Accessibility links

კომერციულ სამხედრო ქვედანაყოფებზე რეპორტაჟის გაკეთება ჟურნალ “ნიუსვიკის” რუსულენოვან გამოცემაში 30 ნოემბერს გამოქვეყნებულმა საინტერსო სტატიამ მიკარნახა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ მონაწილეობდა ანტიერაყულ კოალიციაში, ჟურნალის თანახმად, ერაყში თურმე საკმაოდ ბევრი რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მოღვაწეობდა ეგრეთ წოდებული კომერციული არმიების ეგიდით.

კერძოდ, საუბარია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ ფირმებზე “ტიგრ ტოპ რენტზე” და “ორიოლ–ანტიტერორზე”, რომელთა აგენტების მიერ დაქირავებული რუსი სამხედროები ერაყში 2004 წლიდან მოქმედებდნენ და, ძირითადად, ობიექტების დაცვისა და სხვადასხვა კოლონების გაცილების ამოცანებს ასრულებდნენ. ჟურნალ “ნიუსვიკის” ინფორმაციით, ერაყში ყველაზე მეტი დაქირავებული ჰყავდა ამერიკულ კომერციულ ფირმა “ბლექვოთერს” (BLACKWATER), რომელიც 50 ათას სამხედრო მოსამსახურეს აერთიანებს.

მაგრამ, “ბლექვოთერის” გარდა, ერაყში სხვა ამერიკული კომერციული ფირმების პარამილიტარისტული დაჯგუფებებიც იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთი კომერციული არმიის ხაზით მოქმედებდნენ ერაყში ქართველი დაქირავებული სამხედროებიც, რომლებიც საქართველოში უმუშევრები დარჩნენ. ჩემი თანამოსაუბრე, რომლის სახელსა და გვარს, მისი თხოვნით, არ ვასახელებ, სწორედ თანამედროვე ქართველი მამლუქია. მეტიც, თავისი რანგისა და გამოცდილების გამო, სწორედ ჩემი თანამოსაუბრე იყო მთავარი შუამავალი, რომელსაც სხვა ქართველი ოფიცრების სელექცია ევალებოდა დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

“კრიტერიუმები არსებობს ასეთ კომპანიებში მოხვედრისათვის, ანუ ყველა მსურველი ვერ მოხვდება ასეთ კომპანიებში”, - ამბობს ჩემი თანამოსაუბრე და განმარტავს კრიტერიუმის მოთხოვნებს: “მინიმუმ “რეინჯერსის” კურსის განათლება უნდა გქონდეს და ზევით, ანუ სპეცდანიშნულების კურსი და ასე შემდეგ. და თუკი ელიტარულ ქვედანაყოფში მოხვდი, - ვთქვათ, ისეთში, როგორიც “ბლექვოთერია”, - მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე უნდა იყო.”

ჟურნალ “ნიუსვიკის” თანახმად, კომერციული არმიები მოქმედებდნენ კოსოვოშიც და აფრიკაშიც, მაგრამ მათმა გამოყენებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია ერაყში. 2005 წლიდან მოყოლებული, ერაყში კერძო სამხედრო კომპანიების მიერ დაქირავებული 200 ათასი სამხედრო მოქმედებდა, მაშინ როცა კოალიციური ძალების საერთო შემადგენლობა 2008 წლისთვის 160 ათას კაცს ითვლიდა. როგორც ჩემი ინკოგნიტო თანამოსაუბრე ამბობს, კომერციული არმიები არა მხოლოდ ობიექტებს იცავდნენ, არამედ საკმაოდ სახიფათო ამოცანებსაც ასრულებდნენ:

“ეს კომპანიები, ძირითადად, ასრულებენ კონტრაქტს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის ერაყის რეგიონში. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული ოპერაცია იყო ფალუჯაში 2004 წელს. საზღვაო ქვეითებთან ერთად ამ კომპანიებმაც მიიღეს მონაწილეობა შეტევითი ოპერაციის შესრულების დროს.”

ერაყში კერძო სამხედრო კომპანიების ეგიდით, 2004 წლიდან მოყოლებული, 100-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა (აქ არ იგულისხმება ის 2000 ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად იყო გაგზავნილი ერაყში). ასეთი დაქირავებული მებრძოლის საშუალო ხელფასი თვეში 3000 დოლარს შეადგენს. ანაზღაურება მეტი ჰქონდათ პროფესიონალ ქართველ ოფიცრებს. თუმცა ამერიკული კომპანიების მიერ დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება განსხვავებულია: დაქირავებული არაამერიკის მოქალაქეები სამჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე ამერიკელები. თანაც, ამერიკული კომპანიები ცდილობდნენ საბრძოლო ოპერაციებში გაეგზავნათ ე.წ. უცხოური ქვედანაყოფი. საქმე ის გახლავთ, რომ პირდაპირი და ირიბი კომპენსაცია, სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, 500 ათას დოლარს აღწევს, მაშინ როცა ამერიკულ ფირმებთან გაფორმებული კონტრაქტი უცხოური კონტინგენტისათვის მხოლოდ ერთჯერად კომპენსაციას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ჩემი ინკოგნიტო თანამოსაუბრე ამბობს, ამერიკული ფირმის წარმომადგენლები ქართველ დაქირავებულებს საკმაოდ პატივისცემით ეკიდებოდენ და აფასებდნენ თითოეულ სამხედროს:

“სხვათა შორის, თითოეულ ასეთ კომპანიაში არ არის ისე, რომ საგნის დონეზე უყურებდნენ ადამიანს. არის კონტროლი და ელემენტარული პატივისცემა, ანუ არ გიყურებენ როგორც საგანს და გეპყრობიან დამსახურების მიხედვით. არ არის განსხვავება იმაში, შენ ქართველი ხარ თუ ამერიკელი. ამ განსხვავებას ადამიანი ვერ გრძნობს.”

მაგრამ, როგორც ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, კომერციულ სამხედრო არმიებში მყოფი ქართველი დაქირავებულების უმეტესობა 2009 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა. ეს ორი მიზეზის გამო მოხდა. უპირველეს ყოვლისა, კომერციულ არმიებზე მოთხოვნა ბოლო ხანს - უფრო ზუსტად, ამერიკის ადმინისტრაციის შეცვლის კვალობაზე - ძალიან შემცირდა. როგორც ჟურნალი “ნიუსვიკი” წერს, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, წინამორბედისაგან განსხვავებით, მაინცდამაინც დიდად არ უჭერს მხარს ე.წ. კომერციული არმიების გამოყენებას. უფრო სწორად, ახალი ადმინისტრაცია უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ კომერციულმა სამხედრო სტრუქტურებმა შეასრულონ არაკონვენციური დავალებები და შეიზღუდოს დაქირავებულების გამოყენება სამხედრო ოპერაციებში, რამაც არაერთხელ გამოიწვია ერაყის მოსახლეობისა და ხელისუფლების უკმაყოფილება. ჩემი თანამოსაუბრე, ყოფილი ქართველი მამლუქი, ამბობს, რომ, ამერიკის ადმინისტრაციის ზეწოლით, “ბლექვოთერმა” ძველი სახელით არსებობა შეწყვიტა:

“პრინციპში, “ბლექვოთერს” პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო აუკრძალეს მოქმედება ერაყში. ეს, ალბათ, განპირობებული იყო კომპანიის აგრესიული მოქმედებებით ერაყელი მოსახლეობის მიმართ.”

თუმცა კომერციული არმიების საბოლოო გაუქმება, ალბათ, არ უნდა იყოს ვაშინგტონის ინტერესებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომერციული სამხედრო კამპანიები საკმაოდ კარგი გადასახადის გადამხდელები არიან. ჟურნალ “ნიუსვიკის” ინფორმაციით, უკვე ხსენებული კომპანია “ბლექვოთერის” წლიურმა მოგებამ 2007 წელს ერთ მილიარდ დოლარს მიაღწია. ასე რომ, ალბათ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ “ბლექვოთერის” ბაზაზე დაფუძნებული ახალი სამხედრო კომერციული სტრუქტურა უკვე გამოჩნდა ავღანეთში, სადაც, როგორც ჩემი თანამოსაუბრე ამბობს, შეერთებული შტატებისა და ნატოს კოალიციის სარდლობას ასევე დასჭირდება კომერციული არმიების დახმარება არაკონვენციური ამოცანების შესასრულებლად:

“ამ ტიპის არმიის გამოყენება იმიტომ დასჭირდათ, რომ აქ, პრინციპში, არ ჩანს სამხედრო ჩარევის კვალი. სადაც კონვენციურ ჯარს ვერ გამოიყენებდნენ, იქ გამოიყენეს ეს დაქირავებული კომპანიები. გაამართლა, პრინციპში, ამ სისტემამ. ავღანეთშიც უკვე დაახლოებით ამ ტიპის კომპანიები მოქმედებენ.”

მაგრამ არიან თუ არა “ქართველი მამლუქები” ამჯერად ავღანეთში? ჩემს თანამოსაუბრეს, რომელმაც ერაყში 3 წელიწადზე მეტი დაყო, ასეთი ინფორმაცია არა აქვს. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ერაყგამოვლილ პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეებზე მოთხოვნა მომავალშიც გაჩნდეს.

საქმე ისაა, რომ ე.წ. კომერციულ სამხედრო სტრუქტურებს მონაცემთა ბაზა აქვთ არა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ერაყსა და კოსოვოში ასრულებდნენ სამშვიდობო ამოცანებს, არამედ ადგილობრივი ინფორმატორების საშუალებით იციან, თუ რამდენი პროფესიონალი ოფიცერი ტოვებს სამხედრო სამსახურს საკუთარ სამშობლოში. როგორც “ნიუსვიკი” წერს, დასავლეთის სამხედრო კომერციული სტრუქტურების ყურადღების ცენტრშია რუსეთი, სადაც კრემლის მიერ გამოცხადებული სამხედრო რეფორმების შემდეგ დაახლოებით 350 ათასი ოფიცერი, ზემდეგი და მიჩმანი დაკარგავს სამუშაო ადგილს. კარგი ნადავლია კომერციული სამხედრო არმიებისათვის.

თავის დროზე სწორედ ასე დაიწყო ქართველი მამლუქების ოდისეაც ერაყში. დასავლური სამხედრო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი ქართველი სამხედროები, რომლებიც, სამხედრო უწყებაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწყებული “საკადრო წმენდის შედეგად, საქართველოში უმუშევრები დარჩნენ, იძულებულნი გახდნენ ჩაწერილიყვნენ კომერციულ არმიებში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ერჩინათ ყოველგვარი კომპენსაციისა და შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG