Accessibility links

logo-print

ქუთაისში მემორიალის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა


ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის მიზნით აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი, დედა-შვილი დაიღუპა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ისინი მახლობლად ცხოვრობდნენ, აფეთქების დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ და ბეტონის ნამსხრევები მოხვდათ. აფეთქებას კომპანია „საქმფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზონის არასწორი განსაზღვრის შედეგია. ქუთაისში მომხდარ ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მომხდარის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში ბრუნდება. სამსახურიდან გათავისუფლდა იმერეთის გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე.
„გამარჯვების მემორიალი“ ავტოქარხნის დასახლებაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე იყო განთავსებული. მისი დემონტაჟი, ავტორთან შეუთანხმებლად, 12 დეკემბერს დაიწყო. ძეგლის დემონტაჟის მიმართ პოლიტიკოსთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. „დიდების მემორიალი“ ქუთაისში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა. ძეგლის ავტორი ცნობილი ქართველი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.
XS
SM
MD
LG