Accessibility links

logo-print
ირანის წმინდა ქალაქ ყუმში 21 დეკემბერს დაკრძალეს ცნობილი დისიდენტი სასულიერო პირი - დიდი აიათოლა მონთაზერი, რომელიც, 87 წლის ასაკაში, კვირას გარდაიცვალა. მონთაზერი, რომელიც თავის დროზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერ აიათოლა ხომეინის მემკვიდრედაც ითვლებოდა, ირანის დღევანდელი რეჟიმის ერთ-ერთი მკაცრი კრიტიკოსი იყო.

ირანის ოპოზიციის სულიერი წინამძღოლის, ჰოსეინ ალი მონთაზერის, გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვეს ირანის ცნობილმა სასულიერო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, მათ შორის, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ჰათამიმ, ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატმა შირინ ებადიმ მონთაზერის “უფლებადამცველების მამა” უწოდა.

დიდი აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერი ბოლო თვეების განმავლობაში ირანის ოპოზიციური “მწვანე მოძრაობის” სულიერ მამად ითვლებოდა და მკაცრად აკრიტიკებდა ირანის დღევანდელ რეჟიმს. სწორედ ამიტომ 21 დეკემბერს მონთაზერის დაკრძალვა ერთგვარ ანტისამთავრობო მანიფესტაციად იქცა. აი, რა უამბო ქალაქ ყუმში მიმდინარე მოვლენებზე ერთ-ერთმა ინკოგნიტო აქტივისტმა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს:

“მონთაზერის სახლის წინ დილის 7 საათიდან შეკრებილი ხალხი იძახდა:“ალაჰ აკბარ” და “ია ჰოსეინ, მირ ჰოსეინ”. ამას შემდეგ მოჰყვა სხვა შეძახილებიც, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ ახლაც გაიგონოთ: “დღეს გლოვის დღეა”, “ირანის მწვანე მოძრაობის ღირსება დღეს ღმერთს მიებარა”. მსგავსი შეძახილები გაისმოდა მწვანე მოძრაობის წევრთა საპროტესტო აქციაზეც.”

როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, აიათოლა მონთაზერთან გამოსამშვიდობებლად წმინდა ქალაქ ყუმში ოპოზიციის ლიდერები მეჰდი ქარუმი და მირ ჰოსეინ მუსავი ჩავიდნენ. რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის, მონთაზერის სახელობის სტიპენდიანტი აჰმად გაბელი კი პოლიციამ წინა ღამით დააკავა. ირანის ოპოზიციური ვებსაიტები იუწყებოდნენ ასევე პოლიციასა და ოპოზიციის მომხრეთა შეტაკების შესახებაც, რომლის დროსაც აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. თეირანში შეკრებილ დემონსტრაციაზე კი გაისმოდა შეძახილები ირანის სასულიერო ლიდერ ალი ხამენეის წინააღმდეგ:

“ეს არის სისხლიანი თვე, საიად ალი, ალი ხამენეი ჩამოგდებული იქნება! ეს არის სისხლიანი თვე, საიად ალი ჩამოგდებული იქნება!”

რაც შეეხება ირანის ამჟამინდელ უმაღლეს სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, თავის გამოსათხოვარ მიმართვაში მან ღმერთს სთხოვა, “შეუნდოს მონთაზერის” იმ მძიმე და კრიტიკული გამოცდისათვის, რომლის წინაშეც იგი დადგა “აიათოლა ჰომეინის ცხოვრების ბოლო წლებში”. როგორც ცნობილია, აიათოლა მონთაზერი ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, ლიდერ აიათოლა ხომეინის მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ ხომეინის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მასთან განხეთქილება მოუვიდა ირან-ერაყის ომის წარმოებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო. დიდი აიათოლა მონთაზერის დაკრძალვის დღეს, 21 დეკემბერს, ირანის კულტურის მინისტრმა გააფრთხილა ირანული გაზეთები, - გარდა იმისა, რომელიც ირანის ამჟამინდელ სასულიერო პირს ეკუთვნის, - პირველ გვერდებზე არ დაებეჭდათ მისი ფოტო და ნეკროლოგი. ირანის ხელისუფლებამ დასავლეთის მედიას ქალაქ ყუმში ჩასვლა და მონთაზერის დაკრძალვის ცერემონიის გაშუქება აუკრძალა.
XS
SM
MD
LG