Accessibility links

აფხაზეთში პაციენტების მატებას ადასტურებენ, H1N1-ს უარყოფენ


ოკუპირებულ აფხაზეთში H1N1-ის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინია გამოცხადებული. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დახურულია სკოლები, ბაღები და სხვა დაწესებულებები. ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში H1N1 ვირუსის გამო სავალალო მდგომარეობაა. „აფხაზეთიდან ზუგდიდის სამედიცინო ცენრებს ორი დღის მონაცემებით უკვე ასამდე აფხაზეთში მაცხოვრებელმა მიმართა. აქედან 40 ბავშვია. ჩვენ ვიცით, რომ მათ მედიკამენტებიც არ აქვთ“, - ამბობს დალილა ხორავა.

რადიო თავისუფლება ვითარებაში გასარკვევად ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონის სოფლების ოტობაიასა და თაგილონის სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სკოლაში მოსწავლეთა დასწრება მაღალია და არც პანიკის საფუძველი არსებობს.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ნონა თარბაია. მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში საავადმყოფოში პაციენტებმა იმატა, რის გამოც ნაბაკევის სკოლაში და ბაღში კარანტინი გამოცხადდა. ჩვენს კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში აქვთ თუ არა ანტივირუსული მედიკამენტების საკმარისი მარაგი, ნონა თარბაია პასუხობს, რომ მედიკამენტებით სოხუმმა და ორგანიზაციამ „World Vision“-მა მოამარაგა საავადმყოფო. „მედიკამენტების ნაკლებობას არ ვუჩივით. რაც შეეხება პაციენტების მომართვის მატებას, ეს უბრალოდ რესპირატორული დაავადებების მატებამ განაპირობა. ჯერჯერობით H1N1 ვირუსით ინფიცირება ჩვენთან არ დაფიქსირებულა.“

ოკუპირებულ სოფელ ნაბაკევის საავადმყოფოს მთავარი ექიმისგან განსხვავებით, გალის სამედიცინო ცენტრის დირექტორი გიორგი შონია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ქალაქში კარანტინი არ გამოუცხადებიათ და არც ამის აუცილებლობას ხედავენ. „გალში კარანტინის გამოცხადების საფუძველი არ გვაქვს, რადგან აქ რესპირატორული დაავადებების მატებაც კი არ აღინიშნება. თუმცა ყოველმხრივ მზად ვართ ღორის გრიპის გავრცელების შემთხვევაში“, - გვიხსნის გალელი ექიმი.

თავის მხრივ, აფხაზეთის დევნილი მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა აფხაზ თანამემამულეებს მედიკამენტებით მომარაგებას სთავაზობს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანთა ჯანმრთელობა არის უპირველესი, ხოლო პოლიტიკა - მეორეხარისხოვანი.


XS
SM
MD
LG