Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი და ეუთო - გაურკვევლობა თავმჯდომარეობის წინ


1 იანვრიდან ყაზახეთი ჩაიბარებს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა წინააღმდეგობა, რომელიც თავის დროზე ეუთოში ყაზახეთის შესაძლო ხელმძღვანელობას მოჰყვა, არსად გამქრალა. არჩევანს აკრიტიკებენ უფლებადაცვითი ორგანიზაციები. ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა კონფერენციაზეც, რომელიც დეკემბრის პირველ კვირაში ათენში გაიმართა, მიუთითეს ყაზახეთს, რომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის ზრდა თავმჯდომარეობის დროსაც.

გადაწყვეტილებამ, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საეჭვო ხარისხის მქონე ყაზახეთი დაიკავებდა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის თანამდებობას, ჯერ კიდევ 2007 წლის ბოლოს გამოიწვია ვნებათაღელვა, ახლა კი, როცა რამდენიმე დღეა დარჩენილი ერთწლიანი თავმჯდომარეობის ოფიციალურ დაწყებამდე, შეშფოთებამ და კრიტიკულმა შენიშვნებმა დუღილის ტემპერატურას მიაღწია.

ყაზახეთის შესახებ მიმდინარე დავა სრულად აისახა ათენში 1-2 დეკემბერს გამართულ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან კონფერენციაზე. ყაზახეთს ურჩიეს, რომ ლიდერობა არ აღიქვას როგორც თავისთავადი რამ. იანეჟ ლენარჩიჩმა, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ძირითადი ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე, დემოკრატიზაციისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. მისი შენიშვნით, მხოლოდ იმის გამო, რომ ყაზახეთი მოისხამს იმ ორგანიზაციის მანტიას, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ამ ქვეყანამ არ უნდა შეწყვიტოს საკუთარი მიღწევების გაუმჯობესების ძალისხმევა მთელ რიგ სფეროებში. ლენარჩიჩმა გამოთქვა იმედი, რომ მისი თავმჯდომარეობა შეანარჩუნებინებს ამ ქვეყანას დემოკრატიზაციისკენ დაწყებულ სვლას, თუმცა არსი იმ განცხადებებისა, რომელიც ეუთოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მისამართით გაკეთდა, მართლაც უპრეცედენტო იყო. ამასთან, ყაზახეთის თავმჯდომარეობა იძლევა ბევრი თვალსაზრისით უნიკალურობის წინაპირობასაც. ესაა პირველი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, დესეთეს პირველი წევრი და აზიის პირველი ქვეყანა, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთოს.

ყაზახეთი უნდა იყოს თავისუფალი არჩევნების სტანდარტების დამცველი, მაშინ როცა თავად არასოდეს ჩაუტარებია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დემოკრატიულად ცნობილი არჩევნები. უკანასკნელი დარღვევები ამ ქვეყანაში აღინიშნა 2007 წელს, ვიდრე ეუთოს მომავალ თავმჯდომარედ დაასახელებდნენ, როცა არჩევნებში პრეზიდენტის პარტიამ „ნურ-ოტანმა“ პარლამენტში ყველა ადგილი მიიღო.

ისეთმა ორგანიზაციამ, როგორიცაა Human Rights Watch, 25 ნოემბერს გამოაქვეყნა მოხსენება, სათაურით „ყაზახეთი: ეუთოს თავმჯდომარეობის მოახლოებასთან ერთად ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უარესდება“.

ამ ორგანიზაციიის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე რეიჩელ დენბერი განმარტავს:
„ვფიქრობ, ნათელია, რომ, ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, ყაზახეთი სრულად არ შეესაბამება ეუთოს სტანდარტებსა და ნორმებს. ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოადგენს საკმაოდ სადავო არჩევანს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო.“

ამგვარი შეშფოთების საფუძველი მანამდე გაჩნდა, ვიდრე ყაზახეთი თავმჯდომარეობისათვის დაწყებულ სამზადისში ბოლო შტრიხებს შეიტანდა. ყაზახეთი დაჟინებული ყურადღების ცენტრში მოექცა შარშან, როცა სიტყვის თავისუფლების შემზღუდავი კანონი იქნა მიღებული, ხოლო მარიონეტულმა პარლამენტმა ნურსულთან ნაზარბაევის „მუდმივ პრეზიდენტად“ გამოცხადებას დაუჭირა მხარი და ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალადობის მორიგი ტალღა აზვირთდა.

მთელი წლის განმავლობაში რადიო თავისუფლება ცდილობდა ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კავშირის საშუალებით მიეღო პასუხი შეკითხვებზე, რომელიც ეუთოს ფასეულობებთან ყაზახეთის, როგორც თავმჯდომარის, შეუსაბამობას შეეხებოდა, თუმცა ვენის შტაბბინიდან არაერთხელ მივიღეთ პასუხი, რომ ორგანიზაცია ყაზახეთთან თანამშრომლობს რეფორმების სფეროში და რომ სხვა კომენტარი არ იქნებოდა.

დენბერის თქმით, თავდაპირველად ყაზახეთი ეუთოს თავმჯდომარე 2009 წელს უნდა გამხდარიყო, მაგრამ ეს არ მოხდა იმის გამო, რომ, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს აზრით, ყაზახეთი ვერ აკმაყოფილებდა ეუთოს სტანდარტს. საბოლოოდ, ყაზახეთის თავმჯდომარეობა გადაიდო 2010 წლამდე იმ იმედით, რომ დამატებით ერთი წელი მისცემდა ყაზახეთს კანონმდებლობისა და საქმიანობის ეუთოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას. ყაზახეთმა ამის პირობა დადო, თუმცა ქვეყნის მთავრობამ მიზნისა და პროგრესის მისაღწევად მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯები გადადგა.

