Accessibility links

logo-print

ცხინვალის რეჟიმმა 3 ქართველი მოზარდი გაათავისუფლა


ტირძნისელი მოზარდები ლევნ ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური

ტირძნისელი მოზარდები ლევნ ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ 3 მოზარდს მშობლებმა და ნათესავებმა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან ემოციური შეხვედრა მოუწყეს. ტირძნისელი მოზარდები ლევან ხმიადაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური 45 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდნენ, ხოლო 16 წლის გიორგი არჩუაძე ცხინვალის ციხეში 5 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკება ჩიხში არაერთხელ შევიდა. შაბათს დილით ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს ოსურმა მხარემ ცხინვალში ჩასვლა სთხოვა, მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ჩავიდა. ნოღაიდელი და ჰამარბერგი გათავისუფლებულ მოზარდებთან ერთად ერგნეთში მალე დაბრუნდნენ. მოზარდებმა პირველი კომენტარები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციასთან გააკეთეს. მათი თქმით, დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელყუმბარები ჩაულაგეს.

როგორც ოსური მედია იუწყება, 3 მოზარდის შეწყალების აქტს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ შაბათს დილით მოაწერა ხელი და ქართულ მხარეს ისინი კეთილი ნების ნიშნად გადასცა. ჟურნალისტებთან საუბარში გათავისუფლებული მოზარდების ოჯახის წევრები და ნათესავები ემოციებს არ მალავდნენ და აცხადებდნენ, რომ ოსური მხარის გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.

ცხინვალიდან დაბრუნებულმა ექს-პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მოზარდების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში იქნა მიღებული და მას კოკოითისთან შუამავლობაც კი აღარ გამოუვიდა. ნოღაიდელის ინფორმაციით, ცხინვალში მოზარდების საქმესთან დაკავშირებით რუსეთის სახალხო დამცველი ვლადიმერ ლუკინიც ჩავიდა. ნოღაიდელი მადლობას კოკოითის ეუბნებოდა. მისი აზრით, შემხვედრი ნაბიჯები ქართულმა მხარემაც უნდა გადადგას, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირებს არ უნდა შეეხოთ.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის აზრით, შესაძლოა დღევანდელი დღე ორივე მხარისთვის შემობრუნების წერტილად იქცეს. მისი თქმით, მუშაობა სხვა დაკავებულების გასათავისუფლებლად უნდა გაგრძელდეს.

თომას ჰამარბერგს ნაკლები იმედი აქვს იმისა, რომ ამ წლის ბოლომდე კიდევ ვინმეს გათავისუფლება მოხერხდეს. იგი საქართველოში მომავალი წლის იანვრის ბოლოს დაბრუნდება და მუშაობას როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს დაკავებული პირების გასათავისუფლებლად გააგრძელებს. ამჟამად ცხინვალის ციხეში, 6 ლამისყანელის გარდა, 3 ფრონესხეობელი რჩება. ოსური მხარე კი საქართველოს ციხეებში მყოფი 40–მდე მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს. მათ შორის არიან გორის ტერაქტის მოწყობისთვის გასამართლებული პირები. ქართული მხარე მათი გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს.
XS
SM
MD
LG