Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 22 დეკემბერი 2009


მიმოხილვას ”რეზონანსით” ვიწყებთ, რომელიც აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ჯოზეფ კეის ადვოკატი შეიძლება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდეს”. გაზეთი წერს, ადვოკატთა ნაწილი ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პროცესში ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობსო. გაზეთის ცნობით, ხმის მიცემამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზში რამდენიმე ადამიანი შემოიყვანეს, ათი წუთის შემდეგ კი ისევ შემოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, ასოციაციის წევრები ვართო, თუმცა შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამოყოფილ ადგილას დასხდნენ.

გაზეთში ასევე ნახავთ ”ალიანსი საქართველოსათვის” წევრის ზაზა გოგსაძის გამოხმაურებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, თითქოს მის სახლში პოლიცია ძებნილის დასაკავებლად შევიდა. 15 დეკემბერს გოგსაძემ განაცხადა, სახლში პოლიციის ფორმიანები შემოვიდნენ ორდერის გარეშე და მიზეზის აუხსნელად ჩხრეკა დაიწყესო. ერთი კვირის შემდეგ სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, გოგსაძის სახლში ნარკოტიკების მოხმარებაში ეჭვმიტანილ ფირუზ მაჩაიძეს ეძებდნენ და ვერც ერთი პოლიტიკოსის სახლი ვერ გახდება კანონდამრღვევი პირის თავშესაფარიო. ახლა გოგსაძე ამბობს, ფირუზ მაჩაიძე ვინ არის, არ ვიცი, ხოლო თუ ვინმეს ეძებდნენ, მაშინ რატომღა მითხრეს, რომ ჩემს სახლში შემოჭრასთან დაკავშირებით ძიება მიმდინარეობსო. ზაზა გოგსაძე, რომლის მამაც ამ ინციდენტის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ამბობს: მამაჩემის გარდაცვალებას არავის ვაბრალებ, ისედაც ცუდად იყო, მაგრამ ამხელა შიში, იარაღიანი ხალხი ადვილი გადასატანი ხომ არ იყო მისთვის? კარგად იმოქმედებდა ეს ავადმყოფზე?” - კითხულობს ზაზა გოგსაძე სტატიაში.

”ალია” რამდენიმე სტატიას აქვეყნებს ქუთაისში მემორიალის აფეთქებისას დატრიალებული ტრაგედიისა და იქ ოპოზიციის მიერ გამართული მიტინგის შესახებ. ქუთაისიდან დაბრუნებულმა იური ვაზაგაშვილმა ”ალიას” უთხრა: ”ტელევიზიით ხალხი გამოიყვანეს და ათქმევინეს, აფეთქებამდე 10 დღით ადრე გაგვაფრთხილესო. არადა, ამ დროს მეზობლები სულ სხვა რამეს ლაპარაკობენ: აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყეს გაფრთხილება, ბინები დატოვეთო.”

„ალიაშივე“ აკეთებს კომენტარს პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე მოსახლეობის დროულად გაფრთხილების თაობაზე. ის ამბობს, ერთ საათზე ადრე რომ გაეფრთხილებინათ მოსახლეობა, უარესი იქნებოდა, რადგან აფეთქების საყურებლად ნახევარი ქუთაისი მოვიდოდა და ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა უსაფრთხოებას - 19-შიც კი გაუჭირდა პოლიციას მოსახლეობის დამორჩილება და წინასწარ დათქმულ დღეს ცნობისმოყვარეების რამხელა ტალღის გამკლავება მოუწევდათ სამართალდამცავებს, ხომ წარმოგიდგენიათო.

ქუთაისში მომხდარს პირველ გვერდს უთმობს ”საქართველოს რესპუბლიკაც“. სტატიის სათაურია „ორი ტერორისტული აქტი“, გვერდით კი ფოტომონტაჟია: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტო და გვერდით - ქუთაისში აფეთქებული მემორიალი.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG