Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 დეკემბერი 2009


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ. ”შეწყალების კომისიის გვერდის ავლით კიდევ ერთი შეწყალება მზადდებაო”, - წერს გაზეთი. ”რეზონანსის” ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, მაგრამ სამთავრობო წრეებში ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილი კიდევ ერთ გრანდიოზულ შეწყალებას გეგმავს შობა-ახალი წლისთვისო. ეს შეწყალება, თუ ის განხორციელდა, კანონდარღვევა იქნება, რადგან მთავარი პრინციპი ისაა, რომ პრეზიდენტი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებს უნდა დაეყრდნოს, კომისიას კი რეკომენდაცია არ დაუწერია, რადგან პრეზიდენტს მათთვის არ მიუმართავსო”, - წერს ”რეზონანსი”.

”ალია” „ღორის გრიპის“ თემას უბრუნდება და მიმოიხილავს ევროპულ პრესაში გავრცელებულ პუბლიკაციებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორუფციულ გარიგებებსა და პანიკის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. ”დიახ, საქართველოში უკვე ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპვის შემთხვევები კიდევ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება საშიში”, - წერს გაზეთი და ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ”სეზონური გრიპისგან საქართველოში ყოველწლიურად 25-27 ადამიანი იღუპება. გრიპის ნახევარი სეზონი უკვე გასულია. დასკვნები თავად გააკეთეთ.”

დღევანდელი გაზეთები კი ყველაზე მეტს მაინც კვლავინდებურებად თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე წერენ. ამის შესახებ რამდენიმე სტატიას, სხვადასხვა ფორმით, თითქმის ყველა გაზეთში ნახავთ. ”ყველა სიახლე” პირველ გვერდს განათებულ რუსთაველს უძღვნის, რომელსაც სწორედ მომავალ არჩევნებს უკავშირებს. ”იდეოლოგიური შტურმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სანახაობაა, რომელიც მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს, რეალობას აშორებს და ილუზიების ტყვეობაში ამყოფებს”, - წერს ”ყველა სიახლე” სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე”.

”ახალი თაობა” წერს, ირაკლი ალასანია პრაიმერში მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებს. შესაბამისად, თუ პრაიმერი მაინც ჩატარდა, მასში გამოვლინდება, ზვიად ძიძიგური უფრო ძლიერია თუ კობა დავითაშვილიო. გაზეთი იმასაც წერს, პრაიმერის იდეის ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიციის შიგნით ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება -”კიდევ უფრო” იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, რესპუბლიკელებსა და კონსერვატორებს შორის თბილი დამოკიდებულება არ არის, ამაზე კი ორივე პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები მეტყველებსო.

ერთ-ერთ მსგავს განცხადებას დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს. აქ ნახავთ ინტერვიუს კონსერვატორების ლიდერ კახა კუკავასთან. შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ შეინარჩუნა ოპოზიციამ ერთიანობა, ის პასუხობს: ”ეს რესპუბლიკელებს უნდა ჰკითხოთ, პირველი ისინი გამოეყვნენ ოპოზიციას და შემდეგ ამას დომინოს პრინციპი მოჰყვაო”.

ამავე გაზეთში ნახავთ სტატიას, რომელშიც მერობის ოპოზიციონერი კანდიდატების შანსებზეა ლაპარაკი. აზრი სათაურშივეა შეჯამებული: ”თბილისის ძიძობა უნდათ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფრჩხილებზე ლაქის წასმა იციან”. სტატიას ”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ.


  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG