Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კინოაკადემია საუკეთესოებს აჯილდოებს


ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი
გასულ კვირას გერმანიის ქალაქ ბოხუმში ევროპის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო კინემატოგრაფისტები დააჯილდოვა. ევროპის კინოაკადემიის პრიზებს ზოგჯერ ევროპულ ”ოსკარებს” უწოდებენ, თუმცა, ”ოსკარის” ცერემონიალისგან განსხვავებით, ევროპელი კინემატოგრაფისტების ზეიმი მოკრძალებულობით გამოირჩევა. ამას ადასტურებს ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ”ევროოსკარების” გადაცემის წლევანდელ ცერემონიას დაესწრო.

საუკეთესო ფილმის პრიზის მფლობელი, ფილმ "თეთრი ბაფთის" რეჟისორი მიხაელ ჰანეკე
(მარჯვნიდან მეორე)

ევროპის კინოაკადემიამ წელს არნახული სიძუნწე და არნახული სიმკაცრე გამოავლინა - 2009 წლის საუკეთესო ფილმად ცნო მიჰაელ ჰანეკეს სურათი ”თეთრი ბაფთა”, რომელსაც, ფაქტობრივად, ყველა დანარჩენი პრიზი ერგო - მათ შორის, მნიშვნელობით მეორე, ”ევროოსკარი”, საუკეთესო რეჟისურისთვის.

დიახ, ”ევროოსკარი” - ასე უწოდებენ ზოგჯერ ევროპის კინოაკადემიის პრემიებს, რომელთაც სახელი არა აქვთ - 80-იანი წლების ბოლოს, როცა ევროპელმა კინემატოგრაფისტებმაც გადაწყვიტეს შეექმნათ აკადემია და დაეჯილდოებინათ საუკეთესო კინემატოგრაფისტები, ამ პრიზს ”ფელიქსი” ეწოდებოდა... მაგრამ მოგვიანებით ”ფელიქსზე” უარი თქვეს და უსახელო პრემიების დარიგება დაიწყეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

წელს ევროაკადემიის პრემიების დაჯილდოების ცერემონია ბოხუმში გაიმართა. ნომინანტებს შორის იყო ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი - მისი ფილმი ”გაღმა ნაპირზე” წარდგენილი იყო ნომინაციაზე ”წლის აღმოჩენა”. როგორც ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორმა ანა ძიაპშიპამ გვითხრა, ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე მოეწყო ფილმის ჩვენება გერმანიის ქალაქებში. ამ ჩვენებებსა და დისკუსიებში თავად გიორგი ოვაშვილიც მონაწილეობდა.

ნინო კირთაძე, დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის წევრი (მარჯვნივ), პრიზის "აღმოჩენა 2009" მფლობლი პიტერ სტრიკლენდი (შუაში) და მსახიობი ჯასპერ ქრისტენსენი.
გარდა ამისა, წელს დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრი ნინო კირთაძე იყო (გაგახსენებთ, რომ ნინო უკვე არის ევროპის კინოაკადემიის პრიზის მფლობელი). მოკლედ, ნომინაციების სახელები აქ ემთხვევა ამერიკის კინოაკადემიის პრემიების სახელებს - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ოპერატორი, კომპოზიტორი... ევროაკადემია აჯილდოებს კინემატოგრაფისტებს კინოში გაწეული ღვაწლისთვისაც - წელს ეს პრიზი ბრიტანელ რეჟისორს, კენ ლოუჩს, ერგო.

”ოსკარს” ბაძავენ, მაგრამ როგორც ანა ძიაპშიპამ გვითხრა, ამას არასდროს აღიარებენ. ”წელს ამბობდნენ, რომ ძალიან უნდოდათ დამსგავსებოდა ოსკარს მასშტაბურობით. თუმცა ამას ასე პირდაპირ არ აღიარებენ და ცდილობენ, როგორც თავად აღნიშნავენ, შექმნან ევროპული მყუდრო გარემო. გამარჯვებული ფილმებიც მკაცრად ევროპულია”, - გვითხრა ანამ.

დიახ, ევროპის კინოაკადემიის პრემიებით დაჯილდოება ყოველთვის გამოირჩევა სისადავით და უბრალოებით...თუმცა აქამდე დაჯილდოების ცერემონიაში ევროპელი კინოვარსკვლავები მაინც მონაწილეობდნენ. ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორის ანა ძიაპშიპას თქმით, წლევანდელ ცერემონიაზე ევროპელი კინოვარსკვლავებიც არ ჩამოვიდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG