Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირის დასაწყისში პრესა აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე წერდა: ”არჩევნები, რომელიც არაფერს ცვლის”, ”აფხაზეთში შეიძლება არეულობა დაიწყოს” - ასეთ სათაურებს ნახავდით პირველ გვერდებზე. 14 დეკემბრის ”24 საათი” წერდა: ”სერგეი ბაღაფში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ისე აირჩიეს, რომ მის გამარჯვებაში ადგილობრივ ქართველებს, ფაქტობრივად, წვლილი არ შეუტანიათ. ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი იყო სომხური მოსახლეობის წვლილი”. ”ახალი თაობის” ავტორი კი წერდა, ბაღაფშის გამარჯვებამ მის მეტოქეებს ”ერთი სიკეთე მაინც გაუკეთა. ისინი ერთმანეთს შეურიგდნენო.” ”კვირის პალიტრას” აფხაზეთში რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ასე განუმარტავდა პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე: ”შესაძლებელია, საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო იყოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის ისეთი ფენომენი, რომ აფხაზეთში სიტუაციის თვისებრივი ცვლილება მოახდინოს.“

მიმდინარე კვირაში აქტუალური იყო ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში ვიზიტი. ”ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელ მალხაზ გულაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა ორშაბათის ”ასავალ-დასავალმა”: ”ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, ანუ მივიღეთ მედვედევის თანხმობა იმ საკითხების გადაწყვეტაზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია!”. ამ ვიზიტს დიდი ადგილი დაეთმო თავად ”ჯორჯიან ტაიმსის” 17 დეკემბრის ნომერში.

სამშაბათის ”რეზონანსი” ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლების პერსპექტივაზე წერდა. მამუკა არეშიძე ამბობდა, რომ ”ოსებს ხელს არ უნდა აძლევდეს საერთაშორისო დონის ადამიანი [ჰამარბერგი - ნ.გ.] მოიმდურონ, რადგან იციან, ის დასჭირდებათ. თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ გატეხენ პირობას.”

17 დეკემბრის ”რეზონანსს” კი პაატა ზაქარეიშვილი ცხინვალში გამართული შეხვედრების დეტალებს უზიარებდა: ”კოკოითთან სააკაშვილის მეხოტბედ ვერ გამოვდგებოდი, რადგან მან ძალიან გააფუჭა ქართულ-ოსური ურთიერთობები. თუმცა მე ამის სათქმელად არ ჩავსულვარ; მე მხოლოდ ამ 2 ბავშვის გამო ვესტუმრე ცხინვალს.”

ამ კვირის პრესაში ქუთაისში ”გამარჯვების მემორიალის” დემონტაჟის თემაზეც წაიკითხავდით. 16 დეკემბრის ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე მერაბ ბერძენიშვილის მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც ის წერდა: ”ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, რადგან წარმოჩნდა მისი სიბეცე და ქვის ხანის აზროვნება. მათ არც კი იციან, რა დაამტვრიეს, მათ არც კი იციან ამ ძეგლს - მემორიალს - რა მხატვრული შეფასება აქვს და რა რეზონანსი. მათ არც კი იციან, რომ საკუთარ შვილებს ძალადობა და სისასტიკე შთააგონეს.” ამ საკითხს მიმდინარე კვირაში გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძეც: ”სამარცხვინოა, რაც მერაბ ბერძენიშვილის ძეგლს დამართეს ქუთაისში. ეს ნამდვილი ვანდალიზმია. უკვე ძეგლებსაც ებრძვიან. თურმე იმ ადგილზე პარლამენტის შენობა უნდა აშენდეს. რა უნდა ქუთაისში პარლამენტს?!” - კითხულობს ბურჯანაძე ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ამ კვირაშიც გაგრძელდა არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრაიმერის მიმართ დამოკიდებულებისა და ოპოზიციონერებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ მსჯელობა. 16 დეკემბრის ”ვერსიის” პირველ გვერდზე ნახავდით სათაურს: ”თინა ხიდაშელი დუმილს არღვევს”. ხიდაშელი ამბობს: ”პრაიმერია ხელისუფლების თამაში. ამაზე სულელური იდეა არ მსმენია. ინიციატორებმა ერთ კითხვაზე მიპასუხონ - როგორ უზრუნველყოფენ, რომ პრაიმერზე მარტო ოპოზიციური ამომრჩეველი მოვიდეს და ”ნაციონალების” ამომრჩევლებმა არ შემოხაზონ ყველაზე სუსტი კანდიდატი?”

17 დეკემბრის ”ყველა სიახლეში” ერთმანეთის გვერდიგვერდ რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილისა და კონსერვატორ კახა კუკავას ინტერვიუები დაიბეჭდა: ”შესაძლოა, კონსერვატორები ფიქრობენ, რომ რაკი ”ფორუმი” და ”ლეიბორისტები” ამ არჩევნებში არ მონაწილეობენ, ადვილად დაიკავებენ რადიკალური ამომრჩევლის დაახლოებით ათპროცენტიან ნიშას და საკრებულოში ფრაქციის შექმნასაც მოახერხებენ. ეს მათი პროგრამის მაქსიმუმია, ჩვენ კი გაცილებით უკეთეს პირობებს ვთავაზობთ”. იმავე გვერდზე კახა კუკავა: ”ჩვენც მოვუწოდებთ ”ალიანსს” პრაიმერში მონაწილეობისა და ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატის - ზვიად ძიძიგურის გარშემო გაერთიანებისკენ. ვურჩევ ”ალიანსის” ლიდერებს ყოფილი ”ჩინოვნიკების” ამბიციები გვერდზე გადადონ.”

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ფარმაცევტული კომპანიების შესახებ ნათქვამმა მიმდინარე კვირაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ეს პრესაშიც აისახა. ”მიზეზები, რის გამოც სააკაშვილმა ”ავერსსა” და ”პეესპეს” დაარტყა” – 15 დეკემბრის ”ალიაში” დაიბეჭდა ასეთი სათაურით სტატია, რომელშიც ”ავერსის” ხელმძღვანელის მოკლე ინტერვიუც იყო ჩართული: ”არ ვართ ჩვენ არანაირი მონოპოლისტები. ვერც ვიქნებით, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ეს ძალიან აკრგად რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა, 156-ზე მეტი იმპორტიორი რომ იქნება შემოსული ქვეყანაში, აქ უკვე ზედმეტია მონოპოლიაზე ლაპარაკი”, - ამბობს პაატა კურტანიძე.

19 დეკემბრის ”რეზონანსი” სახალხო დამცველის ანგარიშის საპარლამენტო მოსმენაზე ვრცლად წერს სტატიაში, სათაურით - ”ომბუდსმენის ხელისუფლებისთვის მოსაწონი ანგარიში”. ამავე ნომრის პირველ გვერდზე წაიკითხავთ ”მოძრაობა 7 ნოემბრის” აქტივისტების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის 11 ადვოკატის მიერ პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ, რაც იმის გამო მოხდა, რომ მათ მოსამართლემ საქმის გაცნობისთვის არასაკმარისი დრო მისცა.

”ალიადან” შეიტყობთ, რომ მამუკა არეშიძემ ”თავისუფალი აზრის სახლი” დატოვა და ეს ნაბიჯი ასე ახსნა: ”მე არ მომეწონა, რომ ჩემთან შეთანხმების გარეშე გადაწყდა ზოგიერთი საკითხი, თუნდაც რეორგანიზაციის საკითხი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG