Accessibility links

logo-print
იოსებ სტალინის დაბადების 130-ე წლისთავი მშრომელთა საბჭოსა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე აღნიშნეს. მშრომელები მიტინგს გორის ცენტრალურ მოედანზე, სტალინის მონუმენტთან მართავდნენ. კომუნისტები და მათი მხარდამჭერები კი სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ. მონუმენტთან მივიდა სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი შვილიშვილებთან - იოსებთან და ვასილთან ერთად. 15 წლის იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილმა თანატოლებს სტალინის შესახებ მეტი წიგნის წაკითხვა სთხოვა.

სტალინის ძეგლთან შეკრებილმა 50-მდე მომიტინგემ ხელისუფლების მიერ კომუნისტური და სოციალისტური სიმბოლიკისა და ძეგლების დემონტაჟის პროცესი დაგმო. მათი აზრით, ხელისუფლებამ არაერთი ვანდალური აქტი უკვე ჩაიდინა. „ნუთუ პრობლემა ეს დარჩა, რომ სტალინის ძეგლი ავიღოთ? პრობლემა ათასზე მეტია. სტალინი არ არის პრობლემა, მაგრამ აქცენტი მის ძეგლზე გადააქვთ. რომანოვების ძეგლი დღესაც დგას ლენინგრადში, ძეგლების ნგრევა ეს არის ვანდალიზმი, ამაზე დიდი სიგიჟე არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში“, – ამბობდნენ მიტინგზე შეკრებილები.

ევგენი ჯუღაშვილი შვილიშვილებთან ერთად
პოლიტიკური პარტიის „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ავთო მარგიანმა იოსებ სტალინი ქრისტეს შეადარა და იმ ანტისტალინისტებს, რომლებიც გორის ცენტრალური მოედნიდან ძეგლის მუზეუმში გადატანას მოითხოვენ, ლექსიც მიუძღვნა: „ქრისტეს შემდეგ სტალინი იქნება კაცობრიობისათვის ყველაზე საყვარელი, როგორც თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო. სტალინის მოწინააღმდეგეებს მივუძღვენი: სკამებისათვის მებრძოლნო, გამხილოთ თქვენმა ენამა, როგორც სტალინი გიყვარდეთ, ისემც გიშველოთ ზენამა.“

სტალინისტთა მიტინგებზე დღეს ანტისტალინისტები არ გამოჩენილან. მათი აქტიურობა აგვისტოს ომის წლისთავზე დაიწყო. ზაფხულში გორის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრალური მოედნიდან ძეგლის მუზეუმში გადატანა მოითხოვეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს. მაშინ ახალგაზრდებმა მონუმენტის კვარცხლბეკზე გააკეთეს წარწერა: „ჩამოკვარცხლბეკდი სოსელო“ , რასაც ადგილობრივ კომუნისტებთან დაპირისპირება მოჰყვა.

მაშინ ანტისტალინისტმა ახალგაზრდებმა ცენტრალურ მოედანზე სტალინის მონუმენტის ნაცვლად აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის დადგმა მოითხოვეს.

ზაფხულში სტუდენტებმა სტალინის მონუმენტზე არაერთი წარწერა გააკეთეს. მათ ნახელავს ჯერ კომუნისტები, შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შლიდნენ. მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელ ფეისბუკში სპეციალური ჯგუფიც შექმნეს სახელწოდებით „სტალინი მუზეუმში“. მალე, ეს ჯგუფი, ასევე ფეისბუკში შექმნილ „ლიბერალურ საზოგადოებაში“ გაერთიანდა. კომუნისტები და სტალინისტები მიიჩნევენ, რომ ანტისტალინისტი ახალგაზრდების უკან თავისუფლების ინსტიტუტი დგას. გორში ამ ახალგაზრდების აქტიურობამ სულ ერთ თვეს გასტანა, მათი მუქარა ძეგლის გადატანის მოთხოვნით მასობრივი აქციების მოწყობის თაობაზე კი შეუსრულებული დარჩა.
XS
SM
MD
LG