Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

100 მილიონის ტრანსფერი იმერეთს


2010 წელს იმერეთი ასი მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერს მიიღებს. თანხა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. გასულ კვირაში რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი იმერეთის თორმეტივე ქალაქისა და რაიონის პირველ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ის პროექტები განიხილეს, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ძირითადად, გზებისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. საჩხერის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის თქმით, მომავალ წელს მუხრან მაჭავარიანისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მიცემული პირობა შესრულდება და სოფელ არგვეთის მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს. ასევე სოფელ სხვიტორში გზა დაიგება.

ასმილიონიანი ტრანსფერის სოლიდური ნაწილი ქუთაისში დარჩება. დავით ტყეშელაშვილის თქმით, ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გაგრძელდება, დასრულდება კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის შენობების რეაბილიტაცია, დაიწყება პარლამენტის შენობის მშენებლობა.

იმერეთის ქალაქებსა და რაიონებში ბიუჯეტის პროექტების განხილვა მიმდინარეობს. კანონის თანახმად, საკრებულოებმა ბიუჯეტი 31დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.

რაც შეეხება ქუთაისს, როგორც საკრებულოში ამბობენ, ბიუჯეტის პროექტის განხილვა ქალაქის მერის თანამდებობიდან გადადგომის გამო შეფერხდა, თუმცა დეპუტატები იმასაც აცხადებენ, რომ ახალი მერის დანიშვნა და ბიუჯეტის დამტკიცება 31დეკემბრამდე მოხდება.

ქუთაისის ადგილობრივი შემოსავლები 28 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. ქალაქის ფინანსისტების თქმით, ხელფასების გარდა, ინფრასტრუქტურის განვითარება და სოციალური სფეროც დაფინანსდება.
XS
SM
MD
LG