Accessibility links

logo-print

შორეული ქვეყნის ფოტოგრაფების გამოფენა პრაღაში


არჩილ ბეჟანიშვილი (მარცხნიდან მეორე) კოლეგებთან ერთად

არჩილ ბეჟანიშვილი (მარცხნიდან მეორე) კოლეგებთან ერთად

ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, პრაღაში მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ხუთი ქართველი ფოტოგრაფის – ნათელა გრიგალაშვილის, იური მეჩითოვის, დავით კვაჭაძის, არჩილ ბეჟანიშვილისა და ლევან ხერხეულიძის – ნამუშევრების გამოფენა. მიუხედავად გამოფენის მოკრძალებული მასშტაბებისა, როგორც მასპინძლებმა თქვეს, გამოფენამ მიაღწია მთავარ მიზანს – შორეული საქართველო მათთვის უფრო მახლობლად იქცა.

ქართველი ფოტოგრაფების პირველ გამოფენაზე ჩეხეთში ხუთი ცნობილი ფოტოხელოვანის – ნათელა გრიგალაშვილის, იური მეჩითოვის, დავით კვაჭაძის, არჩილ ბეჟანიშვილისა და ლევან ხერხეულიძის – 100-მდე ნამუშევარი იყო გამოფენილი. საქართველოს შესახებ სურათები გადმოსცემდნენ მრავალფეროვან ინფორმაციას – ქართული სუფრის ტრადიციებით დაწყებული და მრავალწახნაგოვანი სულიერი კულტურით დამთავრებული. გამოფენის თანაორგანიზატორის, ჟურნალისტთა დაცვის კავკასიის ფონდის ხელმძღვანელის არჩილ ბეჟანიშვილის თქმით, ქართველმა ფოტოგრაფებმა უპირატესობა მიანიჭეს ე.წ. სოციალურ სიუჟეტებს და შეგნებულად გვერდი აუარეს ქართულ პოლიტიკურ თემატიკას და რუსეთთან ომის ამსახველ ქრონიკას, რაც ევროპელებისათვის მეტ-ნაკლებად ისედაც ცნობილია.

“რა დასამალია და ხშირად რაღაც პრობლემური მოვლენები გამოჩნდება ხოლმე ევროპულ ასპარეზზე და ამიტომ არის სურვილი, რომ გამოჩნდეს მისი დღევანდელი დღით – კულტურული დონით, ფოტოხელოვნების დონით”, – ამბობს არჩილ ბეჟანიშვილი – “საქართველო წარმოადგენს ნორმალურ ქვეყანას და განვითარებულ ცივილიზაციას. აი, ეს იყო ამოსავალი წერტილი, როცა ჩვენ ფოტოებს ვარჩევდით.”

ჩეხეთში ქართული ფოტოგამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საქართველოს საელჩო ჩეხეთში და ასევე ჩეხი ფოტოგრაფები. თუმცა ღონისძიებას ჰყავდა ინდივიდუალური მხარდამჭერებიც, მათ შორის – ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი საქართველოსთან ურთიერთობის დარგში ვლადისლავ გალიჩკა, რომელმაც აგვისტოში საქართველოში ჩეხური ლუდის ფესტივალი მოაწყო. ვლადისლავ გალიჩკამ, რომელიც ქართული ყურძნის მოსავლის ამსახველ სურათებს ათვალიერებდა განსაკუთრებული ინტერესით, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფოტოგამოფენამ მას საქართველოში გატარებული დღეები გაახსენა:

“სურათებზე ამოვიცანი ზოგიერთი ის ადგილი, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს მოვიარე. ამიტომ სასიამოვნოა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში ვნახო ეს ადგილები და სხვებსაც ვუამბო მათზე. ეს სურათები აფიქსირებენ ყოველდღიურ ცხოვრებას საქართველოში, გლეხების შრომას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომელიც რთულია როგორც საქართველოში, ისე ჩეხეთში. ამ შორმის ნაყოფია ის, რომ მე შემიძლია აქ, ჩეხეთში, მივირთვა ხარისხიანი ქართული ღვინო, რომელიც ამას წინათ ჩემს აქაურ სანკტ-პეტერბურგელ კოლეგას ვაჩუქე და ძალინ გავახარე ამით.”

4 დღიანმა ქართულმა ფოტოგამოფენამ პრაღაში დაასრულა საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართული 2009 კულტურული წლის ღონისძიებების ნუსხა. თუმცა, როგორც ნინო ნაკაშიძემ, საქართველოს ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, რადიო თავისუფლებას უთხრა, სამომავლოდ ასევე იგეგმება ფოტოგამოფენების მოწყობა ჩეხეთში, რომელსაც ორი ძირითადი ინტერესის საგანი აქვს საქართველოს მიმართ:

“ეს არის ფოტოგრაფია და მთები. და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ შეიძლება ამ ორი სფეროს გაერთიანება ერთი გამოფენით“, – ამბობს ელჩი ნინო ნაკაშიძე – “გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა საქართველოს ხედებს და საქართველოს ადამიანებს.”

მიაღწია თუ არა გამოფენამ ამ მიზანს? ქართველი ფოტოგრაფების პირველი გამოფენის შეფასება ჩეხეთში ჩეხ ფოტოგრაფ მარტა ზელინსკას ვთხოვე, რომელიც ჩეხეთის ფოტოგრაფთა კავშირის გალერეა “სვიზუში” კოლეგებთან ერთად მოვიდა, რათა, როგორც თავად თქვა, სხვა რაკურსში დაენახა შორეული საქართველო:

“ძალიან კარგი გამოფენაა. აღფრთოვანებული ვარ საქართველოს ბუნებით, პეიზაჟებით, ადამიანებით და მათი ყოფითი ტრადიციებით, რომელიც ფოტოებზეა გამოსახული. ძალიან მომწონს თავად დღევანდელი გამოფენის თემა – საქართველო შორეული, მაგრამ ახლობელი. გისურვებთ თქვენი ქვეყანა აყვავდეს და ყველა ქართველი იყოს ბედნიერი.”
XS
SM
MD
LG