Accessibility links

logo-print

ოპოზიციის პროტესტი "დიდების" ნანგრევებზე


დიდების მემორიალის აფეთქება

დიდების მემორიალის აფეთქება

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის ნანგრევებთან არასაპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი შეიკრიბა. მათ მემორიალის დემონტაჟი - 28 მეტრი სიმაღლის თაღის აფეთქება - ვანდალურ ფაქტად შეაფასეს. ლიდერებმა ძეგლის აფეთქების დროს დედა-შვილის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილს დააკისრეს.

ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, მხოლოდ იმერეთის გუბერნატორის და კომპანია „საქფეთქმრეწვის“ დირექტორის დასჯა საკმარისი არ არის. “ადამიანების სისხლსა და ძვლებზე პარლამენტის შენობის აშენება არ შეიძლება. ქუთაისს პარლამენტის შენობა კი არა, სამუშაო ადგილები, ქარხანა და ფაბრიკა სჭირდება“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სოზარ სუბარს ეეჭვება, რომ სამართალდამცველები ფაქტს ობიექტურად გამოიძიებენ. ის საზოგადოებრივი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა:

„ეს საქმე არ იქნება გამოძიებული ხელისუფლების მხრიდან და არ დაისჯებიან დამნაშავეები, ისე როგორც არ დაისაჯნენ ის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი მიუძღოდათ თბილისში შენობის დანგრევასა და ადამიანების დაღუპვაში. ისინი არ დაისაჯნენ, რადგან მაღალჩინოსნები იყვნენ. აქაც ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა ყველაფერი და იმ ერთ ადამიანს უნდა მოეთხოვოს პასუხი. ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე მოვითხოვ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია და ჩვენ გამოვიძიოთ, რა მოხდა სინამდვილეში“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სუბარმა.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა მემორიალის ადგილზე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენება მოითხოვა.

მწერალ ოტია იოსელიანის შეფასებით, მერაბ ბერძენიშვილის საბრძოლო დიდების მემორიალი არ იყო საბჭოთა ძეგლი. ის ავტორმა ბოროტებისა და სიკეთის მარადიულ ბრძოლას მიუძღვნა.

აქციაში მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმაც მიიღეს.

მემორიალის დანგრევას, დედა-შვილის დაღუპვას დღეს რიგითი ქუთაისელებიც აპროტესტებდნენ, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნებიან:

“ძეგლის აფეთქება იყო ვანდალიზმი. ასეთი რამ მარტო ფაშისტურ ფილმებში მინახავს... დანგრევის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულია. უსამართლოდ დაანგრიეს. უცოდინრობის პირობებში დაანგრიეს. რას ერჩოდნენ?“

საბრძოლო დიდების მემორიალის რკინა-ბეტონის თაღი 19 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქების დროს დედა-შვილი დაიღუპა. ისინი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფებოდენენ. დაშავდა ირაკლი ჯინჯიხაძე, რომელიც ნეკნების მოტეხილობით ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში წევს.

აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მოხდა. შესაბამისმა სამსახურებმა ვერ უზრუნველყვეს მოსახლეობის ბინებიდან და ქუჩიდან დროული ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG