Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლიმატური ცვლილება - გლობალური დათბობა, სადაა გამოსავალი


კოპენჰაგენი ბოლო კვირას ბევრი რამის მომსწრე გახდა. ის, რომ ამ ქალაქში ასობით მკვლევარი და ექსპერტი, ასევე პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, რათა გლობალური დათბობისთვის თავის დაღწევის გზები განეხილათ, ერთია. მათთან ერთად, მათზე ბევრად მეტი სხვა ადამიანი - არა კლიმატური ცვლილების თობაზე შეხვედრის ოფიციალური მონაწილე - ჩავიდა იქ და ამ მონაწილეთათვის ხმის მისაწვდენად მოეწყო მასობრივი, დიდი დემონსტრაცია. ვერ გეტყვით, რეკორდი დამყარდა თუ არა, მაგრამ პოლიცია რომ კარგად იყო მომზადებული, იმითაც ჩანს, რომ ათასამდე კაცი დააკავეს. დიდი ნაწილი, მართალია, მალევე გაუშვეს, მაგრამ მათი ერთი დღის საკვებიც კარგა გვარიანი თანხა დაჯდებოდა - კოპენჰაგენში შეკრებილები კი კლიმატური ცვლილების საქმეში, ძირითადად, ფულზე დავობდნენ. ეკონომიკურად და ფინანსურად განვითარებული ქვეყნები მდიდარი ქვეყნებისგან მეტ ფულს მოითხოვენ, ფული კი მათ კლიმატის ცვლილებისგან მიღებული ზარალისა თუ ხარჯის დასაფარად სჭირდებათ. რატომ სდევს თან ხარჯი კლიმატურ ცვლილებებს ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის? იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებას იწვევს ნახშირორჟანგის- „სათბურის გაზად“ მონათლული აირის - დონის ზრდა ატმოსფეროში, მის შესამცირებლად კი ტექნოლოგიის შეცვლა, ახალი ტექნიკის გამოყენებაა საჭირო. შესაბამისად, განვითარებად ქვეყნებს მოუწევთ ეგრეთ წოდებულ „მწვანე ტექნოლოგიაზე“ გადასვლა, რაც ფული ღირს. მე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შეკითხვას კი დავსვამ: ვინ იქნება ამ მწვანე ტექნოლოგიის მწარმოებელი, ვინ მიიღებს მოგებას იქიდან, რომ მთელი მსოფლიო გადავა ახალ ტექნოლოგიაზე? ახლა ვითარება იმ მხრივ შეიცვალა, რომ გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზის თაობაზე ერთი აზრი გაბატონდა და მისი მოწინააღმდეგეების ხმა აღარ ისმის. კოპენჰაგენში, როგორც გითხარით, დავა იმაზე იყო, ვინ უნდა გადაიხადოს მეტი. მდიდარი ქვეყნებისგან მეტის გაღების მომთხოვნთა რიგებში აქტიურობენ რუსეთიცა და ჩინეთიც, რომლებიც, თავიანთი პოლიტიკური და სოციალური განვითარებით, ვერ არიან მოწინავენი, მაგრამ, სამრეწველო თვალსაზრისით, - სულ მცირე, ამ გაზის მწარმოებელი მრეწველობით, ავანგარდს წარმოადგენენ. პირველ რიგში, ეს ითქმის ჩინეთზე, თუმცა დასავლეთის მიერ ორივე მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სავაჭრო პარტნიორად აღიქმება. მოუსმინეთ კოპენჰაგენის შეხვედრისა და ამ ორი დაპირისპირებული ჯგუფის შესახებ მედვედევის სიტყვას, რომელიც მან თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა:

„ფიქრობენ, რომ საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების მიმართ. ჩვენ ყველა განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ. საჭიროა პასუხისმგებლობა ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და თითოეული ჩვენი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს არ ეწინააღმდეგებოდეს. გასაგებია, რომ ახალგაზრდა ინდუსტრიულ ქვეყნებს მეტი ენერგეტიკული რესურსი დასჭირდებათ, ვიდრე პოსტინდუსტრიულ სახელმწიფოებს, რომლებმაც უკვე განავითარეს თავიანთი ეკონომიკები.“

მედვედევის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ჩინეთის აქტიურობა, ჩინეთისა, რომელიც განვითარებადი ქვეყნების მებაირაღეა ამ სფეროში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იან იუმ განაცხადა, რომ განვითარებული ქვეყნები ზედმეტ მოთხოვნებს უყენებენ განვითარებად სამყაროს. ასე რომ, როგორც გითხარით, რუსეთის და ჩინეთის ეს პოზიცია - ახლა განვითარებადი ქვეყნების პოზიციიდან ლაპარაკი - ბევრისთვის მოულოდნელიც იყო. ამას კონფრენციაზე ატმოსფეროს გაუარესება მოჰყვა - ითქვა, რომ ქვეყნები პოლიტიკას იყენებენ საკუთარი პირობების გასატანად, თუ ვის რა დოზით დაეკისროს სამრეწველო ემისიის შემცირება. ეს ემისია, გიმეორებთ, ნახშირორჟანგს ეხება.

კოპენჰაგენს უსიამოვნების გარეშე არ ჩაუვლია. განვითარებადმა ქვეყნებმა, სოლიდარობის ნიშნად, კონფერენცია რამდენიმე საათით დატოვეს. მათ წინ მიუძღოდნენ აფრიკის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ სამომავლო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნეს ღარიბი ქვეყნების საგანგებო მდგომარეობა.

