Accessibility links

რამდენად რეალურია ოპოზიციური ერთობა არჩევნებისთვის


ერთობის საჭიროება რიგი ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის დედაქალაქის მერის არჩევნებს უკავშირდება. საუბარია იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ემხრობიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის იდეას, თუმცა ჯერ ისევ ვერ ხერხდება საერთო პოზიციის გამოკვეთა და გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პრაიმერის საკითხიც, რომელმაც თბილისის მერის პოსტისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატი უნდა შეარჩიოს. რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?

ერთობა მეტ-ნაკლებად თვალშისაცემი იყო 21 დეკემბერს, როდესაც ქუთაისში, დიდების მემორიალის ნანგრევებთან გამართულ საპროტესტო აქციაში თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შესაძლოა, ყველა შემთხვევაში წარმოდგენილი არ იყვნენ უშუალოდ პირველი პირები, მაგრამ იყვნენ აქტიური ლიდერები და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გაგრძელება მოჰყვება ორშაბათს ქუთაისში ჩატარებულ აქციას და რამდენად პერმანენტულ სახეს მიიღებს ქუჩის აქციების პროცესი. ცნობილია, რომ ოპოზიციური სპექტრის არცთუ მცირე ნაწილი, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, სწორედ პროტესტის გაგრძელების გეგმას ემხრობა. მათ რიგებშია, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო”, მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” თუ ლეიბორისტული პარტია. ეს ფლანგი ბოიკოტს უცხადებს გაზაფხულის თვითმმართველობის არჩევნებს.

სხვები კი მეტ-ნაკლები აქტიურობით ემხრობიან არჩევნებში მონაწილეობის იდეას, თუმცა ჯერჯერობით ღიად რჩება დედაქალაქის მერის პოსტისთვის ბრძოლის გზაზე ძალების გაერთიანების თემა. აქვე გავიხსენოთ, რომ ამ ეტაპზე არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციას დასახელებული ჰყავს 5 კანდიდატი. ესენი არიან: ირაკლი ალასანია - „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი; ზვიად ძიძიგური - კონსერვატიული პარტიის ლიდერი, კობა დავითაშვილი - „ხალხის პარტიის“ ლიდერი, დავით იაკობიძე - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და ვალერი კვარაცხელია - ”ნეიტრალური პარტიიდან”. საკუთარი კანდიდატის სულ მალე დასახელებას გეგმავს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც.

არაერთი პარტია აცნობიერებს, რომ 30%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ერთიანი კანდიდატის გარეშე ოპოზიცია დედაქალაქის არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს.

მაგრამ როგორ უნდა გამოვლინდეს ეს ერთიანი კანდიდატი?

კონსერვატორებმა ოპოზიციონერ კოლეგებს პრაიმერის ჩატარება არაერთხელ შესთავაზეს და 27 ნოემბერს პრაიმერის სამუშაო ჯგუფმა საჯარო განხილვისთვის პროექტიც კი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც პრაიმერი მარტში უნდა გაიმართოს. იმ დღეს კონსერვატორმა კახა კუკავამ პროექტის ხელმოსაწერად სავარაუდო 2-კვირიანი ვადაც დაასახელა და თქვა, რომ ”კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან მიმდინარეობს.”

კახა კუკავას მიერ დასახელებული ვადებით თუ ვიმსჯელებთ, პრაიმერთან დაკავშირებული პროექტი დაახლოებით 10 დღის ხელმოწერილი მაინც უნდა იყოს. მაგრამ ეს არ მომხდარა. ხოლო თუკი, მაგალითად, გაერთიანებაში ”ალიანსი საქართველოსთვის” შემავალი პარტიის, ალასანიას ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების”, გენერალურ მდივანს ზურაბ აბაშიძეს მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ პარტიას პრაიმერის თემა არცთუ პერსპექტიულად მიაჩნია.

”ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს... მიგვაჩნია, რომ ძალიან ბევრი საფრთხეა პრაიმერის ჩატარებასთან დაკავშირებით და რეალურად ამის უზრუნველყოფასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით ამის პერსპექტივას ვერ ვხედავთ, რომ კარგად ჩატარდეს და... ” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ აბაშიძემ.

პრაიმერის იდეაში სერიოზულ პრობლემებს ხედავს „ალიანსში“ შემავალი სხვა ორი პოლიტიკური ძალაც - რესპუბლიკელები და ახალი მემარჯვენეები. იდეას არც საპარლამენტო ოპოზიციური პარტია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - იზიარებს.

კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, კონსერვატიული პარტია დარწმუნებით აცხადებს, რომ პრაიმერი აუცილებლად ჩატარდება და რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პრაიმერის შედეგად გამოვლენილი ერთიანი კანდიდატი. პარტიის ვებგვერდზე 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხუთშაბათს გაიმართება პრაიმერის ”ინიციატორი პარტიების ერთობლივი პრეზენტაცია და გამოქვეყნდება საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა.” განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი პარტიები ერთიანდებიან პრაიმერის იდეის გარშემო, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სულ მცირე, ესენია: ძიძიგურის კონსერვატიული პარტია, დავითაშვილის „ხალხის პარტია“ და ნოღაიდელის ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ეს ის პარტიებია, რომლებიც ერთიანდებოდნენ პრაიმერის სამუშაო ჯგუფში.

კონსერვატიული პარტია უარყოფს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია პრაიმერის ჩატარებასაც გადაიფიქრებს და ზვიად ძიძიგურის კანდიდატურასაც მოხსნის, თუ ალასანიას გუნდთან ცალკეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწევს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, კონსერვატორები, ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარისა და საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტების გარანტირებას ითხოვენ. ინფორმაციას ფარული პოლიტიკური ვაჭრობის შესახებ აბსურდს უწოდებენ ალასანიას „ალიანსშიც“.
XS
SM
MD
LG