Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსი დედები ქართველ დედებს თანადგომას სთხოვენ


თბილისში დაბრუნებულმა მანანა მებუკემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ - რომ არა ცხინვალში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველის დავით სანაკოევის დახმარება, ისინი ორ ტირძნისელ არასრულწლოვანს ვერ მოინახულებდნენ ცხინვალის ციხეში. მანან მებუკემ ისიც დასძინა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თავად ისურვა თბილისიდან ჩასულებთან შეხვედრა. თუმცა, შეხვედრის ბოლოს კოკოითი არასრულწლოვნების გათავისუფლებას არც დაჰპირდა და არც უარი უთქვამს. მანანა მებუკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალინ დიდია შვილდაკარგული ოსი დედების ზემოქმედება ცხინვალის საზოგადოებაზე და ამიტომ მათთან შეხვედრის დროს დედები ძალიან აგრესიულები იყვნენ თბილისიდან ჩასულების მიმართ. ოს დედებს აინტერესებთ, რატომ არ დგანან მათ გვერდით ის ქართველი დედები, რომელთა შვილებიც ასევე დაკარგულებად ითვლებიან. ცხინვალში შეხვედრაზე მისული დედები ითხოვენ, რომ ქართულმა მხარემ მისცეს ინფორმაცია მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების ადგილსამყოფელის შესახებ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილები თბილისში ჰყავთ დაკავებული. მებუკე დაჰპირდა დედებს, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარება მათი დაკარგული შვილების ადგილსამყოფელს დადგენაში. ტირძნისელი მოზარდების ნახვის მიზნით გუშინ, 16 დეკემბერს ცხინვალში ქართული არასამთავრობო სექტორის სამკაციანი ჯგუფი პირველად ჩავიდა. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენელი მანანა მებუკე და ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ცხინვალში დილით ჩავიდნენ და საღამოს დაბრუნდნენ. მხოლოდ ვახტანგ კომახიძე დარჩა და დღეს დილით დაბრუნდა ცხინვალიდან. როგორც ჟურნალისტმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, იგი ამზადებს ფილმს ცხინვალში ვიზიტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG