Accessibility links

logo-print
დაპირებები ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კვლავ დაპირებებად რჩება. ასევე ძალაში რჩება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის შემოთავაზება - გაცვლა ”ყველა ყველაზე”. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საერთაშორისო ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტ გააქტიურებაზე საუბრობენ, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე. პრობლემის დროულად მოსაგვარებლად და მომავალში მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების გააქტიურება, ეს საკითხი ჟენევის ფორმატის ფარგლებში უნდა წყდებოდეს, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითის არაერთი დაპირების მიუხედავად, ორი ტირძნისელი მოზარდი - ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური - კვლავ პატიმრობაში რჩება. ედუარდ კოკოითი დაპირებებს, ძირითადად, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის წინაშე იძლევა. უკანასკნელი დაპირება ჰამარბერგს მან 17 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე მისცა.

როგორც თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, ტირძნისელი მოზარდების პრობლემას ცხინვალი უახლოეს მომავალში მოაგვარებს.

”სიტუაციის დაძაბვა მთლიანად სააკაშვილს, იაკობაშვილსა და მათ მსგავს პირებს ეკისრებათ. ჩვენ ნორმალურ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ვაგებთ, რათა დავიცვათ როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა”, - აცხადებს კოკოითი.

დაპირებების ქრონოლოგია დაახლოებით ასე გამოიყურება:

2 დეკემბერს, გვიან საღამოს, ერგნეთში თომას ჰამარბერგს 4 დაკავებული ტირძნისელი მოზარდიდან ორი - გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე -გადმოჰყავს. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის დაპირებას ჰამარბერგი ადმინისტრაციულ საზღვარზე ახმაურებს. პირობა ასეთია: ცხინვალში დარჩენილ კიდევ 2 მოზარდს 10 დღეში გაათავისუფლებენ.

დაპირების ვადა 12 დეკემბერს ამოიწურა. მეორედ ჰამარბერგი ოკუპირებულ ტერიტორიაზე 17 დეკემბერს, დაახლოებით 13:30 წუთზე,შედის. მისი წინასწარი ვარაუდი მოზარდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასეთია: ”სავარაუდოდ, დღეს შედეგი არ გვექნება”.

მისი ვარაუდები გვიან საღამოს მართლდება. ცხინვალიდან დაბრუნებული ჰამარბერგი აცხადებს, რომ მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

უკვე 18 დეკემბერს ქართველი პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში აკეთებენ განცხადებებს, რომ საქართველო კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა რუსეთზე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა გაძლიერდეს.

პრობლემის დროულად მოგვარებისათვის და მომავალში მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების გააქტიურება, ეს საკითხი ჟენევის ფორმატის ფარგლებში უნდა წყდებოდეს, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი.

ჟენევის ფორმატის მიხედვით, მიღწეულ იქნა შეთანხმება საზღვრისპირა ზონებში მცხოვრებ ადამიანთა შეუფერხებელი მიმოსვლის შესახებ, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. მაგრამ, მისი თქმით, შეთანხმება დაირღვა და ამის მიზეზი ის ოსი ეროვნების დამნაშავეები არიან, რომლებიც დღესდღეობით სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან. სანაკოევის თქმით, მოზარდების დაკავებაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

“სამწუხაროდ, ამ ბავშვებს სულ სხვა მიზნებისთვის იყენებენ. მათ სურთ მოზარდები გაცვალონ იმ ოსი ეროვნების კრიმინალებში, რომლებმაც 2005 – 2007 წლებში ჩაიდინეს კრიმინალური ქმედებები და ახლა სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესრულდეს ჟენევის მოლაპარაკების დროს მიღებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი დაკავება არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა პროცესებს”, აცხადებს სანაკოევი.

დეკემბრის დასაწყისში, თომას ჰამარბერგის ჩარევის შედეგად, ოსი ეროვნების ხუთი პირის გათავისუფლება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კოკოითის რეჟიმის შემოთავაზება გაიცვალოს ”ყველა ყველაზე” კვლავ ძალაში რჩება.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების შემოთავაზება - გაცვლა ”ყველა ყველაზე” -აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ქართული მხარისათვის.

”მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს ციხეებში მყოფ ოს კრიმინალებს. ისინი უმძიმესი დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ამ კრიმინალების გაცვლა ორ უდანაშაულო ბავშვზე”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ელენე თევდორაძე.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, დაკავებულების გაცვლის საკითხში მთავარ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მხარეები თავის დროზე მხოლოდ იმ დაკავებულების გაცვლაზე შეთანხმდნენ, რომლებიც სასჯელს 2008 წლის ომის შემდეგ იხდიან. რა ბერკეტები აქვთ საერთაშორისო სტრუქტურებს იმისათვის, რომ აიძულონ ცხინვალის ხელისუფლება გაათავისუფლოს დაკავებული მოზარდები? ამის თაობაზე ჰაბერი აცხადებს:

”სამხრეთ ოსეთი არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი არ არის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბერკეტები ამ კუთხით არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი ბერკეტი: თუკი სამხრეთ ოსეთი თავის თავს ნამდვილ სახელმწიფოდ თვლის, მაშინ ისინი ისე უნდა მოიქცნენ, როგორც ნამდვილ სახელმწიფოს შეეფერება”, - აცხადებს ჰაბერი.

ამ დროისათვის კვლავ გაურკვეველი რჩება ცხინვალში დაკავებული მესამე მოზარდის - გიორგი არჩვაძის - საკითხიც. გარდა სამი მოზარდისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხინვალში ამჟამად სულ 14 ქართველია დაკავებული. თომას ჰამარბერგის განცხადებით, ის ცხინვალში აღარ ჩავა და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ტელეფონით განაგრძობს.
XS
SM
MD
LG