Accessibility links

logo-print

რა ილაპარაკა საქართველოზე ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვში


ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივნი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივნის მოსკოვში ვიზიტის მთავარ მიზნად ალიანსსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ხოლო მთავარ თემად ავღანეთი სახელდებოდა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ანდერს ფოგ რასმუსენს არაერთხელ მოუწია საუბარი საქართველოზე - ერთ-ერთ მთავარ შეუთანხმებელ საკითხზე ალიანსსა და კრემლს შორის. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს დავიწყებას სულაც არ ნიშნავს.

ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვში თავისი 3-დღიანი ვიზიტის მიწურულს, 17 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, საქართველოს შეეხებოდა:

”მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისას მე ნათლად აღვნიშნე, რომ ნატო მტკიცედ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. და მე ასევე მოვუწოდე რუსეთს იმოქმედოს იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესაბამისად, რასაც 2008 წლის შემოდგომაზე მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს.”

საქართველოს თემა ერთ-ერთი მთავარი იყო იმ თემებს შორის, რომლებიც ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯერ რუსეთის პრეზიდენტთან, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრთან 16 დეკემბერს განიხილა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა და ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ ”ეხო მოსკვის” სტუდიაში სტუმრობისას, 16 დეკემბერს, წარმოთქმული ასეთი ფრაზაც მეტყველებს: ”ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის არმიის გაყვანას საქართველოდან. ”

რასმუსენმა აღნიშნა აგრეთვე, ალიანსი ერთგული რჩება ”დიდი ხნის წინ მიღებული” გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები და ეს მაშინ მოხდება, როდესაც ორი ქვეყანა ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებსო. ნატოს გენერალური მდივანი უსაფუძვლოდ მიიჩნევს რუსეთის ეჭვებს, რომ ალიანსის გაფართოების საკითხი მის უსაფრთხოებას ემუქრება.

რა იცის ნატოს გენერალურმა მდივანმა, ”ემზადება თუ არა საქართველო რევანშისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, შეერთებული შტატების დახმარებით? ამ შინაარსის შეკითხვა ანდერს ფოგ რასმუსენს ასევე ”ეხო მოსკვის” სტუდიაში სტუმრობისას დაუსვეს და მას გადაცემის წამყვანებმა უთხრეს ისიც, რომ თბილისისგან რევანშის მოლოდინი რუსეთის ბევრ ოფიციალურ პირს აქვს. პასუხად იყო საქართველოს მხრიდან ”რევანშისთვის მზადების” აბსოლუტური უარყოფა და გარკვეული გაკვირვებაც რუსეთის შიშის გამო:

”არ მგონია, რომ უზარმაზარი რუსეთის ფედერაცია უნდა გრძნობდეს დაძაბულობას პატარა საქართველოსგან მოსალოდნელი საფრთხის გამო. მე დაჟინებით მოვუწოდებდი რუსეთს, უზრუნველყოს მშვიდობიანი თანამშრომლობა ყველა მეზობელთან. ჩემი მიზანია განვავითარო ჭეშმარიტი თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის და იმედი მაქვს, რომ რუსეთი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.”

საქართველოს საკითხზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და ალიანსი შეძლებენ ითანამშრომლონ ისეთ პრობლემურ სფეროებში, რომლებიც თანაბრად ემუქრება ორივე მათგანს. ასეთ თემებად სახელდება: ავღანეთი, ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და მეკობრეობა. თუმცა თანამშრომლობა ამ პრობლემებთან მიმართებით, რასმუსენის თქმით, საქართველოს საკითხის ”გვერდზე გადადებასა” და ”გაყინვას” სულაც არ ნიშნავს.

თბილისი ანდერს ფოგ რასმუსენს დიდი ხნის მეგობრად მიიჩნევს და ”ობიექტურ”, ”თამამ” პოლიტიკოსად ახასიათებს. ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები ხშირად იხსენებენ 2008 წლის ნოემბერს, როდესაც რასმუსენი ომგამოვლილ საქართველოს, დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში, 2 დღით ეწვია და გარკვევით თქვა, რომ არ არსებობს თუნდაც ერთი არგუმენტი, რომელიც რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლებას მოახერხებდა. არავის დავიწყებია არც ის, რომ დანია, სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომ ქვეყანას ნანატრი ”მეპი” - ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - მიეღო. მართალია, ეს არ მოხდა, მაგრამ, მეგობარი ქვეყნების დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის, უკრაინასთან ერთად, აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.
XS
SM
MD
LG