„როცა ეუთოს თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს, ქვეყნის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დადო პირობა, რომ ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმას გაატარებდნენ. ეს იყო ძალიან მოკრძალებული ვალდებულება და მთავრობამაც ამ მოკრძალებული ვალდებულების ფარგლებში გაატარა რიგი რეფორმებისა, რაც, უდავოდ, მისასალმებელია, მაგრამ ეს რეფორმები არანაირად არ ეხება ძირითად, სიღრმისეულ პრობლემებს. თანაც, რეფორმები დასრულდა 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა სფეროებში უკან გადაიდგა ნაბიჯები, რაც, მთლიანობაში, სავალალო სურათს ქმნის“, უთხრა რადიო თავისუფლებას დენბერმა, რომელიც „უკან გადაგმულ ნაბიჯებად“ ასახელებს მიმდინარე წლის განმავლობაში მიღებულ კანონებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და არჩევნების შესახებ, ასევე ადამიანთა თავშეყრის უფლების შემზღუდავ კანონმდებლობას. „იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ არის, ეს კანონები თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა“, ამბობს დენბერი.

მუზაფარ სულეიმანოვიც, ჟურნალისტთა დაცვის ევროპისა და შუა აზიის კომიტეტის კვლევის პარტნიორი, ამბობს, რომ, საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების თვალსაზრისით, ვითარება ყაზახეთში არ გაუმჯობესებულა:

„ფაქტობრივად, გაუარესდა. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ ჩვენს პრესას, რომელშიც შუქდება ყაზახეთის საინფორმაციო საშუალებებში მიმდინარე მოვლენები, დაინახავთ, რომ წელიწადი დაიწყო ჟურნალისტების ცემით, რაც ადრე არ ხდებოდა. და კიდევ, გვაქვს ინტერნეტის რეგულირების კონონპროექტი, რომლის არმიღებას ყაზახეთის მთავრობას ურჩევდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, ეუთოც, მაგრამ მთავრობამ ყველა მოწოდება უგულებელყო.“

ჟურნალისტთა დაცვის ევროპისა და შუა აზიის კომიტეტის წარმომადგენელი ვლადიმირ შკოლნიკოვი კი ევროპაში წარმოადგენს ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსს“, რომელიც მთელ მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მონიტორინგითაა დაკავებული. შკოლნიკოვი გამოთქვამს გაოცებას იმის გამო, რომ ყაზახეთმა პირველად მიიპყრო ამხელა საერთაშორისო ყურადღება დამოუკიდებლობის მოპოვების, ანუ 1991 წლის შემდეგ, თუმცა საკუთარი პოლიტიკის კრიტიკის პასუხად არაფერი გააკეთა.

„ეს დაახლოებით ისევეა, რომ მათ შეეფერებინათ ეუთოს თავმჯდომარეობა და მოქცეულიყვნენ ისე, თითქოს ეს მათი შიდა საქმე ყოფილიყოს, თითქოს საერთაშორისო ყურადღება, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობას მოჰყვება, არც ყოფილიყოს. ეს ძალიან დამთრგუნველია. დასტურდება ყველაზე უარესი მოლიდინი იმ ადამიანებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყაზახეთს, უბრალოდ, სურს პრესტიჟი, მაგრამ არ აპირებს საკუთარი სიტყვების ერთგულებას“, განაცხადა შკოლნიკოვმა.
ანდრეა ბერგიც, Human Rights Watch-ის ცენტრალური აზიის თანამშრომელი, ამბობს, რომ ეუთოს თავმჯდომარეობა პრესტიჟის საქმეა:

„ეს ასევე გაისად გასამართი უმაღლესი დონის შეხვედრის საკითხიცაა. მათ, მართლაც, სურთ ასტანაში სამიტის გამართვა, რადგანაც ეუთოს უმაღლეს დონეზე შეხვედრა 10 წელია არ ჰქონია - უკანასკნელი სამიტი სტამბულში 1999 წელს გაიმართა. - ასე რომ, ყაზახებს ნამდვილად უნდათ, რომ ეს შეხვედრა მათ ქვეყანაში გაიმართოს. მათ კვლავ სცადეს ამ საკითხის წამოწევა და უმაღლესი დონის შეხვედრის საკუთარ ქვეყანაში მასპინძლობა. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათთვის ესაა შესაძლებლობა მიიღონ სასურველი სურათი ნაცვლად იმისა, რომ ნამდვილად იმსჯელონ და ნამდვილად გარდაქმნან ეუთო.“
თუმცა 2010 წელს ასტანაში უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ათენის კონფერენციის შემდეგ ყაზახ სენატორს ადილ ახმეტოვს აუხსნეს, რომ ამერიკის წარმომადგენლებმა მოითხოვეს წუთშესვენება, ვიდრე ამგვარ სამიტზე განსახილველი კონკრეტული საკითხები შეთანხმდებოდა.

საიდუმლო არაა, რომ 2007 წელს, როცა მთავრობათა მეთაურებმა ყაზახეთის თავმჯდომარეობას დაუჭირეს მხარი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ერთხმად მიუთითებდნენ ყაზახეთს ნაკლოვანებებზე.

თავის მხრივ, ყაზახეთი იძლევა პირობას, რომ მთელ წელიწადს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მოახმარს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დადებასა და ეთნიკური თუ რელიგიური თანხმობის წახალისებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ცდილობს ეუთოს ფასეულობების ხელშეწყობას, უნდა ვიფიქროთ, რომ ყაზახეთს ამის გაკეთება უფრო მეტად ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მოუწევს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG