Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურ მდივანს ავღანეთში რუსეთის დახმარების იმედი აქვს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ავღანეთში დახმარების გაწევის თაობაზე რუსეთისგან პოზიტიური სიგნალები იყო - თუმცა ჯერჯერობით მას კონკრეტული დაპირებები არ მიუღია. რასმუსენი ამ განცხადებით მოსკოვში, სამდღიანი ვიზიტის ბოლოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა. ოთხშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს უთხრა, რომ ნატოში მიმდინარე კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობა რუსეთის ინტერესებში შედის, ვინაიდან ავღანეთში მარცხი მთელ რეგიონში გაზრდის ტერორიზმის საფრთხეს. რასმუსენის თქმით, რუსეთს დახმარების გაწევა ავღანეთის საჰაერო ძალების წვრთნით და მათთვის ვერტმფრენების გამოყოფით შეუძლია - ისევე როგორც ავღანეთის პოლიციის საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობით. ამავე პრეს-კონფერენციაზე რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო ვერ ხედავს რუსეთის მიერ შეთავაზებული ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების აუცილებლობას. რუსეთის პროექტი ხელისმომწერებს მოუწოდებს თავი შეიკავონ თავიანთი უსაფრთხოების სხვა სახელმწიფოების ხარჯზე გაძლიერებისგან. ნატოს გენერალური მდივანი პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საკითხსაც შეეხო:
„მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე გარკვევით განვაცხადე, რომ ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. და რუსეთს მოვუწოდე სრულად შეასრულოს 2008 წლის შემოდგომის საზავო ხელშეკრულებაში განსაზღვრული მოთხოვნები და დაპირებები“ - განაცხადა რასმუსენმა, რომელიც ნატოს ხელმძღვანელის რანგში პირველად იმყოფება რუსეთში.
XS
SM
MD
LG