Accessibility links

logo-print
22 დეკემბერს ალმა-ათის საავადმყოფოში გარდაიცვალა ყირგიზი ჟურნალისტი გენადი პავლიუკი, რომელიც ერთი კვირის წინ მრავალსართულიანი შენობიდან ხელფეხშეკრული გადმოაგდეს. გენადი პავლიუკი მუშაობდა გაზეთებში “არგუმენტი ი ფაქტი” და “კომსომოლსკაია პრავდა” და რიგ ქსელურ პროექტებს ახორციელებდა ყირგიზეთში. გარდაცვლილის ახლობლები და კოლეგები ჟურნალისტის მკვლელობას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.

ყირგიზეთის ცნობილი სამართალდამცველები და დისიდენტები შეძრა ცნობამ ცნობილი ყირგიზი ჟურნალისტის, გენადი პავლიუკის, გარდაცვალების შესახებ. 40 წლის ჟურნალისტი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში მას შემდეგ, რაც იგი გადმოგდებული იპოვეს 16 დეკემბერს ალმა-ათაში. გამოძიება მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, თუმცა მოტივს არ ასახელებს. Gგარდაცვლილი ჟურნალისტის ახლობლები კი მკვლელობას გენადი პავლიუკის ჟურნალისტურ მოღვაწეობას უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ ეს არის შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე. როგორც ვარაუდობენ, გენადი პავლიუკი აპირებდა წერილების ციკლი გამოექვეყნებინა საინტერნეტო გამოცემა ატამეკენ.კგ-ში, რომელიც ამავე სახელწოდებით მოქმედი ყირგიზული ოპოზიციური პარტიის “ატა-მეკენის” საინფორმაციო ორგანოა. მურბეკ ტეკებაევი, პარტია “ატა-მეკენის” ლიდერი, ადასტურებს, რომ ასეთი პუბლიკაციების გამოქვეყნება ნამდვილად იგეგმებოდა. ტეკებაევმა ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა:

“ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ეს კიდევ ერთი თავდასხმაა, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვის გამოხატვის ჩახშობას ყირგიზეთში.”

როგორც ტეკებაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში გენადი პავლიუკმა რამდენიმე პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც აკრიტიკებდა ყირგიზეთის დღევანდელ ხელისუფლებას და განმარტავდა, თუ რას წარმოადგენს, სინამდვილეში, ყირგიზეთის მიმდინარე რეფორმების არსი. მისი თქმით, ჟურნალისტი ყაზახეთში სწორედ იმიტომ გაიტყუეს, რომ იქ ეძიათ შური. გამოძიება კი ჯერჯერობით არაფერს ამბობს ჟურნალისტზე თავდასხმის მოტივზე, რაც გახდა კიდეც გენადი პავლიუკის სიკვდილის მიზეზი.

უფლებადამცველებმა ყირგიზეთის მთავრობა ბოლო ხანს არაერთხელ გააკრიტიკეს ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ აქტივისტებზე ზეწოლის გამო. ასეთი პრობლემის არსებობა ქვეყანაში ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ილიმ კარიფბეკოვმაც დაადასტურა რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

“თქვენ მართალი ხართ. ამ ბოლო ხანებში ძალის გამოყენება ჟურნალისტების წინააღმდეგ გაიზარდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში. ეს ძალიან სამწუხაროა. მაგრამ თუ ჩვენ პოლიციის მოქმედების მიხედვით ვიმსჯელებთ, მათი მოქმედება ყოველთვის შეიძლება არ იყოს წარმატებული, მაგრამ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა გამოიძიონ მსგავსი ფაქტები.”

2006 წლის განმავლობაში ყირგიზეთში 60-ჯერ დაესხნენ თავს ჟურნალისტებს. 2007-2009 წლებში ყირგიზეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტები ალიშერ საიპოვი და ალმაზ ტაშიევი მოკლეს, დაახლოებით 6 ჟურნალისტი კი იძულებული გახდა დაეტოვებინა ყირგიზეთი და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა.
XS
SM
MD
LG