Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 22 დეკემბერი 2009


რუსეთის პრესა წერს ქუთაისში 19 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიისა და რუსი ჯარისკაცის მიერ სამხედრო ნაწილის დატოვების შესახებ.

”მსხვერპლშეწირვა დაბადების დღისთვის”, ”მომაკვდინებელმა აფეთქებამ ოპოზიცია გააღვიძა”, ”აფეთქება ქუთაისში ”ხმამაღალი” არ გამოდგა”, ”დიდებააყრილმა ადამიანებმა თავიანთი მამების დიდება ააფეთქეს”, ”ქუთაისში საბჭოთა მეომრებისთვის მიძღვნილი ძეგლის რესტავრაცია აფეთქებით მოხდა” - ასეთია რუსეთის პრესაში ქუთაისში მომხდარის შესახებ არსებული პუბლიკაციების სათაურები.

”ვრემია ნოვოსტეი” წერს: ”ქართული მედია ვარაუდობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი 42-ე დაბადების დღეს თბილისიდან დაახლოებით 240 კილომეტრში მდებარე ქუთაისში აღნიშნავდა. აქ, ბაგრატის ძველ ტაძარში, 2008 წლის იანვარში პოსტზე მეორედ არჩევის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ფიცი დადო. ამასთან, 21 დეკემბერს ქუთაისში კიდევ ერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, თუმცა ის დაგეგმილზე ორი დღით ადრე მოხდა და ტრაგედიით დასრულდა”. ”ვრემია ნოვოსტეის” ეს პუბლიკაცია ქართველი ასტროლოგის მიხეილ ცაგარელის ციტატებით მთავრდება, სადაც ის 21 დეკემბრის ასტროლოგიურ მნიშვნელობაზე ესაუბრება გაზეთის კორესპონდენტს.

”ნეზავისიმაია გაზეტას” კორესპონდენტი ქუთაისის ტრაგედიაზე წერს სტატიას და ცხინვალის მიერ ქართველი მოზარდების გათავისუფლებითა და ამ საქმეში ზურაბ ნოღაიდელის წვლილზე მსჯელობით ასრულებს. სტატია ასე მთავრდება: ”ბოლო მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვმა მრავალი ქართველი ოპოზიციონერიდან ფსონის დადება ზურაბ ნოღაიდელზე გადაწყვიტა, რომელმაც მოზარდების გათავისუფლების შემდეგ, ქართული საზოგადოების სიმპათიის მოპოვების თვალსაზრისით, სერიოზულ წარმატებას მიაღწია. თავად ექს-პრემიერმა სცენარის განვითარების პროგნოზირებისას დამაჯერებლად განაცხადა, რომ ”2010 წლის გაზაფხულზე შეიძლება სააკაშვილის წასვლის მოლოდინის ქონა”, ”რუსეთთან დიალოგის დამყარება კი ახლავეა საჭირო”.

დღევანდელი ”კომერსანტი” წერს: ”დღეს ქუთაისში მანანა ჯინჭარაძესა და მის რვა წლის ქალიშვილს დაკრძალავენ, რომლებიც სამხედრო დიდების მემორიალის დანგრევისას დაიღუპნენ. წინა დღით ქალაქში ჩასული ოპოზიციის ლიდერები ამასთან დაკავშირებით მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა მათი გათვლა არ გამართლდა: გუშინ ქუთაისელებმა პატივი მიაგეს დაღუპულებს, ოპოზიციის პოლიტიკური აქცია კი მცირერიცხოვანი იყო.”

”იზვესტიას” კორესპონდენტი წერს, რომ 19 დეკემბერს პროსამთავრობო სატელევიზიო არხები ერთმანეთს ასწრებდნენ იმის გამოცხადებას, რომ ”მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა დანიაში ვიზიტი და საქართველოში დაბრუნდა. მასობრივი ინფორმაციის ლოიალურ საშუალებებს არ უთქვამთ, რომ იმ დროისთვის გაეროს კონფერენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ დასრულებული იყო.”

რაც შეეხება რუსი სამხედროს - ვიტალი ხრიპუნის - ისტორიას, არაერთი გაზეთი იყენებს სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ხრიპუნი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარში მსახურობდა, სამხრეთ ოსეთის სოფელ სინაგურში, სადაც მან სულ 11 დღე იმსახურა, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვდა. ის მურმანსკში ცხოვრობდა. არის 25 წლის. ჰყავს დედა და და. ”რია ნოვოსტის” ცნობით, ხრიპუნმა გაქცევის მიზეზად ხელმძღვანელობასთან უთანხმოება დაასახელა. ”ისეთი ბრძანებები გაიცემა, განსაკუთრებით ძეგლის (”დიდების მემორიალის”) დანგრევის შემდეგ, რომლებიც როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხის ღირსებას ლახავს”, - უთქვამს ხრიპუნს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ”რია ნოვოსტის” კორესპონდენტთან საუბრისას.

”კომერსანტს” სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელმა უთხრა, რომ ვიტალი ხრიპუნი კონტრაქტით მსახურობდა რუსეთის სასაზღვრო ძალებში. ”ის კვირა საღამოს წავიდა, მთვრალი და იარაღით. რუსეთში, სადაც მას დეზერტირობისთვის პასუხისგება ელის, საეჭვოა დაბრუნდეს. ალბათ, ქართულ ტელეარხებზე დაიწყებს გამოსვლას.”

დასასრულ, კიდევ ერთი პუბლიკაციის შესახებ: ”გაზეტა.რუ”-ზე დღეს ნახავთ ვრცელ ინტერვიუს ლევან პირველთან, რომელიც წარმოდგენილია როგორც ევროპაში ქართული ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ინტერვიუს სათაურია: ”რუსეთი კავკასიისა და კავკასიის მიმართ პოლიტიკის გარეშე რუსეთი არ არის”. ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვაა: ”ვინ არის ახლა ოკუპანტი საქართველოში?”. ლევან პირველის პასუხი: ”საქართველოში ხედავენ, რომ ტერიტორიის 20% რუსეთის ჯარის მიერ არის ოკუპირებული, დანარჩენი 80% - ამერიკელების მიერ. შეერთებული შტატები დაპყრობის რბილი მეთოდით მოქმედებს. საქართველოში არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი - ეროვნული ბანკიდან და თავდაცვის სამინისტროდან დაწყებული, საქველმოქმედო, დემოკრატიული და არადემოკრატიული ორგანიზაციებით დამთავრებული, სადაც ამერიკელი ხელმძღვანელები არ ისხდნენ. ისინი ინსტრუქტორები არ არიან, არამედ სწორედაც ხელმძღვანელები, რომლებიც მეორეხარისხოვან როლში არიან, რეალურად კი ყველაფერს მართავენ. ისინი მართავენ ყველას - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც”, - ამბობს ლევან პირველი, რომელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ინტერნეტ-გამოცემა ”გაზეტა.რუ”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG