Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სასმელი წყალი და გზები კახეთში კვლავ პრიორიტეტია


კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 2009 წელს პრიორიტეტი სასმელი წყალი იყო. მუშაობა ამ კუთხით იმ სოფლებშიც დაიწყო, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა და ადგილობრივებს კილომეტრების გავლა და წყლის ზიდვა მეზობელი სოფლებიდან უხდებოდათ. კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის, განცხადებით, სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხები გამოიყო და პრობლემა რეგიონში თითქმის 80 პროცენტით მოგვარდა:

`საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, პრიორიტეტი სასმელი წყალი იყო. წყლებზე და წყლის რეაბილიტაციაზე კახეთში წელს დაახლოებით 16 მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს მივაღწიეთ იმას, რომ ზოგიერთ სოფელში, სადაც საერთოდ არ ყოფილა წყალი, მაგალითად, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, - ზემო მელაანში, ფაქტობრივად, წყალი საერთოდ არ იყო, - უნდა ითქვას, რომ აქ ყველა უბანში, თითოეულ ოჯახში უკვე სასმელი წყალია. ასეთი ბევრი სოფელია. ჩვენ დაახლოებით 20-ზე მეტი ჭაბურღილი დავამატეთ წელს კახეთში. ქალაქ დედოფლისწყაროს მაგალითს ვიტყვი კიდევ. იყო ორსაათიანი გრაფიკი. ამ ქალაქს უკვე 24 საათიანი გრაფიკით აქვს წყალი. მუდმივად პრობლემა იყო ქალაქ თელავშიც. აქ გაკეთდა ორი ჭაბურღილი, რომელმაც კარგი მარაგი მოგვცა და იმ პერიოდებშიც კი, როდესაც არის ყინვა ან გვალვა და ზოგადად წყლის მარაგი დაბალია, თელავს ასეთ დროსაც კი არ ექმნება პრობლემა. ჩვენ ამ მიმართულებით დაახლოებით 145 სოფელში შევედით. ვერ ვიტყვი, რომ ასი პროცენტითაა მოგვარებული კახეთში წყლის საკითხი, მაგრამ წყლის პრობლემა რეგიონში დაახლოებით 70-80 %-ია მოგვარებული.“

მოსახლეობის მხრიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად წლების მანძილზე დანგრეული გზები სახელდებოდა. შიდა საუბნო გზები კახეთში კვლავაც პრობლემად რჩება, თუმცა 2009 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ცენტრალური გზების გასაკეთებლად მილიონობით ლარი დაიხარჯა. კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის, განცხადებით, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება და მომავალში შიდა საუბნო გზების პრობლემაც მოგვარდება:

`თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში გზა გაკეთდა თავისი ღვარმიმღებებით, ასევე ბორდიურებით. დავასახელებ ნუკრიანიდან ბოდბეში ჩასასვლელ გზას - ისიც ხარისხიანი გზა არის. სოფელ კარდენახში დაახლოებით 4 კილომეტრიანი გზა გაკეთდა - თითქმის მთელი სოფელი ამ გზით სარგებლობს. არ შემიძლია არ ვახსენო თბილისი-თელავის გზა, გომბორის გავლით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თელავის განვითარებისთვის, ასევე ახლომახლო რაიონებისთვის. Eეს როგორც მანძილს და მგზავრობის დროს ამოკლებს, ასევე იმოქმედებს თითოეული ადამიანის ჯიბის კეთილდღეობაზე.~

ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარება 2009 წელს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებშიც დაიწყო. გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონში სულ 2 მილიონ 564 ათასი ლარი დაიხარჯა. არსებული ხარვეზების მიუხედავად, სამხარეო ადმინისტრაციაში პროგრამას მაინც დადებითად აფასებენ.

ის სამუშაოები, რაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გაკეთდა, იყო: სოფლის გზების, ბაღების, სკვერების რეაბილიტაცია, სასაფლაოების შემოღობვა, ხევების და ჭაბურღილების გაწმენდა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სტადიონების კეთილმოწყობა. ეს იყო ახალი პროგრამა. გამოცდილება მივიღეთ და, თუ რაიმე ხარვეზი იყო, მომავალში აუცილებლად გამოვასწორებთ~, _აცხადებს კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.

საბოლოოდ კი, 2009 წლის ბიუჯეტი კახეთში კვლავაც მესამე სექტორის კრიტიკის ობიექტი გახდა. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ელენე ჩხეიძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო პროცესებში ხალხის ჩართვა, ფაქტობრივად, არც 2009 წელს მომხდარა.

კახეთის რეგიონში სასმელი წყალი და გზები პრიორიტეტი 2010 წელსაც იქნება. ბიუჯეტის ხარჯვის ეფექტური შედეგის მისაღებად კი ადგილობრივ ხელისუფლებას რეკომენდაციას სტრატეგიული კვლევებისა განვითარების ცენტრი 2010 წელსაც მიაწვდის.
XS
SM
MD
LG