Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურა, როგორც მშვიდობის გარანტი


თბილისში გასულ კვირას კვლავ განიხილეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ: ქართული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიის განხილვის პროცესში ზოგიერთმა ურჩია ხელისუფლებას უარი თქვას ტერმინზე “ოკუპირებული ტერიტორიები”, რადგან ასე არ მიაჩნიათ სოხუმსა და ცხინვალში; გარდა ამისა, საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ეს არის კონფლიქტი არა მარტო რუსეთთან, არამედ ოსებსა და აფხაზებთან; უნდა გააქტიურდეს ინტერნეტსაშუალებებით საინფორმაციო ომის წარმოება და, ბოლოს, საქართველომ უნდა გააუქმოს აკრძალვა არაქართველი ჟურნალისტებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ჩასვლაზე.

როგორც ხედავთ, ისევ არაფერია ნათქვამი კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე, უფრო სწორად, იმ შეღავათის გამოყენებაზე, რასაც კულტურა იძლევა... არადა, სწორედ კულტურა და კულტურული ტრადიციებია ის, რასაც ომი ვერ შეეხო, ვერ დაანგრია. კულტურის ასეთი იგნორირება, შესაძლებელია, სულაც არ იყოს გააზრებული და გაცნობიერებული. თუმცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა, ყველაფერთან ერთად, სრულიად გაწყდა ”კულტურული ხიდი” ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის, თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა ლამის ”ხალხის მტრად” გამოაცხადონ ყველა, ვინც ომამდე ქართველებისა და აფხაზების, ქართველებისა და ოსების ”კულტურული ინტეგრაციისთვის” იღვწოდა. მაგალითად, ერთი თვის წინ, ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნას მიეძღვნა, სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ასე მოიხსენია სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ფესტივალის, ”მე ადამიანის”, ერთ-ერთი დამფუძნებელი ლირა ცხოვრებოვა:

“ თქვენ, ალბათ, გინახავთ ფილმები, რომელსაც რუსეთის ტელევიზია ომის შემდეგ უჩვენებდა. გახსოვთ ლირა ცხოვრებოვების ვიზიტები ამერიკაში... ”

გაგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართულმა ტელეარხებმა ცხინვალელი აქტივისტის, ადამიანის უფლებების დამცველის ვიზიტს შეერთებულ შტატებში არაერთი სიუჟეტი მიუძღვნეს. ქართული მხარის მტკიცებით, ცხოვრებოვას ეს მივლინებები რუსეთის სპეცსამსახურებმა დააფინანსეს. ოსეთის მხარემ და თავად ლირა ცხოვრებოვამ, რომელიც მანამდეც მონაწილეობდა მშვიდობისმყოფელთა საერთაშორისო შეხვედრებში, ეს ინფორმაცია უარყო... თუმცა მთავარი ისაა, რომ ქართულმა მხარემ დაკარგა ცხინვალის კიდევ ერთი მკვიდრი, რომელიც ომამდე - ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად - ჩამოდიოდა თბილისში და აქტიურად მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ ”ქართულ-ოსურ დიალოგებში”... ამ შეხვედრების აზრი იყო სწორედ იმ კულტურული ფასეულობების აღდგენა, რომელიც ქართველ და ოს ხალხს აერთიანებს.

სხვათა შორის, ტალიავინის კომისიის დასკვნის განხილვის დროს აღნიშნა სწორედ ბატონმა იაკობაშვილმა, რომ კომისიის შექმნის იდეა ქართულ მხარეს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს - ეკუთვნოდა. იაკობაშვილის თქმით, რუსეთის პროპაგანდის მანქანა კარგა ხანია ამზადებდა აზრს, რომ საქართველო ომს დაიწყებდა.

მაგრამ პროპაგანდის მანქანა, ამავე დროს, ყველანაირად ცდილობდა ერთმანეთისგან გაემიჯნა კულტურები და წარმოედგინა აფხაზეთი და ოსეთი, როგორც ქართული სივრცისგან გამოყოფილი რეალობა. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ ჩვენი ხელისუფლება ისევ არ აქცევს ამ ფაქტს ყურადღებას: უფრო კონტრპროპაგანდითაა გართული და არ ცდილობს დესტრუქციულ ვნებებს კონსტრუქციული იდეები დაუპირისპიროს. დისკუსიაზე, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნას მიეძღვნა, რამდენიმე გამომსვლელმა აღნიშნა კიდეც, რომ ქართული მხარე მომავალში მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ინიციატივებით უნდა გამოვიდეს, აღიაროს თავისი შეცდომები და თავის მართლებას თავი დაანებოს... თავის მართლებას, რომელიც შეიმჩნეოდა ტალიავინის კომისიის 1100 გვერდიანი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ.

ტალიავინის კომისიის დასკვნის შედეგები თემურ იაკობაშვილმა საკმაოდ სახიერად წარმოადგინა. კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პირველ დღეებში, რუსეთმა მოიგო საინფორმაციო ომი და იმას მიაღწია, რომ ბიბისიც კი, იაკობაშვილის სიტყვებით, ”7 კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ტყუილს ატრიალებდა”.

”სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ ”სათაურების ბრძოლა”... არის ასეთი მარტივი პრინციპი ჟურნალისტიკაში. თუკი ძაღლი უკბენს ადამიანს, ეს არაა სენსაცია, მაგრამ თუკი ადამიანი უკბენს ძაღლს, ეს უკვე საინტერესოა. ამ პრინციპიდან გამომდინარე, რუსებმა შეძლეს ის, რომ მთელი ყურადღება გადაიტანეს კითხვაზე - ვინ დაიწყო ომი”, - აღნიშნა რეინტეგრაციის მინისტრმა.

მაგრამ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავებისას, ნაკლები მნიშვნელობა აქვს უკვე იმის გარკვევას, თუ ვინ დაიწყო ომი. ”ურთიერთობის სტრატეგია” არა იმდენად წარსულზე, რამდენადაც მომავალზე უნდა იყოს გათვლილი, რაც, ცხადია, წარსულის დავიწყებას არ ნიშნავს... ბოლოს და ბოლოს, ”კულტურა” და კულტურული ტრადიციები ხომ სწორედ წარსულს გულისხმობს... ოღონდ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხდება არა ის, რაც დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არამედ ის, რაც აერთიანებთ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს. სხვათა შორის, კონფლიქტისა და დაპირისპირების ამსახველ წარსულს ის ხალხიც მალე ივიწყებს, ვინც კონფლიქტებს სწავლობს. საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშის განხილვისას, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ნელ-ნელა კარგავს აქტუალურობას.

დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახალი სტრატეგიის შემუშავებაში იღებდნენ მონაწილეობას, არსებითად აღიარებენ, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა მათი რჩევა - უარი თქვა დოკუმენტში შედარებით მგრძნობიარე საკითხების ჩართვაზე და აქცენტი გადაიტანა იმაზე, რაც არ გააღიზიანებს არც თბილისს, არც სოხუმს და არც ცხინვალს. ახლა საჭიროა იმ პროექტების მოფიქრება, რომელთაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთად განახორციელებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG