Accessibility links

logo-print

ქართველი ექსპერტები ედუარდ კოკოითის ტყვეების საკითხზე შეხვდნენ


ტირძნისელი ბავშვები მათი მეგობრების გათავისუფლებას მოითხოვენ

ტირძნისელი ბავშვები მათი მეგობრების გათავისუფლებას მოითხოვენ

17 დეკემბერს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი კიდევ ერთხელ ეწვევა, რათა ედუარდ კოკოითის ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების პირობა შეახსენოს. ოთხშაბათს ტყვეების გათავისუფლების თაობაზე ცხინვალში ქართული არასამთავრობო სექტორის სამკაციანი ჯგუფი პირველად ჩავიდა, მას შემდეგ, რაც შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ ცენტრსა და სეპარატისტულ რეგიონს შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენელი მანანა მებუკე და ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ცხინვალში 16 დეკემბერს დილით ჩავიდნენ.

როგორც მანანა მებუკემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ოსი კოლეგების დახმარებით მათ შეძლეს მოენახულებინათ ცხინვალის ციხეში მყოფი ორი ტირძნისელი მოზარდი - 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური. მათ ცხინვალის სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისინი 4 ნოემბრიდან იმყოფებიან საპატიმროში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საზღვრის უკანონო დარღვევისა და საბრძოლო მასალის გადატანის ბრალდებით.

“ამოვიდნენ, გავესაუბრეთ“, - გვითხრა მანანა მებუკემ. „რომ შევხედეთ, იყვნენ სუფთად ჩაცმულები. შევეკითხეთ, აქვთ თუ არა საშუალება, რომ მიიღონ აბაზანა და როგორი პირობები აქვთ. ძალიან მოწყენილები არიან და თქვეს, რომ ძალიან გვენატრება ჩვენი მშობლები და ძალიან მალე გვინდაო სახლში დაბრუნება.”

მაგრამ მოზარდებს ჯერჯერობით ვერავინ ჰპირდება მალე გათავისუფლებას. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს, ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული რამდენიმე ახალგაზრდის გათავისუფლებას, რომელთა მშობლებს აქვთ ინფორმაცია, რომ მათი შვილები ტყვეობაში, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მშობლებთან შეხვედრა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს დე-ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმა და ოსმა კოლეგებმა სთხოვეს.

“ოსური მხრიდან რამდენიმე ახალგზრდა უგზო-უკვლოდ დაკარგულია“, თქვა ზაქარეიშვილმა. „მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს ახალგარდები არიან ქართული ძალოვანი უწყებების კონტროლის ქვეშ ანდა მათ ვინაობას უმალავენ. მათ აქვთ გავლენა დღევანდელ დე ფაქტო ოსურ ხელისუფლებაზე და არ აძლევენ დანარჩენი ორი ქართველი ახალგაზრდის გათავისუფლების საშუალებას. მათ ჩათვალეს, რომ ჩვენი იქ ჩასვლა დამატებით ღონისძიება იქნებოდა იმისათვის, რომ დაგვეჯერებინა, რომ არ აერიათ ერთამენთში მათი შვილებისა და ამ აბსოლუტურად უდანაშაულო ორი მოზარდის ბედი.”

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სწორედ ციხეში მყოფი ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლება იყო თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის მთავარი საკითხი, რომელიც 16 დეკემბერს ცხინვალში გაიმართა.

“არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ მიგვიღია კატეგორიული უარი. ეს თამამად შეიძლება ითქვას. თუმცა, არც პრინციპული თანხმობა არ მიგვიღია. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა შეხვედრიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ნეიტრალური პასუხები – არც უარი და არც თანხმობა, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ როდესაც იქ ხვალ ჩავა თომას ჰამარბერგი, იქნებ ეს საკითხები ორი-სამი დღის განმავლობაში გადაწყდეს უფრო დადებითად.”

ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი, გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალს ხუთშაბათს ეწვევა. თუმცა, მოახერხებს თუ არა ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებას ჰამარბერგი, ძნელი სათქმელია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ევროპელ უფლებათადამცველს ჯერ კიდევ 3 დეკემბერს დაჰპირდა, რომ ცხინვალში ტყვეობაში მყოფ 17 წლის ლევან ხმიადაშვილსა და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკურს 12 დეკემბერს გაათავისუფლებდა.
XS
SM
MD
LG