Accessibility links

logo-print

"აირზენა" მოსკოვს ავიამიმოსვლის აღდგენის წინადადებით მიმართავს


”აირზენას” ბოინგ 737

”აირზენას” ბოინგ 737

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობების თანახმად, 26 დეკემბრიდან თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული ავიარეისები აღდგება. ამის თაობაზე საქართველომ თხოვნით მიმართა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, - იუწყება ამავე სამინისტროს პრესცენტრი. ირკვევა, რომ საახალწლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განახლების სურვილი ქართულმა კომპანია ”აირზენამ” გამოთქვა და რუსეთის სატრანსპორტო უწყებას სათანადო წერილი გაუგზავნა.

გაცხადდა, თითქოსდა ქართულმა მხარემ მიმართა ნებართვისთვის. ეს ასე არ არის. კერძო კომპანიამ მიმართა ნებართვისთვის
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობები, თითქოს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საქართველომ მიმართა თხოვნით, ოფიციალურმა თბილისმა უარყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, მოსკოვში ფრენების ნებართვა კერძო კომპანიამ ითხოვა:

”გაცხადდა, თითქოსდა ქართულმა მხარემ მიმართა ნებართვისთვის. ეს ასე არ არის. კერძო კომპანიამ მიმართა ნებართვისთვის. ალბათ, ამისთვის სპეციალური პროცედურები არსებობს, რის საფუძველზეც განიხილება საკითხი და ან მიიღებენ თანხმობას, ან არა. ხელისუფლება ამ პროცესში არ მონაწილეობს.”

კერძო კომპანია, რომელმაც მოსკოვში ჩარტერული ავიარეისების განხორციელების შესახებ წერილი გაგზავნა, ”აირზენა - ჯორჯიან აირვეისია”. კომპანიის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების განცხადებების შემდეგ მიიღეს.

”ავიაკომპანია „აირზენამ“ გადაწყვიტა მიემართა რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისათვის რეისების აღდგენის თაობაზე, კერძოდ, საშობაოდ და საახალწლოდ ჩარტერული რეისების აღდგენის შესახებ - 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, ყოველდღიურად. ასევე ვითხოვეთ რეგულარული რეისების აღდგენა 5 იანვრიდან, რაზეც პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ ვთვლით, რომ თუ ეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მორიგი პი-არ კამპანია არ არის, ჩვენ რეგულარულ რეისებზე მალე მივიღებთ ნებართვას.”

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ისინი „აირზენას“ მიმართვას განიხილავენ და უახლოეს დღეებში ოფიციალურ პასუხსაც აცნობებენ.

ერთი შეხედვით, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვსა და თბილისს შორის ავიარეისების განახლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ჩვენ არ დაგვიბლოკავს რუსეთთან მიმოსვლა, მათ დაბლოკეს. რაც თვითონ დაბლოკეს, თვითონ უნდა გახსნან
პირდაპირი ავიარეისების განხორციელება ნორმალური თემაა განხილვისა და მოგვარებისთვისო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ორიოდე კვირის წინ მედიაფორუმზე გამოსვლისას.

ოფიციალური თბილისი კი ადრეც ამბობდა და ახლაც აღნიშნავს, რომ არასოდეს არ ეწინააღმდეგებოდა საავიაციო მიმოსვლის განახლებას. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის კომენტარი:

”ჩვენ არ დაგვიბლოკავს რუსეთთან მიმოსვლა, მათ დაბლოკეს. რაც თვითონ დაბლოკეს, თვითონ უნდა გახსნან.”

მოსკოვმა საქართველოსთან საავიაციო ურთიერთობა პირველად 2006 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, როდესაც თბილისში, ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. ავიარეისების აღდგენა მხოლოდ 2008 წლის დასაწყისში მოხერხდა. ამავე წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა ისევ შეწყდა. დღემდე მგზავრები საქართველოდან რუსეთში საჰაერო ტრანსპორტით მოხვედრას მხოლოდ მესამე ქვეყნების გავლით ახერხებენ.
XS
SM
MD
LG