Accessibility links

logo-print
”რეზონანსი” წერს: ”ახალგორის სკოლებში მომუშავე მასწავლებლებს და, შესაძლოა, ქსნის ხეობაში არსებული ყველა ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომელს იანვრიდან ოფიციალური თბილისი ხელფასს აღარ ჩაურიცხავს. როგორც ადგილობრივები ”რეზონანსთან” საუბრისას ამბობენ, ახალგორში დარჩენილი მოქმედი სასწავლო ორგანიზაციები თუ წეროვანში არ გადაბარგდნენ, მათი თანამშრომლები უხელფასოდ დარჩებიან” - ამ ინფორმაციას გაზეთი ახალგორელ პედაგოგებსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. ავტორი პუბლიკაციის დასასრულს წერს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, დაპირების მიუხედავად, ინფორმაცია ვერ მოიპოვა.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ, რომ ყოვნდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე ახალი პირის დანიშვნა. პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ შესაძლებელია, თავად სამინისტრო გააუქმონ. ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელ, ამჟამად კი განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ”24 საათი”. ”მე აქ დიდი ხნით ვარ და ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ჩემი გეგმებიდან ზოგის განხორციელებას რამდენიმე თვე სჭირდება, ზოგისას - ერთი წელი, ზოგისას - სამი და ყველაფერს გავაკეთებთ”. შაშკინი ”24 საათის” კორესპონდენტს განათლების სფეროში დაგეგმილ არაერთ სიახლეზე ესაუბრება. მათ შორის, სასკოლო გამოცდებზე ამბობს: ”პირველი ფუნდამენტური ნაბიჯი, რომლის შედეგსაც ჩვენ მივიღებთ 2011 წელს, ეს იქნება ეროვნული გამოცდების ტოლფასი სასკოლო გამოსაშვები გამოცდები”, - ამბობს ის და აზუსტებს, რომ გამოცდების რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ ეს იქნება სასკოლო პროგრამაზე ორიენტირებული გამოცდები. ამ ღონისძიებას შაშკინი ბავშვების სკოლაში სიარულის სტიმულირების ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილავს.

”ვერსია” ცდილობს გაარკვიოს, ”სად არის მინდია უგრეხელიძე და დატოვა თუ არა სკანდალური პროექტი ”ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად”. ავტორის ტექსტში წაიკითხავთ: ”გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტრასბურგში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთმა თანამონაწილემ მინდია უგრეხელიძემ პროექტი დატოვა. ამის მიზეზად მასზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა სახელდება. თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება”, - წერს ავტორი, რომელმაც პროექტის მონაწილესაც გაუზიარა ეს ინფორმაცია. შიო არსენაშვილის პასუხი: ”იგი შეუძლოდ იყო, მაღალი წნევები აწუხებდა, ამიტომაც არ ჩანდა აქტიურად. გარდა ამისა, როგორც ”სახალხო მოსამართლე”, ის ერიდება მხარეებსა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. ამ ჭორებს, გესმით, ვინც შეიძლება ავრცელებდეს, ამიტომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება.”

”ახალი თაობა” წერს, რომ ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, მერის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესების მოთხოვნით, შესაძლოა ”საპროტესტო ტალღა დაიწყოს.” ”ეს ამბავი ყველაფრის მომსმენ ხელისუფლებას არ გამოჰპარვია და ნაციონალებმა მის წინააღმდეგ ჭორების გავრცელება დაიწყეს. ისევ ამტკიცებენ, რომ მისი ნათლია გიორგაძეა და რუსეთი მისი მხარდამჭერია”, - წერს ”ახალი თაობა”.

”საქართველოს რესპუბლიკის” პირველი გვერდი კვლავ ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის მიერ აგებული მემორიალის დანგრევის შესახებ წერს: ”გამარჯვების მემორიალის” ნგრევის თაობაზე ინფორმაცია არც ერთ სახელისუფლებო არხს არ გადმოუცია. სამაგიეროდ, გუშინ სამივე ”რუსთავი-2”-მა და ახლად მოვლენილმა ”რეალ-თივ”-მა მთელი საღამო იმაზე ილაპარაკეს, რომ თურმე რუსეთის მთავრობა ქართული წარმომავლობის რუსი პოეტისა და ბარდის ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმს არ აფინანსებს და საქართველოს კულტურის სამინისტრო მზად არის ბულატის სახლ-მუზეუმი თბილისში გადმოიტანოს და დახურვას გადაარჩინოსო. ძალიან კარგი. როგორც იტყვიან, ნეტამც ჩვენმა თხამ სულ ტყუპ-ტყუპი მოიგოს, მაგრამ ლოგიკას თუ გავყვებით, როგორ უნდა გავიგოთ ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმის საქართველოში გადმოტანისა და საქართველოში კი მერაბ ბერძენიშვილის ”გამარჯვების მემორიალის” დანგრევის ფაქტი?!” - კითხულობს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.
XS
SM
MD
LG