Accessibility links

მოტყუებული ჰამარბერგი


ლადო ვარძელაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული (მარცხვივ) და გია თორთლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი (მარცხნიდან მეორე) ელოდებიან თომას ჰამარბერგს ერგნეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

ლადო ვარძელაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული (მარცხვივ) და გია თორთლაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი (მარცხნიდან მეორე) ელოდებიან თომას ჰამარბერგს ერგნეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

ცხინვალის ციხეში მყოფი მოზარდების გათავისუფლების თარიღი კვლავ უცნობია. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ვიზიტი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში უშედეგოდ დასრულდა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ მისთვის მიცემული პირობა დაარღვია და ცხინვალის ციხეში დაკავებული ტირძნისელი მოზარდები არ გაათავისუფლა. პირობის მიხედვით, ორ მოზარდთან - ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურთან დაკავშირებით, რომლებსაც ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კოკოითს 10 დღის ვადაში შეწყალების აქტი უნდა გამოეშვა. ეს ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა, მაგრამ მოზარდები ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩებიან.

კოკოითიმ ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზეწოლის გამო შეწყალების კონსტიტუციურ უფლებას არ გამოიყენებს. ამავე შეხვედრაზე კოკოითიმ ჰამარბერგს პირობა მისცა, რომ ქართველი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ცხინვალიდან ერგნეთში ჩასული ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აღელვებული ჩანდა. მან განაცხადა, რომ შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და მომავალში ცხინვალში აღარ ჩავა. მოზარდების გასათავისუფლებლად მხოლოდ სატელეფონო კავშირებს გამოიყენებს.

თომას ჰამარბერგის ცხინვალიდან დაბრინებას
მთელი დღე ელოდნენ მოზარდების ახლობლები
და ჟურნალისტები
ჰამარბერგის ცხინვალიდან ერგნეთში ჩასვლას მთელი დღის განმავლობაში ელოდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები, თუმცა მათ დილიდანვე იცოდნენ, რომ კოკოითის ხელისუფლება მოზარდების გათავისუფლებას არ აპირებდა. თბილისში დაბრუნებამდე ჰამარბერგმა საკუთარ მანქანაში ლევან ხმიადაშვილის მამა ზვიად ხმიადაშვილი მიიწვია და შვილის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. მოგვიანებით, ზვიად ხმიადაშვილმა აღნიშნა, რომ ჰამარბერგმა იგი კიდევ ერთხელ დააიმედა.

დე ფაქტო ხელისუფლება ორივე მხარეს დაკავებული პირების გაცვლას პრინციპით ”ყველა ყველაზე” ითხოვს. გარდა ამისა, მათი მოთხოვნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაცაა. ოსური მედიის ცნობით, ცხინვალში ხუთშაბათს საუბარი არაერთი დანაშაულისთვის მსჯავრდებულის მარეკ დუდაევის შესახებაც იყო.

ტირძნისელი მოზარდების ოჯახების წევრების გარდა, ერგნეთში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატი გია თორთლაძე იმყოფებოდნენ. თორთლაძემ ჰამარბერგის უშედეგო ვიზიტის გამო აღშფოთება ვერ დამალა.

დაკავებული მოზარდების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის მიცემული პირობა დაარღვია. ოსური მხარე ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების სანაცვლოდ საქართველოს ციხეებში მყოფი 40 ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს. ქართული მხარე ამ წინადადებას არ თანხმდება, რადგან, მისი აზრით, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანების გაცვლა უდანაშაულო მოზარდებში წარმოუდგენელია.
XS
SM
MD
LG