაგრძო. 1999-იდან 2004 წლამდე პარლამენტის წევრი და მემარჯვენე ძალების გაერთიანების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამ გაერთიანების წევრებს შორის ელცინის პერიოდის რამდენიმე წამყვანი რეფორმატორი იყო.

ეკონომისტმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ევგენი იასინმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა 1990-იანი წლების ეკონომიკურ რეფორმებში, რადიო „ეხო მოსკვისთან“ საუბარში გაიდარის სიკვდილს „დიდი დანაკლისი“ უწოდა:

„ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო - იმისათვის, რომ ქვეყანას დაეძლია კოლაფსისკენ მიმავალი დაღმასვლა, რთული გადაწყვეტილებები იყო მისაღები. ძალიან რთული. გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ეს გააკეთა - ეს ადამიანი გაიდარი იყო.“

ავტორიტარულმა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეკონომიკაზე სახელმწიფოს კონტროლი დიდწილად აღადგინა. ის კრიტიკულად აფასებდა 1990-იანი წლების რეფორმებს - ამ პერიოდს უწოდებდა „ქაოსს“, როდესაც კრემლთან დაახლოებულმა რამდენიმე ბიზნესმენმა უზარმაზარი ქონების მოპარვა შეძლო.

ეგორ გაიდარი პუტინის პოლიტიკას დროდადრო აკრიტიკებდა, მაგრამ ის არასოდეს შეერთებია კრემლის ხმამაღალი კრიტიკით ცნობილ ყოფილი რეფორმატორების ჯგუფს.

გაიდარი ცნობილი ინტელექტუალების ოჯახს წარმოადგენდა. მისი პაპა, არკადი, საბავშვო წიგნების პოპულარული ავტორი იყო. გაიდარის ქალიშვილი ახლახან გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე როგორც ლიბერალი აქტივისტი, რომელიც კრემლის წინააღმდეგ პროტესტის გამო ცოტა ხნით დააპატიმრეს.

2006 წელს - ლონდონში რუსეთის უშიშროების ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლით სიკვდილიდან ძალიან მალე - გაიდარი ირლანდიაში მოგზაურობისას ავად გახდა. გაიდარმა მიიჩნია, რომ ისიც მოწამლეს და ამაში „რუსეთის მტრებს“ ადანაშაულებდა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG