Accessibility links

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 12-დან 14 წლამდე იზრდება. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით დგამს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის აღნიშნული ინიციატივის საწინააღმდეგო პრაქტიკულად არავის აქვს, მაინც გაჩნდა შეფასებები, რომელთა თaნახმად, სამართლებრივი ლიბერალიზაციის რეფორმას პოლიტიკური შეფერილობა აქვს.

კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანების მიმართ სასჯელთა შეკრების წესის ჰუმანიზაციას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ შევიდა. ცვლილებების პაკეტით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წლამდე გაიზრდება და, შესაბამისად, გარკვეულ ცვლილებებს დაექვამდებარება ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო რეგულაცია. აქამდე, 2007 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ისეთი მძიმე დანაშაულებებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა, შეიარაღებული თავდასხმა და იარაღის უკანონო მფლობელობა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 12 წელი იყო. ცვლილების აუცილებლობა 2007 წელს, ოფიციალური განმარტებების თანახმად, განპირობებული იყო 12-14 წლის ასაკის არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვრის დაწევა მაშინ დანაშაულის მიმართ გამკაცრებული, არატოლერანტული დამოკიდებულების კამპანიის ნაწილი იყო, ახლა კი ზღვრის აწევა სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის კურსის პირველ ნაბიჯად განიხილება.

”ბოლო წლების განმავლობაში გატარებულმა მკაცრმა სისხლის სამართლებრივმა პოლიტიკამ გამოიღო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. კრიმინოგენური ვითარება იქნა დასტაბილურებული, მოხდა გარდატეხა ამ მიმართულებით. ვინაიდან მოხდა ამგვარი შედეგების მიღწევა, შესაძლებელია უკვე ვიფიქროთ გარკვეული სეგმენტების ლიბერალიზაციაზე, რაც ბუნებრივია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს სეგმენტი ჯერჯერობით არის არასრულწლოვნები და საზოგადოების მხრიდანაც არსებობს ამგვარი მოთხოვნა და ჩვენც ვთვლით, რომ კარგი იქნება, თუკი არასრულწლოვნებს მივცემთ შანსს ხელმეორედ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.”

საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას - უფრო კი ხელისუფლების - გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. უკანასკნელ ხანს წამოწყებული ყველა რეფორმის მიღმა ისინი მმართველი პარტიის მერკანტილურ მოსაზრებებს კითხულობენ და ცვლილებებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

”მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ამ კანონმა თავისი ფუნქცია შეასრულა სამი წლის განმავლობაში და მცირეწლოვნებს შორის დანაშაულის რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მე მგონი, საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს არის ყურით მოთრეული მიზეზი და, სინამდვილეში, სულ სხვა რამ განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიცია შეცვალა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამას განაპირობებს ის, რომ არჩევნებისთვის ემზადება ხელისუფლება.”

”ალიანსი საქართველოსთვის ” წევრის, მემარჯვენე მანანა ნაჭყებიას არგუმენტებზე ხელისუფლების წარმომადგენელთა ძირითადი კონტრარგუმენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ის, რომ, სამი წლის წინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკობრივი ზღვრის 14-დან 12 წლამდე დაწევის მიუხედავად, კანონის ნორმა პრაქტიკულად ძალაში არ შესულა, რადგან, დათქმის თანახმად, არასრულწლოვან პატიმრებს სასჯელი ცალკე დაწესებულებაში უნდა მოეხადათ. ასეთი დაწესებულება კი არ აშენებულა.

სამი წლის წინ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვრის 14-დან 12 წლამდე დაწევის ცვლილებამ კანონის ძალა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ხმაურიანი აქციების ფონზე მიიღო. დისკუსიებში მონიტორინგისა და რეკომენდაციების სახით ჩართული იყო საერთაშორისო უფლებადამცავი არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებით, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირებით, საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა - ასეთი იყო მაშინდელი ზოგადი შეფასება. შესაბამისად, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებში დაბრუნება ახლა უკვე პოზიტიურ ცვლილებად განიხილება.

”ცვლილებებს მივესალმებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაყენებთ საკითხს: რატომ მივიღეთ თავიდანვე და რატომ არის რეფორმად წოდებული ცვლილება, რომელიც თავიდანვე არასწორად იყო მიღებული? რა შეიძლება ითქვას? - კარგია. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ ამით არ იხსნება მთელი რიგი პრობლემები, რაც კანონმდებლობაში არის. გაჟღერდა და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით იმას, მაგალითად, რომ გადაიხედოს სასჯელთა შეკრების რეჟიმი, რომელიც დღეს არსებობს, როცა ავტომატურად ემატება, რამდენიმე დანაშაულის შემთხვევაში, სასჯელები ერთმანეთს”, - ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე და იმედოვნებს, რომ ექსპერტთა მოსაზრებებს ხელისუფლება სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში უყურადღებოდ არ დატოვებს.


XS
SM
MD
LG