მოკლედ, დავობენ ფულზე. ევროპამ თავისი გაიღო, თქვა რა, რომ წელიწადში 2 მილიარდ ოთხასი ათასს გამოყოფს. აშშ-მა და დანარჩენმა სამყარომ, ევროკავშირთან ერთად, მთელი ხარჯის 30-30 პროცენტი უნდა გამოყოს. ევროპამ ფული მაგიდაზე დადო, ახლა სხვათა ჯერია.

ხუთშაბათს აშშ-მა თავისი მზადყოფნა კოპენჰაგენში, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის პირით, ასე დაადასტურა:

„აშშ ემზადება იმუშაოს სამომავლო მიზნისთვის - კერძოდ, იმისათვის, რომ 2020 წლისთვის შეგროვდეს 100 მილიარდი დოლარი და პასუხი გაეცეს კლიმატის ცვლილების გამო განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებას.“

დავუბრუნდეთ თემას, რომელიც უკანა პლანზე გადაიტანა და დაჩრდილა ამ ფულის გამოყოფისათვის ბრძოლამ, ღარიბი ქვეყნების შიშმა, რომ ისეთ რამეს დაავალებენ, რასაც ვერ აუვლენ და უფრო მეტად გაღარიბდებიან.

ჰავის ცვლილებისა და გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზზე მეცნიერთა შორის ერთი აზრი არასდროს ყოფილა. უფრო ცნობილია ნახშირორჟანგის, CO2-ის - სათბურის გაზსაც რომ უწოდებენ - თეორია, რომლის თანახმადაც, ამ გაზის ატმოსფეროში შემცველობის ზრდა ასუსტებს შრეს, რომელიც არეგულირებს მზის ინტენსიურობის დედამიწამდე შეღწევას. ამას შედეგად მოსდევს დათბობა დედამიწაზე. აქვე გეტყვით, რომ CO2-ის მცენარეთა განვითარებაზე დადებითი ზემოქმედების გამო მას სასათბურე მეურნეობებში იყენებენ. ამ მიზეზით შეერქვა თეორიასაც “სასათბურე გაზის თეორია”.

ეგრეთ წოდებული „მზის თეორიის“ ზოგიერთ მომხრეს მიაჩნია, რომ სასათბურე გაზის ზრდა შედეგია და არა მიზეზი გლობალური დათბობისა. მზის თეორიის ავტორები და მომხრეები ფიქრობენ, რომ მზის სხვადასხვა მდგომარეობა, მასზე ლაქების ინტენსიურობა დედამიწაზე სხვადახვა ფაზას იწვევს - უფრო თბილსა და უფრო გრილს. შეიძლება იკითხოთ: რატომ არ არის ეს თეორია პოპულარული, რატომ სურთ სათბურის გაზის შემცირება და რატომ გაფორმდა “კიოტოს ხელშეკრულება”, რომელიც მრეწველობას ავალდებულებს ნაკლებად აწარმოოს პროდუქტი, რომელიც ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოყოფას იწვევს? ამ პროცესს “ჰავის ცვლილების საერთაშორისო საბჭო” განაგებს. მასში მსოფლიოს უამრავი მეცნიერი შედის, რომელთა მოვალეობაა დედამიწის ყველა კუთხეში წარმოქმნილი თეორია განიხილონ. გერმანელი ფიზიკოსი ალვო ფონ ალვენსლებენი ბრალდებას უყენებს საბჭოს, რომ ის დაკომპლექტებულია პოლიტიკური და არა მეცნიერული პრინციპით. ამასთან, მზის ფიზიკის სპეციალისტი ამბობს, რომ დასკვნა ამ თეორიის შესახებ არ იყო მეცნიერთა, ექსპერტთა მიერ დამტკიცებული დოკუმენტი. ამ დასკვნის ავტორს, ამბობს ფონ ალვენსლებენი, უფლება ჰქონდა თეორია არგუმენტების გარეშე უარეყო.

ალვენსლებენთან პირდაპირ კამათში ჩაერთო ასევე გერმანელი ფიზიკოსი, ჰავის ცვლილების მკვლევარი, პროფესორი შტეფან რამსტორფი, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, მზე რასაც აკეთებს, იმაზე ადამიანს ზემოქმედების ძალა არ შესწევს, ნახშირორჟანგზე კი ზემოქმედება შეგვიძლიაო.

თავის დროზე ფონ ალვენსლებენმა რამსტორფს ღია წერილი მისწერა, სათაურით „წითელი ბარათი კლიმატის ექსპერტებს“, რომელშიც მას პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და, ბოლოს, თემის განხილვის შემდეგ, დაასკვნა: გლობალური დათბობა აჩრდილია, რომელმაც ვერც ერთი გამოცდა თავისი რეალური არსებობის შესახებ ვერ ჩააბარაო. ფონ ალვენსლებენის აზრით, ის უზარმაზარი ხარჯი, რომელიც ახლავს ამ თემის განახლებას, თუკი ის წარმატებული იქნა, 2050 წლამდე მხოლოდ ორი მესამედი გრადუსით დასწევს ტემპერატურას.

ამის ფონზე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა კოპენჰაგენშივე თქვა, ერთიანი ძალისხმევაა საჭირო საერთო მომავლისთვის ზრუნვის საქმეში, ერთმანეთის ხარჯზე ეს ვერ გაკეთდებაო: „მჯერა, გულწრფელად ვერავინ უარყოფს, რომ, ერთიანი ქმედების გარეშე, ზღვის დონის აწევას შეუძლია რუკიდან მთელი სახელმწიფოები წაშალოს.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG