Accessibility links

logo-print
დიდხანს ვიფიქრე, საიდან დამეწყო ეს სტატია – თავიდან თუ ბოლოდან. თავში ძმები გაჩეჩილაძეები არიან და ბოლოში – აფეთქებულ მონუმენტს შეწირული ოჯახია. ამიტომ, გადავწვიტე, მაინც ბოლოდან დავიწყო...

* * *

დღეს ქუთაისში საპროტესტო აქცია ჩატარდა. არავინ იცოდა და ბოლომდე გაუგებარი დარჩა, ვინ იყო ამ აქციის მთავარი მასპინძელი. არც ის ვიცით, რამე თუ შეიცვლება აქციის შემდეგ.

პრეზიდენტმა დამნაშავე უკვე მოძებნა: იმერეთის გუბერნატორი მოხსნა და პარლამენტის შენება განაგრძო – ჯერჯერობით ადამიანების ცნობიერებაში, რის დასტურადაც ცარიელ მინდორზე დიდი ბანერი გამოფინა.

ზოგიერთი ჩვენგანი ელოდა, რომ დღეს საზოგადოებას უნდა ეთქვა, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტს; უნდა ეთქვა, ააშენებინებს თუ არა მას პარლამენტს ბავშვის სისხლზე და აკმარებს თუ არა გუბერნატორის მოხსნას. თანაც, ისე უნდა ეთქვა, რომ გამგებს გაეგო.

ოღონდ, ვისაც ასეთი მოლოდინი ჰქოდა, მას დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეების პროტესტი არ აინტერესებს. იგი არ არის ჰუმანისტი, რომ ადამიანის ბედი აღელვებდეს, იგი პოპულისტია და მასას ყველა სხვა ლიდერზე უკეთესად მართავს.

რაგინდ გაყალბებულად ფასდებოდეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, არავის უთქვამს, რომ 7 ნოემბრიდან ორი თვის თავზე ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილზე მეტი ხმა მიიღო. ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა ოფიციალურ მომხრედ „გაიფორმა“ არჩევნებში მონაწილეთა 25%, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა გასამარჯვებლად. პრეზიდენტმა კი, მისთვის ყველაზე მწვავე სიტუაციაში – დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით, მაგრამ – პირველობა შეინარჩუნა.

ამის შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძის პიროვნულ ფაქტორზე დაყრდნობით, გაჩნდა იდეა, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერს წამოშველებოდა საზოგადოებრივი ლიდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იმ ადამიანებსაც გადაიბირებდა, რომლებიც პოლიტიკურ აქტიურობას ერიდებოდნენ. საზოგადოებრივი ლიდერობა უკვე არსებული პოლიტიკური ლიდერის ოჯახის წევრმა – ძმამ, გიორგი გაჩეჩილაძემ – იტვირთა. ჩაფიქრებული, ცხადია, ის იყო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ერთ ძმას მიეზიდა პოლიტიკურ ორბიტაზე, ხოლო მეორე ნაწილი – მეორე ძმას – საზოგადოებრივ ორბიტაზე. ოღონდ, ეს ორი სეგმენტი სად, როდის და რისთვის უნდა შეხვედროდა ერთმანეთს, ამ კითხვაზე, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ძმებს გააზრებული პასუხი არ ჰქონდათ.

პროტესტის საზოგადოებრივ „მინდორზე“ გადატანის შედეგი ვიხილეთ 26 მაისს, როდესაც ეროვნულ სტადიონზე გიორგი გაჩეჩილაძემ 50 000–ზე მეტ ადამიანს მოუყარა თავი.

იმ დღეს „უცნობს“ ერთადერთი არჩევანი ჰქონდა: მის მხარდასაჭერად მოსული ხალხი მისთვისვე სანდო პოლიტიკური ლიდერისთვის – საკუთარი ძმისთვის – უნდა გადაებარებინა. ლევან გაჩეჩილაძეს კი მოქმედების ზუსტი გეგმა უნდა ჰქონოდა. ამ კრიტიკულ მომენტში ძმებმა თითქოს დაიმორცხვეს, სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს, სულ სხვა გზას გაუყენეს ათასობით ადამიანი და ზუსტად იმ დღეს, ერთდროულად დაასრულეს ლიდერობა. ყველაფერი დანარჩენი – უილაჯო ინერცია იყო.

რა შეცდომა დაუშვეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა? მათ ვერ შეკრიბეს იმ რაოდენობის მომხრეები, რამდენიც საკმარისი იქნებოდა არჩევნების დასანიშნად და მოსაგებად, მაგრამ მათ შემოიკრიბეს იმდენი ადამიანი, რამდენმაც, თავის დროზე, „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა. არადა, ძმები, თავისი ჯამური შინაგანი რესურსით, სწორედ არჩევნებისთვის იყვნენ მზად და არა – რევოლუციისთვის.

ახლა არაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რამდენად შეესაბამებოდა ან ერთი და ან მეორე ძმის ინტელექტი თუ გამოცდილება მათ მიერ ნაკისრ ფუნქციას. უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ აღმოაჩნდათ თავდადების მაღალი დოზა, მაგრამ არ აღმოაჩნდათ ლიდერისთვის აუცილებელი რისკის გაწევის უნარი. ამ უნარზე კი ინტელექტი და გამოცდილება სწორედ რომ უარყოფითად მოქმედებს.

დღეს რეალობა ამგვარია: პროტესტულ საზოგადოებას ჰყავდა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ვერ გაამართლა; ჰყავდა საზოგადოებრივი ლიდერი, რომელმაც აგრეთვე ვერ გაამართლა. ლევანი მეტისმეტად საზოგადოებრივი აღმოჩნდა პოლიტიკური ლიდერობისთვის, ხოლო გიორგი, როგორც საზოგადოებრივი ლიდერი, მეტისმეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა პოლიტიკური პროცესის მიმართ. თუმცა, გადამწყვეტ მომენტში, ძმებმა ვერ აღიარეს, რომ ერთმანეთის გასაძლიერებლად მუშაკობდნენ, რამაც ორივეს შრომას ფასი დაუკარგა. საბოლოოდ, ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებმა ერთმანეთი დაასუსტეს და ვერ გააძლიერეს.

ახლა როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი ლიდერის ნიშა თავისუფალია. პროტესტი თავმოუბმელია და პრეზიდენტი გათამამებულია თავისი ხელშეუვალი ძალაუფლებით. გუშინდელი ტრაგიკული აფეთქების შემდეგ, დღეს იმავე მინდორზე დადგმული ბანერით მიხეილ სააკაშვილი გვეუბნება: „პარლამენტის შენობის აგებას ვერაფერი შეაფერხებს, იმიტომ, რომ მე ასე მინდა.“ იმას, ვინც აღშფოთებულია პრეზიდენტის სიჯიუტით, შეუძლია, ცივი წყალი დალიოს და ახალ ლიდერზე იოცნებოს.

ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანია „მაესტროში“ დასრულდა რომანტიზმის ხანა, როდესაც მთელი ძალები საზოგადოებრივი ლიდერის გაძლიერებას ემსახურებოდა. ამიერიდან საინფორმაციო პოლიტიკა სწორედ რომ ეფექტიან ნაბიჯებზე და პოლიტიკურ ლიდერზე იქნება ორიენტირებული. შორიდან პროცესი იმგვარად გამოიყურება, თითქოს, ოპოზიციას პოლიტიკური სიზარმაცის დრო უდგას. სინამდვილეში, სწორედ ახლა, ჩვენი თვალისგან ფარულ ბრძოლაში – კიდევ ერთხელ ჩვენს გარეშე – წყდება, ვინ იქნება ლიდერი.

თუმცა, ეს ხელს ვერ შეგვიშლის, გაჩეჩილაძეების ოჯახის პოლიტიკურ–საზოგადოებრივი ფუნქცია ქართულ სინამდვილეში არსებითად ამოწურულად მივიჩნიოთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG