Accessibility links

logo-print

საქართველოში უსაფრთხოების ვითარება სტაბილურად არამდგრადია


გუდაურის კონფერენცია

გუდაურის კონფერენცია

ზამთრის კურორტ გუდაურში 17 დეკემბერს დასრულდა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი სემინარი, რომელზეც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ქართველ და უცხოელ ექსპერტებს წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის ერთგვარი ანგარიში ჩააბარა. უსაფრთხოების გარემოს შეფასებისას გუდაურში კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს ირგვლივ ვითარება სტაბილურად არამდგრადია, რაც შეიარაღებული ძალებისგან მუდმივად მაღალ საბრძოლო მზადყოფნას მოითხოვს.

საქართველოს ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ძალების შესაფასებლად მოწვეულმა ამერიკელმა ექსპერტებმა შარშან სამხედრო უწყების მართვის, ორგანიზებისა და არმიის ოპერატიული გამოყენების უნარს უკიდურესად ნეგატიური შეფასება მისცა. საქართველოს არმიის შეზღუდულ ბრძოლისუნარიანობაზე გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსში” ვრცელი სტატია გამოქვეყნდა შარშან დეკემბერში. როგორც სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გუდაურში ორგანიზებული გასვლითი სემინარის დანიშნულება იმის დემონსტრირებაცაა, რომ სამხედრო უწყება მზად არის დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად როგორც ქართველ, ისე უცხოელ ექსპერტებთან ითანამშრომლოს.

“ფანტასტიურიც რომ იყოს ეს კონცეფცია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ უკან მართვის როგორი სისტემა უდგას”, - ამბობს ანდრო ბარნოვი, - “როგორია ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო უწყებებისა, მათი კოორდინაცია როგორია, რამდენად არის დაბალანსებული, ანუ რამდენად არის ეს დამოკიდებული არა კონკრეტული ადამიანის ნიჭსა და უნარზე, არამედ რამდენად არის სისტემა გამართული.”

გუდაურის კონფერენციაზე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა რეზერვის ახლებური ხედვა, რეზერვისა, რომლის მომზადებაშიც ასევე ჩართულნი იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები. ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც, კანონით, სამხედრო რეზერვის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვერ შეძლო რეზერვისტების მართვა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მისი რეფორმირება. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო საბჭოს წევრის ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, ქვეყანა რეზერვის მომზადების სისტემას ძირფესვიანად ცვლის.

“უყურებენ ასეთნაირად – ადრე იყო აქცენტი გაკეთებული რეზერვის რაოდენობაზე და ხარისხი გამოეპარათ. ახლა კი რაოდენობა შემცირდება და აქცენტი გაკეთდება რეზერვის მცირე რაოდენობაზე, მაგრამ მის ხარისხიან მომზადებაზე”, - ამბობს ირაკლი მჭედლიშვილი და დასძენს: “ადრე ყურადღება არ ექცეოდა რეზერვის მართვის სიტემას. 100 კაცზე ერთი თუ ორი ოფიცერი მოდიოდა. ახლა კი ათეულის დონეს უხელმძღვანელებენ პროფესიონალი სამხედრო ოფიცრები.”

თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამდღიან სემინარზე გუდაურში საუბარი შეეხო ეროვნული თავდაცვის სტრატეგიასა და უსაფრთხოების კონცეფციაში შესატან ცვლილებებს, რომელშიც ასევე არიან ჩართულები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. მაგრამ ასეთი კონცეპტუალური საკითხები სცილდება ერთი რომელიმე უწყების კომპეტენციას და მთლიანად სახელმწიფო ხელისუფლების მონაწილეობას მოითხოვს. თუმცა ერთი რამ ცხადია. როგორც ირაკლი მჭედლიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ვეღარ დაეყრდნობა, უბრალოდ, პოტენციურ საფრთხეებზე საუბარს, როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია.

“უსაფრთხოების გარემო ჩვენს ირგვლივ კრიტიკულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რუსეთი შემოიჭრა შარშან და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”, - ამბობს ირაკლი მჭედლიშვილი. - “საკითხავი ისაა, თუ აქედან როგორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ფორმულა არის ძალიან მარტივი: უნდა გაძლიერდეს კავშირი საკუთარ მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ერთი მხრივ, და საერთაშორისო საზოგადოებასთან, მეორე მხრივ. ეს არის, ჩემი აზრით, გარანტია, რომ გამოსავალი ნაპოვნი იქნება და ადრე თუ გვიან ჩვენ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და გათავისუფლებას.”

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ზამთრის კურორტ გუდაურს, სადაც უსაფრთხოების სემინარი გაიმართა, სულ რამდენიმე კილომეტრი და ერთი პატარა ხეობა აშორებს ახალგორის რაიონს, რომელიც რუსმა სამხედროებმა შარშან აგვისტოში დაიკავეს და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას შეუერთეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG